სიყვარული ეს არის ყველაზე ამაღლებული გრძნობა, სხვისადმი ერთგულად მსახურების თავისუფალი არჩევანი, წერს პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში. ილია მეორე თაობათა ურთიერთობებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ უფროსების ვალია, მომავალ თაობებს გზის გაკაფვაში დაეხმარონ.
„თუ ჩვენს ქმედებაში ადგილი აქვს შიშს, ან სხვა რაიმე ზეწოლას, ანგარებას, პირფერობას ან ეგოისტურ გამოვლინებებს, ეს სიყვარული აღარ იქნება ღვთისსათნო, გულწრფელი, მართალი და თავისუფალი. მაგალითად: ვერასოდეს ვერ ვუწოდებთ სიყვარულს იმ ურთიერთობას, სადაც ადგილი აქვს ამპარტავნებას, შურს, ავხორცობას, ხელმრუდობას, ლოთობას, ნარკომანიას, ამ და სხვა მავნე მიდრეკილებით გაერთიანებულ ადამიანთა კავშირს, რადგან სინამდვილეში ეს ყოველივე არის ვნებების მონობა და ჭაობივით ჩამთრევი მანკიერებების ტყვეობა.
სიყვარული და თავისუფლება აუცილებელი პირობაა შენში ღმერთის სისავსის გამოვლენისთვის.
გვიყვარდეს ღმერთი ნიშნავს, მთელი არსებით, გაცნობიერებულად და გულწრფელად გვიყვარდეს ყველაფერი მის მიერ ქმნილიც; ეს კი აუცილებელ პირობად, ასევე, გულისხმობს ჩვენი ,,მეს“ ბატონობისაგან გათავისუფლებას, საკუთარ თავზე ორიენტირებულობის რადიკალურად შეცვლას და ამაში სიხარულისა და ბედნიერების პოვნას.
ეგოიზმისაგან თავის დაღწევა ადვილი არ არის. ბრძენი ადამიანები გვირჩევენ, რომ ჯერ უნდა შევიყვაროთ ზოგადი ღირებულებები და ვიღვაწოთ ცხოვრებაში მათი დამკვიდრებისთვის; მაგალითად, როგორიცაა: სიმართლე, თავისუფლება, მშვიდობა, სოციალური სამართლიანობისთვის ზრუნვა, სამშობლოს კეთილდღეობა... და ა.შ.
ავიღოთ თუნდაც თაობათა შორის ურთიერთობა; იგი ყოველთვის გარკვეულ სირთულეებს შეიცავდა, რადგან უფროსებს ჰგონიათ, რომ მათ აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილება და უკეთესად იციან, რა უნდა აკეთონ შვილებმა. შვილებს მიაჩნიათ, რომ მათ თვითონ უნდა განსაზღვრონ თავისი ყოფა და პირიქით, ბევრ რამეს უწუნებენ მშობლებს.
თაობათა ურთიერთობა მანამდე იქნება პრობლემური, ვიდრე ორივე მხარე ერთმანეთში არ დაინახავს იმ უმნიშვნელოვანესს, რაც პირადად მათ აკლიათ და რაც შეიძლება და აუცილებელიცაა, ისწავლონ ერთმანეთისაგან. ის, რომ მშობლებს და ასაკოვან ადამიანებს ბევრი რამ უნახავთ და ადამიანური ურთიერთობების მხრივ მეტი ცოდნა აქვთ, ბუნებრვია, მაგრამ ახალგაზრდები, რომ უფრო გაბედულნი, ზოგჯერ რადიკალურნიც არიან, ამასთან, აქვთ ახალი იდეები, ახალი ხედვა, ახალი მისწრაფებები, - ესეც ფაქტია.
უფროსების ვალია, მათი შემოთავაზებებიდან სწორი არჩევანი გააკეთონ, დაინახონ მათში რეალური სასიკეთო შედეგები და მომავალ თაობას დაეხმარონ გზის გაკაფვაში.
თანამშრომლობა და ურთიერთშევსების საჭიროება უნდა იგრძნოს ორივე მხარემ. ეს ნებისმიერი ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა.
შემდეგ ეტაპზე კი უფრო ადვილია შევიყვაროთ სხვა პიროვნება; ეს კი ნიშნავს დავინახოთ მასში განუმეორებელი, განსაკუთრებული ღირებულებები და ეს დავაფასოთ. ადვილი არ არის შური, თავდაჯერებულობა, სხვისი დამცირებით თავის უპირატესად წარმოჩენის სურვილი, ამპარტავნება, და სხვა ამგვარი თვისებანი დამაბრკოლებელ გარემოებად არ გვექცეს; ამიტომაც სიკეთის ქმნასთან ერთად, აუცილებლად, უნდა ვიმუშაოთ ჩვენს თავზეც", აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.