საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ვიცე-პრეზიდენტს, ანდრეა შუმახერს შეხვდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, დადებითად შეფასდა გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული დინამიური ორმხრივი თანამშრომლობა. ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.
„მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირში/შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ. დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მოპოვებული უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რომელსაც განსაკუთრებული პოლიტიკური და პრაქტიკული დატვირთვა აქვს საქართველოსათვის. სწორედ ამიტომ, მთავრობა ძალღონეს არ იშურებს მისი შეუფერხებელი ფუნცქიონირების უზრუნველსაყოფად.
შეხვედრაზე ისაუბრეს უვიზო რეჟიმის არამიზნობრივი და არაკეთილსინდისიერი გამოყენებით წარმოქმნილ სირთულეებზე, განსაკუთრებით, საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი რაოდენობის კონტექსტში. ცალსახად აღინიშნა, რომ საქართველო მიჩნეულია უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად და აქედან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეების მიერ გაკეთებული განაცხადების დიდი უმრავლესობა არ კმაყოფილდება.
დავით ზალკალიანმა ანდრეა შუმახერს გააცნო საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ზომები, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონდებლო დონეზე. აღინიშნა, რომ თავშესაფრის სისტემის არაკეთილსინდისიერად გამოყენების წინააღმდეგ საბრძოლველად, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროკომისიასთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის გაგრძელდება მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობა მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე", აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.