ჭიათურაში მაღაროელების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ხელფასის 50%-ით გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, მაღაროელების რამდენიმედღიანი გაფიცვა და ქალაქში დადგმულ კარვებში შიმშილობა გრძელდება.
3 000-ზე მეტი დასაქმებული სამსახურში გასვლაზე უარს ამბობს, რის გამოც ჭიათურმანგანუმი და კიდევ რამდენიმე წვრილი საწარმო პარალიზებულია.
ორმა მუშამ დღეს პირი ამოიკერა, შედეგად ისინი ცუდად გახდნენ და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო.
„25% დაგვთანხმდნენ, მაგრამ ისეთ 25%-ზე არა - ჯერ ახლა 15% და წლის ბოლომდე, 10%-ს დაგიმატებთო და ასე არ გვაწყობს. რისთვის შიმშილობენ და რისთვის არიან საცოდავი გაძვალტყავებული მუშები აქ? რა ვიცი, ვდგევართ", უთხრა „რუსთავი 2"-ს აქციის მონაწილე მარი მუმლაძემ.
საპროტესტო აქციას მაღაროში დასაქმებულების ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ.
„ოჯახის წევრები ვუდგავართ გვერდში და სოლიდარობას ვუცხადებთ. რა ვიცი, იქნებ შეისმინოს ამ ხალხმა მათი მოთხოვნები და ყველაფერი გამოსწორდეს და სასიკეთოდ წარიმართოს", ამბობს აქციის მონაწილე ლალი აბესაძე.
„ხედავთ რა მდგომარებაა და როგორ გვაყენებენ დარტყმას და როგორც ზიანს გვაყენებენ. მესიჯები, ხალხის დაშინებები, ცრუ ინფორმაციები, მაგრამ ვერ მივართვით", აცხადებს აქციის მონაწილე თემურ შეყილაძე.
„ქალაქში არანაირი არსებობის საშუალება არ არის. ამ ყველაფერში ამ კომპანიას მიუძღვის წვლილი. თვითონ ოღონდ ფული იშოვონ, ქალაქს და მოსახლებას საერთოდ არ ითვალისწინებენ. არის გადახსნილი კარიერები, რაც არ შეიძლება - მარგანეცს შეიცავს, რაც არის სიმსივნე, კიბო და საშინელება. ქალაქში ვერ გაივლი - დადიან მათი სატვირთო მანქანები და ქალაქში მანქანა რომ გაივლის, მეორე მხარეს ადამიანი რომ დაინახო, რამდენიმე წამი უნდა - ისეთი მტვერია", ამბობს აქციის მონაწილე გიორგი ბიწაძე.
„ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გაფიცული მაღაროელების ნაწილმა სამუშაო ადგილზე გასვლა გადაწყვიტა, რასაც მათი აქციის სხვა მონაწილეებთან დაპირისპირება მოჰყვა. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, საწარმოებში ახლა არავინ მუშაობს, რათა კონფლიქტი თანამშრომლებს შორის თავიდან იქნას აცილებული.
„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, წამოვიდა რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა ტრანსპორტით და გარკვეული ტიპის კონფლიქტური სიტუაციები მომხდარა. ჩვენ რომ ეს თავიდან აგვერიდებინა და არ მომხდარიყო თანამშრომლებს შორის კონფლიქტი, დღეიდან ისევ აღარ დადის ტრანსპორტი, ვინაიდან ასეთი კონფლიქტური სიტუაციები ჩვენ არ გვაწყობს", ამბობს „ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი ირაკლი პეტრიაშვილი, რომლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც აქციის მონაწილეები დეზინფორმაციას უწოდებენ.
„ეს არის ცრუ ინფორმაცია. ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ, სანამ ცოცხლები ვართ და აქედან სანამ არ გაგვიტანებენ, მანამდე ვაგრძელებთ შიმშილს. ცდილობენ, რომ ხალხი პროვოკაცია მოახდინონ, მაგრამ მთელი ქალაქი ფეხზე დგას", აცხადებს აქციის მონაწილე არჩილ ჭუმბურიძე.
ჭიათურაში დღეს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ელოდებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.