საქართველოში ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის ძალების მეთაური, ადმირალი ჰააკონ ბრუნ-ჰანსენი პირველ ოფიციალურ ვიზიტად იმყოფება. ნორვეგიელ ადმირალს მასპინძლობას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია უწევს. გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე საზეიმო დახვედრისა და შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერის დატოვების შემდეგ, ქართველმა და ნორვეგიელმა კოლეგებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს.
ადმირალმა ჰააკონ ბრუნ-ჰანსენმა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ნორვეგიის ურყევი მხარდაჭერა გამოხატა. მან მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში, საქართველოს კონტრიბუცია და ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი ხაზგასმით აღნიშნა.
გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილეს და იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ნორვეგიული მხარის მიერ გაწეულ მხარდაჭერაზე საუბრისას, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარების პროცესში ნორვეგიული მხარის უდიდესი წვლილი, ასევე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში ნორვეგიის ჩართულობა გაიხსენა და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ნორვეგიელი ექსპერტების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.
შეხვედრაზე სამხედრო განათლებასთან, ერთობლივ სამხედრო წვრთნებთან, სპეციალური ოპერაციების ძალებთან, ტოტალური თავდაცვისა კონცეფციასთან და რეზერვისა და მობილიზაციის სისტემასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს.
საქართველოში ვიზიტის განმავლობაში ნორვეგიის თავდაცვის ძალების მეთაური, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ესტუმრება და „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის საჩვენებელ დღეს დაესწრება.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.