სამწუხაროდ, ყოველთვის იყვნენ და ახლა, მითუმეტეს, მრავლად არიან კადნიერნი, რომელნიც უარყოფენ ღვთის არსებობას, ან შემოქმედს სამართალს უწუნებენ და მიაჩნიათ, რომ თვითონ უნდა შექმნან ახალი რეალობა, ახალი სამყარო, ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.
უწმინდესისა და უნეტარესის თქმით, „ათეისტური სულისკვეთების მქონენი ეყრდნობიან თავის გონებას და იმ მონაცემებს, რისი შეცნობის საშუალებასაც ჩვენი გრძნობის ხუთი ორგანო იძლევა; მათ არ იციან და არც სურთ იცოდნენ რაიმე ადამიანის ბუნების საუკეთესო და ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე, _ სულიერ ცხოვრებაზე. მათთვის სიტყვა ,,ცოდვა“, ,,განწმენდა-კათარზისი“, ისეთივე გაუგებარია, როგორც ,,თავმდაბლობა“ ან ,,სინანულის განცდა“. ასეთთა შორის, როგორც წესი, სხეული და მიწა ბატონობს და არა ზეცა და სული".
„ჯერ კიდევ ბრძენი სოკრატე ამგვარ კითხვას სვამდა ურწმუნოთა მიმართ: ,,თუ გონება და გრძნობა ტვინის თვისებად მიგაჩნიათ, მაშ რატომ აღარ მოქმედებს ეს უნარი სიკვდილის შემდეგ, ტვინი ხომ ისევ ადგილზე აქვს გარდაცვლილს”? და დასძენდა: ,,როგორც სულს ვერ ვხედავთ და არსებობს, ასევე ღმერთს ვერ ვხედავთ და არსებობს.
როგორც უსულოდ არ არსებობს სხეულის სიცოცხლე, ასევე უღმერთოდ, _ საერთოდ ცხოვრება.”
რა თქმა უნდა, შეიძლება იცხოვრო ქრისტეს გარეშე, მისი სწავლების გარეშე, აქციო შენი თავი ვნებების სათარეშოდ, მაგრამ სიკვდილს ვერ დაემალები და ვერც საშინელ სამსჯავროს გადურჩები.
გარდაცვალება წერტილს უსვამს ჩვენს ყველა მიწიერ ოცნებასა და წარმავალ სურვილს; სიკვდილით აზრს კარგავს ყველაფერი, რაც ასე გვიყვარდა და შევნატროდით, ან რაც გვძულდა და სასიკვდილოდაც გვემეტებოდა. სამარესთან ამსოფლურ საცდურთა ნიღბები ცვივა და მწარე რეალობა დგება.
დღეს, როდესაც მსოფლიოში ათეისტური ტალღა გაძლიერდა და მისი გავლენა ჩვენს ქვეყანაშიც იგრძნობა, თვალნათელი გახდა, როგორ დეგრადირდება ადამიანი უფლის გარეშე, როგორ ადვილად გადაგვარებადია იგი, როგორი უგუნური და თვითგანადგურებისაკენ მიდრეკილი ხდება ის.
ბოროტი ძალა, შეფარვით თუ აშკარად, ყოველთვის ებრძოდა ჭეშმარიტებას, მაგრამ XX საუკუნიდან ამან განსაკუთრებული სახე მიიღო: ჯერ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმის სახით გაბატონდა ათეიზმი, რომელიც კატეგორიულად და ძალმომრეობითად უარყოფდა ღმერთს და, ამასთან, სიცრუეზე დაყრდნობით, ქმნიდა თავისთვის სასურველი ,,სანიმუშო, ზნეობრივი ადამიანების” სახეებს; მათი საშუალებით კი გარკვეულ ორიენტირს უსახავდა ცალკეულ პიროვნებებსაც და საზოგადოებასაც.
ახლა კი, შეიძლება ითქვას, გამოცხადებულია სრული თავისუფლება როგორც მორწმუნეთა, ისე ურწმუნოთა მიმართ, მაგრამ ამ სივრცეში მკვეთრად იგრძნობა ღვთის უარმყოფელთა სითამამე; ისინი სრული თავაშვებულების პროპაგანდას აქტიურად ეწევიან ყველა საშუალებით და ცდილობენ, ეს ქმედება სიმართლისა და სიკეთის სახელს დაუკავშირონ, რათა თავისი გაუკუღმართებული შემოთავაზებანი ხალხისთვის მისაღები გახადონ.
საერთოდ, ცოდვა როგორც მადლი, გადამდებია და ამის ნაყოფს უკვე ვიმკით საზოგადოების ყველა ფენაში.
თუმცა სიმართლეს სიცრუის მანქანა რეალურად ვერასდროს გაუსწორებს თვალს, მოტყუებით კი, _ მრავალთ აცდუნებს. ამიტომაც აუცილებელია საღვთო ჭეშმარიტების ცოდნა, თანაც ღრმა ცოდნა, რადგან ბოროტი ძალა ამ მხრივაც ფრიად მანიპულირებს.
დღეს მორწმუნე ადამიანს დიდი მოთმინება მართებს, რომ ამდენ ტყუილს, ცილისწამებასა და ღვარძლს გაუძლოს და თვითონაც არ გადაგვარდეს. ჩვენი შესაძლებლობებით ეს მიუღწეველია, ღვთის დახმარებით კი, _ შესაძლებელი. აუცილებელია, უფალთან სულიერი, ლოცვითი ურთიერთობა, ბიბლიისა და წმინდა მამების დარიგებების კითხვა, რომ განვმტკიცდეთ და შეწევნაც ღვთისა მივიღოთ", ნათქვამია ეპისტოლეში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.