სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს სამუდამო პატიმრობა განესაზღვრა. კობაურისთვის სასჯელის ზომის გამოცხადებისას ბრალდებულის დედა და დეიდა შეუძლოდ გახდნენ, რის გამოც გორის რაიონულ სასამართლოში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ექიმებმა მალხაზ კობაურის დედა და დეიდა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გორის სასამართლოში მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადებამდე, ორშაბათს, გვიან ღამით ნაფიცმა მსაჯულებმა სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს.
სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა.
„გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურებისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებული მალხაზ კობაური ერთხმად სცნო დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“, მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
ბრალდების მხარემ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ სასამართლო სხდომებზე ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები გამოიკვლია. დაიკითხა ათობით მოწმე, გამოკვლეული იქნა დოკუმენტალური და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის მკვლელობის იარაღი - სანადირო თოფი, რომელზეც მსხვერპლის და ბრალდებულის დნმ იქნა აღმოჩენილი.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 ივლისს, შუადღის საათებში, მალხაზ კობაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი გასროლით მოკლა რ.ს., რის შემდეგაც იარაღი თავზე მიაბჯინა მის 4 წლის შვილს ქ.ს.-ს და ისე გაისროლა მისი მიმართულებით. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემდგომ, მან ძალადობის გზით სექსუალური კონტაქტი დაამყარა ლ.ს.-სთან, ხოლო შემდეგ წყალში დაახრჩო. მომხდარიდან რამდენიმე დღეში სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე სამართალდამცავებმა მალხაზ კობაური დააკავეს. დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ მალხაზ კობაური დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ შეუფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა“, აღნიშნულია პროკუტატურის ინფორმაციაში.
ცნობილი იყო, რომ ბრალდების მხარე სასჯელის დანიშვნის სხდომაზე მხარს უვადო თავისუფლების აღკვეთას დაუჭერდა. „ვინაიდან ჩადენილია უმძიმესი დანაშაული, მოკლულია სამი ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვი, მოტივი ამ დანაშაულის არის შეუწყნარებელი და გაუგონარი, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ერთადერთი სამართლიანი სასჯელი იქნება უვადო თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის დანიშვნის სხდომაზე ჩვენ მხარს დავუჭერთ უვადო თავისუფლების აღკვეთას”,- განაცხადა საქმის პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.