თერჯოლის გამგებელი თემურ ჯაფარიძე: ვახსენებთ ხალხს, რომ 41 დაგპირდათ და 41 გაგიკეთებთ ყველაფერს
31-07-2015, 09:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ატეკიდან“ დაწყებული კარიერა, რომელიც თბილისის ცირკის დირექტორობით, საქართველოს პარლამენტის წევრობით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებით და თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლობით გაგრძელდა - ეს არის თემურ ჯაფარიძის მოკლე ავტო-ბიოგრაფია.

 

რა განცდა შეუქმნა იმ ხანად სამსახურის გარეშე მყოფ თემურ ჯაფარიძეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, რას დაჰპირდა თერჯოლელებს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამგებლის პოსტზე კენჭისყრისას და შეასრულა თუ ვერა დანაპირები „ქართულმა ოცნებამ“, აპირებს თუ არა მომავალში ისევ დაუბრუნდეს საპარლამენტო ცხოვრებას, რატომ მოსწყდა ოჯახს და რამ მიაღებინა თბილისიდან თერჯოლაში საცხოვრებლად გადასვლის გადაწყვეტილება, რა მნიშვნელობას ანიჭებს სიმბოლოებს და რა დატვირთვას აძლევს „ქართული ოცნების“ საარჩევნო ნომერს -41 -ს, ამას მასთან ჩაწერილი ინტერვიუდან შეიტყობთ.

 

 ბატონო თემურ, პირველ რიგში დიდ მადლობას მოგახსენებთ ინტერვიუზე თანხმობისა და დროის გამონახვისთვის. გვაინტერესებს, რა გზა განვლეთ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლობამდე და როგორ შეაფასებდით განვლილ ერთ წელს? რა შეძელით და რა ვერ შეძელით ამ ერთი წლის განმავლობაში?

 

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ვიმუშავე მეშვიდე სამგზავრო „ატეკაში“, შემდეგ 1984 წლიდან ვიყავი თბილისის ცირკის დირექტორის მოადგილე, მოგვიანებით 1990 წელს დავინიშნე დირექტორად, სადაც საკმაო პერიოდი დავყავი. ასევე 1999 წელს კენჭი ვიყარე მაჟორიტარ დეპუტატად და საქართველოს პარლამენტის წევრი გავხდი. შემდეგ 2005-07 წლებში ვმუშაობდი ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსად. 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ ზემო იმერეთის კოორდინატორი ვიყავი და 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში მონაწილეობა მივიღე თერჯოლის რაიონში გამგებლის ასე ვთქვათ ვაკანსიაზე და ამირჩიეს და გავხდი თერჯოლის რაიონის გამგებელი.

რაც შეეხება შეფასებას,  ამ ერთი წლის განმავლობაში რაზეც ხელი მიგვიწვდებოდა და რისი საშუალებაც იყო ბიუჯეტის პირობებში,  ძალიან ბევრი რამე გაკეთდა. გუშინაც იყო რეგიონული თათბირი და ყველა პარამეტრით ჯერჯერობით პირველ ადგილზე ვართ თერჯოლის მუნიციპალიტეტი, საბიუჯეტო შესრულებებითაც და ინფრასტრუქტურული პროექტების მხრივაც.

 

temur jafaridze 2

 

თქვენ 2014 წლის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადეთ - წავიკითხავ ციტატას,  "ჩვენი გუნდის არჩევის შემთხვევაში, ჩვენ უნდა განვახორციელოთ ბევრი სასიკეთო პროექტი და 6 თვეში უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ის, რაც თერჯოლას მთელი 17 წლის მანძილზე აკლდა“, ასევე თქვით, ისევ ამოვიკითხავ ციტატატას, რომ თერჯოლაში უნდა „დამარცხდეს ის კლანი და ადამიანები, რომლებიც 17 წლის განმავლობაში წურბელებივით ასხდნენ რაიონს და სისხლს წოვდნენ“ - ვინ გყავდათ კონკრეტულად მხედველობაში ამ განცხადების გაკეთებისას და რამდენად შეძელით აღნიშნული კლანის ჩამოცილება თერჯოლის მმართველობის სადავეებიდან?

 

ნუ, ეს რა თქმა უნდა იყო წინა ხელისუფლება, რომელიც სოფლებისთვის და რაიონებისთვის არაფერს არ აკეთებდა, სოფლებში საერთოდ არაფერი არ იყო გაკეთებული, არა გზა, არა წყალი, არაფერი... მაგათი პრეროგატივა იყო ქალაქი თბილისი და ქალაქი ბათუმი. სხვაგან არც იხედებოდნენ არსად. მიხარია რომ 6 თვეში შევძელით მართლა ძალიან ბევი რამის გაკეთება. მე ვთქვი რომ 6 თვეში იმერეთში ერთ-ერთი მოწინავე რაიონი იქნება თერჯოლის რაიონი-თქო და მართლაც ასეა. ჯერჯერობით არ ვთმობ და არც დავთმობ არაფერს, მივდივართ  წინ.

