ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული მეტროს შახტის რეაბილიტაცია დაიწყო
25-04-2019, 15:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაჟა-ფშაველას გამზირის N83-ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე არსებული მეტროს 50-ე შახტის რეაბილიტაცია დაიწყო. ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსთან, გალაქტიონ ბუაძესთან ერთად იმყოფებოდა.

 

 

კახა კალაძის განცხადებით, შახტი იქვე არსებულ გზაგამყოფ ზოლში გადავა და მოწესრიგდება, ძველი შახტის ადგილზე კი საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება.



„გზის სავალ ნაწილზე შახტის არსებობა სერიოზული პრობლემა იყო, პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც ამ გზით სარგებლობს. დაახლოებით, 20-25 წელია, აღნიშნული ტერიტორია ამ მდგომარეობაშია. გვინდა, მეტროს შახტი მოვაწესრიგოთ და საავტომობილო გზა გაიხსნას, რათა მძღოლებმა შეუფერხებლად იმოძრაონ. გარდა ამისა, ამ ადგილზე შახტის არსებობა ფეხითმოსიარულეთათვისაც პრობლემას წარმოადგენს. პრობლემას დაახლოებით, სამ თვეში მოვაგვარებთ. შახტს გადაიტანენ აქვე, გზაგამყოფ ზოლში, რომ მოძრაობას ხელი არ შეეშალოს. ამის შემდეგ გამყოფი ზოლი გამწვანდება, სავალი გზა კი ყველანაირად მოწესრიგდება“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის განმარტებით, შახტის გადატანით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებასთან დაკავშირებით ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა გადაიჭრება.

 


„სავენტილაციო შახტი დაახლოებით, შვიდი მეტრი დიამეტრისა და 36 მეტრი სიღრმისაა. მისი მეშვეობით გვირაბების ვენტილაცია-განიავება ხდება. შახტი იმ ადგილზეა განთავსებული, სადაც გზა უნდა გადიოდეს. შახტი გამწვანების თარგის ტერიტორიაზე გადავა და იგი ფუნქციონირებას სრულად განაგრძობს. აღნიშნულის შედეგად შევძლებთ, ტერიტორიაზე მოძრაობა აღვადგინოთ, სადაც ათწლეულების განმავლობაში, მოსახლეობას დაბრკოლების გამო, შემოვლა უწევდა“, განაცხადა გალაქტიონ ბუაძემ.

 

 

ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებლად გადაადგილებისთვის მოცემული შახტის გზაგამყოფ ზოლში გადატანა და გადახურვაა საჭირო, რათა მან ფუნქცია არ დაკარგოს. სამუშაოები ასევე, მოცემულ ობიექტზე არსებული უფუნქციო შენობა-ნაგებობებისა და ლითონის ღობის დემონტაჟს გულისხმობს.

 

 

პარალელურად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის არსებულ საფარს, მოეწყობა ტროტუარები ახალი ბორდიურით, ლითონის მოაჯირები, ლითონის ცხაურები ხეებისთვის და სანიაღვრე სისტემა.

 

 

სამუშაოების ღირებულება, რომელსაც შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ შეასრულებს, 1 084 675 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები სამი თვე გაგრძელდება.

 

 

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბირბიჩაძე იმყოფებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი