ვახტანგ გომელაური: 2018 წელს საქართველოსთვის გამოწვევას წარმოადგენდა რუსული ოკუპაცია, სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტები და დაპირისპირებების ახალი კერების წარმოქმნა
03-05-2019, 17:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

 

 

ანგარიშის ღია, საჯარო ნაწილზე საუბრისას, მომხსენებელმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ტერორიზმის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, კონტრდაზვერვით საქმიანობასა და უწყებათაშორის და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებებზე მოხსენება წარმოადგინა.

 

 

„2018 წელს საქართველოსთვის გამოწვევას წარმოადგენდა რუსული ოკუპაცია, სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტები და დაპირისპირებების ახალი კერების წარმოქმნა. საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს გაუარესებას ხელს უწყობენ არადემოკრატიული რეჟიმები, მათ მიერ მართული ინტერესთა ჯგუფები და ტერორისტული ორგანიზაციები. საქართველოში არსებული უსაფრთხოების ვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, რეგიონალური უსაფრთხოების ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია“, განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსეთის ფედერაციის მიდგომა არ შეცვლილა და იგი კვლავ არაფორმალური ანექსიის პოლიტიკის გატარებაში გამოიხატება.

 

 

მისივე განცხადებით, საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმების მიერ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ხელოვნური ბარიერების შექმნა და თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა.

 

 

„ოკუპირებულ რეგიონებში წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობები საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების, ასევე ევროპის უსაფრთხოებას“, აღნიშნა სამსახურის უფროსმა.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვახტანგ გომელაურმა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის უაღრესად მნიშვნელოვანი საქმეები ახსენა და აღნიშნა, რომ საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო რეჟიმების მხრიდან სიმართლის დადგენისა და დამნაშავეების დასჯის მიზნით ნაბიჯები კვლავ არ გადადგმულა.

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე საუბრისას აღნიშნა, რომ იგი სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს.

 

 

„2018 წელს სამსახური აქტიურად ახდენდა საერთაშორისო ტერორიზმის ახალი გამოწვევების გამოვლენას და ინტენსიურად მუშაობდა მათთან გამკლავების მიმართულებებზე. საანგარიშო პერიოდში გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ტერორიზმის თავით გათვალისწინებული დანაშაულებების 10 საქმეზე. 2018 წელს სუს-ის ინიციატივით და ხელმძღვანელობით შემუშავდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ 2019-2021 წლების ეროვნული სტრატეგია და სამწლიანი სამოქმედო გეგმა“, განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

 

სამსახურის უფროსი ანგარიშის წარდგენისას კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიმართულებას შეეხო და „ჰიბრიდული ომის“ ინსტრუმენტებზე, დეზინფორმაციული კამპანიების წარმოებასა და ყალბი ახალი ამბების გავრცელებაზე ისაუბრა.

 

 

„გასულ წელს გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გარკვეული ქმედებები საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის მიმართულებით. უცხო ქვეყნებზე ორიენტირებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების გამოყენებით მიმდინარეობდა სამოქალაქო საზოგადოებას, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სპექტრს შორის ნდობისა და ურთიერთთანამშრომლობის შემცირების პროცესის ხელშეწყობა. 2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 21 საქმეზე. პასუხისმგებაში კი მიცემულ იქნა 48 პირი“, აღნიშნა სამსახურის ხელმძღვანელმა.

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა უწყებათაშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხების მიმოხილვისას სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობარ ქვეყნებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სამსახური ინტენსიურ თანამშრომლობას განაგრძობს საქართველოში არსებული ქვეყნების ატაშეებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოხსენების შემდეგ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე სხდომის დახურულ ფორმატში გაგრძელების ინიციატივით გამოვიდა.

 

 

„მე მესმის ოპოზიციის პოზიცია სხდომის არ დახურვასთან დაკავშირებით, თუმცა გაუგებარი არ უნდა იყოს არავისთვის ის, რომ დღეს ჩვენ მოვისმინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც არის საჯარო. თუკი ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ფუნქციების განხორციელების პროცესში აღჭურვილი ვიყოთ იმ ინფორმაციით, რომელიც შეეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ჩვენ პარლამენტის წევრებმა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში და თავისთავად ცხადია, ჩვენ გვჭირდება დამატებით ვფლობდეთ ქვეყნის შესახებ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციებს. ამიტომ ვაყენებ საკითხს, ვიხელმძღვანელოთ რეგლამენტის 94-ე მუხლის მე-5 პუნქტით და დავიწყოთ დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი“, განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

 

აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ შემდეგი პროცედურები განმარტა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადგან დაისვა საკითხი სხდომის დახურვასთან დაკავშირებით, კონსტიტუციის და რეგლამენტის თანახმად, საკითხის განხილვა დახურული წესით წარიმართება.

 

 

„საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პარლამენტის სხდომები საჯაროა. პარლამენტი დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, იღებს გადაწყვეტილებას ცალკეული საკითხების განხილვისას სხდომის ან სხდომის ნაწილის დახურულად გამოცხადების შესახებ. გადაწყვეტილება სხდომის ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ განიხილება და მიიღება დახურული წესით. შესაბამისი ნორმა არის გადატანილი რეგლამენტში ანუ განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება დახურული წესით, აქედან გამომდინარე, აპარატს ვთხოვ მიიღოს შესაბამისი ზომები და დახუროს სხდომა“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

აღნიშნული განცხადების შემდეგ, პარლამენტის პლენარული სხდომა დახურულ ფორმატში გაგრძელდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი