სააკაშვილი მენტალურად არ არის სტაბილური ადამიანი და მე დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი რომ მობრუნდეს გაიმეორებს იგივეს, რაც გააკეთა 2004-05 წლიდან, აცხადებს for.ge-სთან ინტერვიუში საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში თემურ ბასილია, რომელიც აშშ-ში ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ, ახლახან დაბრუნდა საქართველოში.
ბასილიას თქმით, სააკაშვილი უზარმაზარ თანხას ხარჯავს თავისი იდეების მხარდასაჭერად, თუმცა აშშ-ში „მის მიმართ არანაირი პერსპექტივა არ განიხილებოდა და არ განიხილება საქართველოს მომავალთან დაკავშირებით“.
„ამერიკაში, დღევანდელ დღემდე, მისი მხარდაჭერა არის ძალიან დაბალ დონეზე, მის მიმართ არანაირი პერსპექტივა არ განიხილებოდა და არ განიხილება საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. პირიქით, ამერიკის ხელისუფლების პოზიცია არის, რომ სააკაშვილი არის წარსული. სააკაშვილის მხარდამჭერად ყოველთვის გამოდიოდა „ევროპის სახალხო პარტია“ და ესეც იმის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ პარტიის წევრია, ეს ერთი და მეორე - „ევროპის სახალხო პარტია“ არის მემარჯვენე და დღევანდელი მმართველი პარტია - „ქართული ოცნება“ არის უფრო ევროსოციალისტების პარტიების ნაწილი. ანუ აქ იდეების, ანუ პარტიული დაპირისპირების მომენტიც არის“ აცხადებს ბასილია, რომელიც ირწმუენბა, რომ 2012 წელს, ამერიკა არ ჩარეულა საქართველოს შინაურ საქმეებში და მათ არჩევნების შემდგომ პოზიტიური როლი თამაშეს ქვეყნის ცხოვრებაში.
„მე გაგახსენებთ პრეზიდენტ ობამას განცხადებას. მან ორჯერ განაცხადა: საქართველოში რეჟიმი უნდა შეიცვალოს! წარმოიდგინეთ, მთელ პლანეტაზე ყველაზე უძლიერესი ფიგურა, ამ პატარა ქვეყნის საკითხზე ორჯერ გამოვიდა განცხადებით, თქვენ ვერ ნახავთ სხვა მსგავს ფაქტს. ეს განაპირობა იმან, რომ სააკაშვილმა გადაკვეთა წითელი ხაზი. მათ კარგად იცოდნენ სააკაშვილი რაზე იყო წამსვლელი და კარგად იცოდნენ სამეგრელოს ტყეებში გადამალული იარაღის შესახებ. აქ შეიძლებოდა სისხლი დაღვრილიყო, ამიტომაც ჩაერივნენ ასე საჯაროდ. მათ გააფრთხილეს სააკაშვილის ხელისუფლება და პირადად სააკაშვილს უთხრეს, რომ არანაირი მხარდაჭერა არ ექნებოდა და აუხსნეს კიდეც, რა პრობლემების წინაშე დადგებოდა არა მარტო მისი ხელისუფლება და მათი ოჯახები, არამედ პირადად თვითონ სააკაშვილი.
ვარდების რევოლუცია ნამდვილად არ ყოფილა ამერიკული პროექტი. მე მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ იმ პერიოდისთვის არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა რევოლუციის. სწორედ იმ პერიოდში დაიწყო და ღრმავდებოდა თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, სამართალდამცავ სფეროში. ამიტომ ამ ტურბულენტური ცვლილებების აუცილებლობა არ არსებობდა“, ამბობს თემურ ბასილია და შეკითხვაზე - ვინ იდგა სააკაშვილის უკან? - პასუხობს:
„მე შეგახსენებთ, როდესაც მას კითხეს, ვინ იყო მისი კუმირი, მან დაასახელა ერთი რუსი და მეორე ამერიკელი - ევგენი პრიმაკოვი და რიჩარდ ჰოლბრუკი. მაგრამ მე ყველაზე მეტად მიკვირს, ნუთუ არავის არ ახსოვს მისი მეუღლის სანდრას ბიოგრაფია. სანდრამ ძალიან კარგად იცის რუსული - საიდან? 1988-89 წლებში სანდრა სწავლობდა მოსკოვში პატრის ლუმუმბას უნივერსიტეტში. 2008-09 წლებში ეს მისი ვიკიპედიის ისტორიაშიც კი ეწერა, რაც მე პირადად მაქვს ნანახი, მაგრამ ახლა ეს ფაქტი წაშლილია. არადა სანდრასაც ულაპარაკია ამის შესახებ ინტერვიუში და პირადად მე დავუსვი მას ეს კითხვა - ჰოლანდიელ ქალს რა გინდოდა მოსკოვში-თქო?.. ეს იმით ახსნა, თითქოს მის ოჯახს არ ჰქონდა ფული, რომ განათლება მოიცათ. მაგრამ ევროპაში, ჰოლანდიაში და გერმანიაში უმაღლესი განათლება უფასოა და იქ შეეძლო მას განათლების მიღება.
არავისთვის დასამალი არაა, რომ ლუმუმბას უნივერსიტეტი იყო გრუ-ს სამჭედლო - იქიდან გამოდიოდნენ ოფიციალური და გავლენის აგენტები. ასე რომ, რატომ არ ახსოვს ეს საქართველოში ვინმეს, მე ძალიან მიკვირს...
გაგახსენებთ, რომ შევარდნაძე არ აპირებდა გადადგომას ივანოვის ჩამოსვლამდე. მის გადადგომაზე გადაწყვეტილება მიიღო ივანოვთან შეხვედრის შემდეგ, როგორც კი ივანოვი ბათუმში წავიდა, შევარდნაძემ გამოაცხადა, რომ ის მიდიოდა სახლში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.