 

რა არის თერჯოლის ეკონომიკური პოტენციალი და რამდენად ხდება მისი ათვისება ამ ეტაპზე? 

 

ეკონომიური პოტენციალი თერჯოლას ძალიან ცოტა კი არა, თითქმის არ გააჩნია, არაფერი არ მუშაობს. რაც თერჯოლას გააჩნია,  საწარმოები, კოოპერატივები და ასე შემდეგ, მარტო ტერიტორიაა და რაღაც გადასახადები შემოდის, მაგრამ ამ წლების განმავლობაში რაც გადაუხდელი იყო, დაახლოებით მილიონი ლარი ამოღებულია და ამ თანხებით ვაკეთებთ ბევრ რამეს. არაფერი არ მუშაობს სამწუხაროდ. ერთადერთი, ეს გლეხები მისჩერებიან ამ სოფლის მეურნეობას და ესეც ამინდზეა დამოკიდებული. აქამდე თითქოს კარგი პირი უჩანდა, მაგრამ ისეთი გვალვები წავიდა, ვენახმაც დაიწყო გაფუჭება და სასოფლო სამეურნეო პროდუქტმაც. თუ ასე გაგრძელდა,  შეიძლება შარშანდელივით ნახევრად მშიერი დარჩეს თერჯოლის რაიონი. 

 

ამა წლის მარტში, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ თერჯოლიდან საზღვარგარეთ წასული ის ადამიანები, რომლებიც წარმატებით საქმიანობენ ამა თუ იმ ქვეყანაში, მშობლიური კუთხის დახმარების სურვილს გამოხატავენ. არის თუ არა მათი მხრიდან ამ პერიოდში რაიმე კონკრეტული ინციატივა გაჟღერებული?

 

ძალიან დიდი სურვილი გამოთქვეს, გვქონდა რამდენიმე პიროვნებასთან შეხვედრა, თითქმის მზად გვაქვს ფონდი, რომელიც მათ შემოგვთავაზეს, ერთადერთი მე მათ ვთხოვე თავიანთი წარმომადგენელი  ჩააყენონ ამ ფონდის სათავეში, რომ თავიანთმა ხალხმა მიაქციონ ყურადღება, მე არ მქონდეს შეხება, მე დავეხმარები ყველანაირად მათ.

 

temur jafaridze 3

 

იღებთ და იზიარებთ თუ არა სხვადასხვა სფეროში, განვითარებული უცხო ქვეყნების გამოცდილებებს. რომელიმე ქვეყნის რეგიონთან ან ქალაქთან თუ გაქვთ ეკონომიკური ან სხვა სახის ურთიერთობები ან მივლინებით თუ დადიხართ საზღვარგარეთ და რა კონკრეტული მისიით? 

 

სამწუხაროდ ჯერჯერობით ამის საშუალებები არ გაგვაჩნია. ჩვენ გვინდოდა ერთ ერთ ქალაქთან სლოვაკიაში დაძმობილება, ქალაქთან, რომელიც არის მეღვინეობის რაიონი, თითქმის უკვე მოლაპარაკებულები ვიყავით, უნდა გაფორმებულიყო დაძმობილების ხელშეკრულება, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან დიდ ფინანსებთან იყო ეს დაკავშირებული და ამ ეტაპზე ამის ფინანსები ვერ გამოვძებნეთ. ეს საკითხი ღიად არის დატოვებული, ვცდილობთ ფინანსები მოვიძიოთ, რათა ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.

 

რამდენადაც ვიცი გამგებლად არჩევამდე თბილისში ცხოვრობდით და მუშაობდით. რატომ გადაწყვიტეთ თერჯოლაში წასვლა?

 

თერჯოლაში წასვლა გადავწყვიტე იმიტომ რომ, თქვენ იცით, რომ მე ვარ იმ გუნდის წევრი, რასაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. ესე ჩათვალა გუნდმა  რომ მე აქ ვიყავი საჭირო და ამიტომ უარი არ ვთქვი და გუნდური პრინციპით მივიღე ეს გადაწყვეტილება.

 

ვისი ინიციატივა იყო თქვენი გამგებლად წარდგენა? ვგულისხმობ იმას, თუ კონკრეტულად რომელი პოლიტიკური დაჯგუფება ლობირებდა თქვენს კანდიდატურას პოლიტიკურად მრავალფეროვანი კოალიციიდან? მოკლედ რომ ვთქვათ, თერჯოლის გამგებლობის მსურველი ბევრი იყო, არჩევანი კი თქვენზე შეჩერდა. რატომ? 

 

პარტიის, პარტიის  გადაწყვეტილება იყო ასეთი, ძალიან დიდი შეხება მქონდა თერჯოლის რაიონთან, ბევრი ჩართულობა მქონდა თერჯოლის რაიონში და რახან ასე დაწვრილებით ვიცოდი ყველაფერი აქაური, გადაწყდა ასე.

 

ბატონო თემურ, რა გამოცდილება შეიძინეთ ამ ერთი წლის განმავლობაში ისეთი, რაც შეიძლება გამგებლის პოსტზე მუშაობის გარეშე ვერ მიგეღოთ?

 

ასეთი ძალიან ბევრია იცით? როცა ძირფესვიანად ჩახედავ რაიონის სოციალურ პრობლემებს, ამდენი სოციალურად დაუცველი ფენაა, ნამდვილად არ მქონია მე შეხება ამდენ პრობლემებთან და რა თქმა უნდა ამან ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა.

მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე ხომ არ ფიქრობთ?

 

არა, არა, არა. მე ერთხელ უკვე ვიყავი პარლამენტარი. ყოველ შემთხვევაში მე ამის სურვილი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ თუ რამეს დამავალებს პარტია, ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი გუნდი, მე მზად ვარ გვერდში დავუდგე, ისე როგორც ვედექი და დღემდე ვუდგავარ. ვთვლი, რომ კეთილსინდისიერად ვასრულებ დაკისრებულ მოვალეობებს. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს კოალიცია „ქართული ოცნება“ და გუნდი, მე დავემორჩილები. ამჯერადაც დათმობაზე წავედი, ოჯახი დავტოვე თბილისში და აქ წამოვედი, და რატომ წამოვედი? მხოლოდ იმისათვის, რომ ვემსახურო ქვეყანას იქ, სადაც ვჭირდები.

 

თუ გაიხსენებთ, რა რეაქცია გქონდათ როცა 2011 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ პირველი განცხადება გააკეთა? თქვენ რას საქმიანობდით მაშინ და როდიდან შეუერთდით „ქართულ ოცნებას“?

 

იმ ეტაპზე მე გახლდით უმუშევარი, სახლში ვიყავი. ჩემთვის უცხო არ იყო, რომ ბატონი ბიძინა ამას აპირებდა, ძალიან დიდი სიხარულით მივიღე ეს ინფორმაცია. რომ გითხრათ იმ დღიდანვე შევუერთდი-თქო, არა, მაგრამ მალევე გავწევრიანდი „ქართული ოცნების“ რიგებში და ვიყავი ჩართული ყველა პროცესში, რაც ხდებოდა საქართველოში.

 

temur jafaridze 4

 

როგორ ფიქრობთ, რამდენად შესრულდა ან სრულდება „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირებები? იქნებ კონკრეტული მაგალითები ჩამოთვალოთ, რა შესრულდა და რა ვერ შესრულდა.

 

სამწუხაროდ, შეიძლება ბევრი რამე ვერ შესრულდა, მაგრამ ბევრიც შესრულდა. ჩვენ ხალხს დავპირდით, რომ საყოფაცხოვრებო პირობებს შევუქმნიდით და გავაუმჯობესებდით. აი, მაგალითად, ახლა გაზიფიკაცია მთავრდება თერჯოლის მუნიციპალიტეტში. აქ იყო სოფლები, სადაც წლებია ოჯახებს წყალი საერთოდ არ ჰქონდათ.  თვითონ ქალაქ თერჯოლაშიც ძალიან დიდი დეფიციტი იყო სასმელი წყლის და ახლა 1 მილიონ 600 ათასი ლარის ღირებულების პროექტი ხორციელდება, რეაბილიტაცია ხდება მთლიანად თერჯოლის წყალ-კანალის. მაგალითად, დღეს იყო ასეთი შემთხვევა, დილით კაცი იყო მოსული გამგეობაში და მადლობა გადაგვიხადა, არჩევნების წინ დაგვპირდით, რომ წყალს გაგიკეთებთო და ეს პირობა შეასრულეთო (იღიმის).  4-5 თვეა უკვე წყალი მიეწოდება სოფლებს. რასაც ჩვენი ბიუჯეტი სწვდება, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის რომ ხალხმა შვება იგრძნოს.

 

ბატონო თემურ, ერთი ასეთი შეკითხვა მინდა დაგისვათ: რა მნიშვნელობას ანიჭებთ სიმბოლოებს. თქვენი ტელეფონის ნომერი ორი 41 -ისგან შედგება, ასევე თქვენი ავტომანქანის ნომერშიც რიცხვი 41 ფიგურირებს, 41 კი „ქართული ოცნების“ საარჩევნო ნომერია. სპეციალურად აარჩიეთ ეს ნომრები თუ ჩვეულებრივ დამთხვევაა?

 

41 არის ჩვენი კოალიციის ნომერი და რა თქმა უნდა ამაში გარკვეული მიზანიც არის. ჩვენ არ ვიმალებით, ვართ 41 ნომერი და დაპირებებს ვასრულებთ.  ვახსენებთ ხალხს, რომ 41 დაგპირდათ და 41 გაგიკეთებთ ყველაფერს.

 

 

ნათია მელქაძე

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი