საქართველოში 19 მაისს რიგგარეშე/შუალედური არჩევნები იმართება. ქვეყნის 5 მუნიციპალიტეტში - მარნეულში, ზუგდიდში, ჭიათურაში, ზესტაფონსა და ხულოში მერების რიგგარეშე არჩევნები ტარდება, ხოლო თბილისის მთაწმინდის რაიონში პარლამენტის შუალედური არჩევნები. აღნიშნულ მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების ჩატარების საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ გახდა, რაც სალომე ზურაბიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.
დღესვე ქვეყნის რამდენიმე მუნიციპალიტეტში საკრებულოს წევრთა მაჟორიტარული წესით ასარჩევად ასევე შუალედური არჩევნები იმართება.
შაბათს, 18 მაისს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ 19 მაისის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.
მან ისაუბრა ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროისათვის შემოსული საჩივრების შესახებ, ასევე გააცნო სტატისტიკური ინფორმაცია 19 მაისის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის დარეგისტრირებული სადამკვირვებლო ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა შესახებ. თამარ ჟვანიამ ისაუბრა იმის თაობაზე, რომ ხშირად ადგილი აქვს ჩართული მხარეების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას და საარჩევნო კომისიების მუშაობისათვის ხელშეშლის მცდელობას, რაც წარმოადგენს უმთავრეს გამოწვევას. მსგავს ვითარებაში მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოზიციას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.
ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სირთულეების მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩატარებისთვის და ამ პროცესის პროფესიულ დონეზე წარმართვისთვის, მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა, მუდმივი კომუნიკაცია და ორმხრივი ინფორმირება. მისივე თქმით, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა, კანონშესაბამისი საქმიანობა და მიუკერძოებელი დაკვირვება იქნება გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება მიმდინარე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. აღნიშნეს, რომ ჩართულ მხარეებს შორის დაძაბულობამ შესაძლოა დააზიანოს საარჩევნო გარემო. ასევე გამოთქვეს იმედი, რომ საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე იმოქმედებს კანონის შესაბამისად და ამომრჩეველს საკუთარი ნების თავისუფალ გარემოში დაფიქსირების შესაძლებლობა ექნება.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შაბათს გამართულ შეხვედრას 13 ადგილობრივი და 4 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.