ალექსანდრე გრიგალავა: სპორტის სფეროში საკმაოდ კარგი კვალი დავტოვე, იგივე კვალის დატოვება მინდა პოლიტიკაშიც
07-08-2015, 09:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი რაგბიში - ეს არის მარტვილის მუნიციპალიტეტის, ალექსანდრე გრიგალავას საკმაოდ წარმატებული სპორტული ბიოგრაფია.

 

 

რამდენად გამოჰყვა სპორტული ჟინი  მას პოლიტიკაში, რა საერთო აქვს სპორტსა და პოლიტიკას და სად უფრო  საინტერესოა მისთვის მოღვაწეობა, ნანობს თუ არა დღევანდელი გადმოსახედიდან სპორტულ კარიერაზე 31 წლის ასაკში უარის თქმას, რა თვისებებია მისთვის ამოსავალი წერტილი ადამიანების სამსახურში აყვანისას ან დაწინაურებისას, რა დაპირებების შესრულება შეძლო გამგებლის პოსტზე ერთწლიანი მოღვაწეობისას, რა მიაჩნია „ქართული ოცნების“ მთავარ მონაპოვრად - ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხებს, ალექსანდრე გრიგალავასთან ჩაწერილი ინტერვიუდან შეიტყობთ.

 

 

„ოღონდ ხალხი ერთად  იყოს და სულ არ მაინტერესებს ვის მისცემენ ხმას“.

 

„ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ტელეფონზე ღამის 3 საათზეც კი დამირეკოს და თავის პრობლემებზე მელაპარაკოს“.

 

„ჩემი სპორტული ცხოვრება დავამთავრე 31 წლის ასაკში და სპორტის სფეროში საკმაოდ კარგი კვალი დავტოვე ჩემი ქვეყნის ისტორიაში. იგივე კვალის დატოვება მინდა პოლიტიკაშიც“.

 

„მინდა კარგად განსწავლული თაობა მოვიდეს მმართველობით სადავეებთან“

 martvilis gamgebeli 1

 

  • ბატონო ალექსანდრე, პირველ რიგში დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. მინდა პირველი ასეთი შეკითხვა დაგისვათ. რა მოტივაციითა და პროგრამით შეუდექით მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და დღევანდელი გადმოსახედიდან რამდენად რეალური იყო თქვენი წინა საარჩევნო პროგრამა?

 

  • თქვენც მადლობა პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენთან ინტერვიუ გადაწყვიტეთ. არჩევნებს ორი მხარე აქვს, ან უნდა მოიგო, ან უნდა წააგო. ადამიანს აქვს გარკვეული გეგმები და პროგრამები, რომელსაც მოგების შემთხვევაში, როცა მოვა ხელისუფლებაში, უნდა იცოდეს, რა უნდა გააკეთოს თავის რაიონში.

მე გახლავართ წარმოშობით მარტვილელი. წლების მანძილზე მიხდებოდა ჩემს რაიონში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობა, ბოლო წლებში პარტიულ თანამდებობაზეც, „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე გახლდით. კარგად ვიცნობ ჩემს რაიონს, ვმოღვაწეობდი სხვადასხვა სფეროშიც, ვხელმძღვანელობდი ენერგეტიკის, სპორტის და სხვა მიმართულებებს. თავის დროზე ვიყავი რაიონის გამგებლის პირველი მოადგილე  და  ამიტომ კარგად ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. ამას გარდა ახალი ხელისუფლების მოსვლა ქვეყნის სათავეში, განსაკუთრებული მოტივაციის განმაპირობებელი აღმოჩნდა და მიმაჩნია, რომ ჯეჯერობით მივდივართ იმ გეგმით და დაპირებების შესრულებით, რაზეც წინასაარჩევნოდ ხალხთან გვქონდა საუბარი.

 

  • რომელ შესრულებულ თუ შესრულების ფაზაში მყოფ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გამოყოფდით?

 

  • ნებისმიერი პროექტი მნიშვნელოვანია რაიონში და შესრულებით გეტყვით, რომ ჩემი რაიონი არის ერთ-ერთი პირველი. იცით, ბოლო ხანებში რამხელა მნიშვნელობა მიენიჭა ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებას და იმ თანხების ათვისებას, რაც მათზეა გამოყოფილი, რამეთუ ეკონომიკური წინსვლა ამ პროექტების შესრულებაზეა დამოკიდებული. ინფრასტრუქტურული პროექტების ათვისების მხრივ გეტყვით, რომ ამ ეტაპზე 96% -ით შევასრულეთ ყველა ის გეგმა, რაც ჩვენზე იყო დაკისრებული.  ეს ძირითადად შეეხებოდა ორ გზას, ერთი არის სოფელ სალხილოდან წაჩხურისკენ მიმავალი ახალი გზის მშენებლობა და მეორე სოფელ დიდი ჭყონიდან ნორის, ჩხოროწყუს რაიონის მიმართულებით, გზის მეორე ეტაპის მშენებლობა. ორივე მშენებლობა დამთავრებულია უკვე, ერთი თვის უკან ჩაბარდა ეს ორი, წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტი.

 

მე ვთვლი, რომ ერთ-ერთი გამორჩეული არის ცენტრალური სტადიონი, სოფლის მეურნეობის კუთხით სამუშაოების ჩატარება, რომელიც ასევე რეგიონული ფონდით დაფინანსდა და მისი ღირებულება სადღაც 630 000 ათასია. ასევე სოფელ სერგეთში საფეხბურთო სკოლის სპორტული დარბაზის გადახურვა დროულად შევძელით. ის სამუშაოები, რაც ჩასატარებელი გვქონდა წელს, ფაქტობრივად ყველაფერი დავამთავრეთ ან დამთავრების ფაზაშია.

 

  • თქვენს მუნიციპალიტეტში უნიკალური, გაჭედილის, იგივე გოჭკადილის კანიონი გაქვთ, რაც ტურისტების დიდ დაინტერესებას იწვევს. რამდენადაა კანიონის გარშემო ინფრასტრუქტურა განვითარებული და რამდენად დიდია ტურისტების ნაკადი? საერთოდ, ტურიზმის განვითარების მხრივ რა პერსპექტივას ხედავთ მარტვილის მუნიციპალიტეტში და რამდენად მიმდინარეობს ამ მხრივ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება?

 

  • მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ გაჭედილის თუ გოჭკადილის არასწორი დასახელებაა კანიონის. დიდი დავა მიდის იმაზე, გოჭკადილის არის თუ ინჩხვლის კანიონი. ჩემი ბავშვობის დროს ოფოცხვრის კანიონს ეძახდნენ. ეს ალბათ გამოსწორდება და ალბათ უფრო ლამაზი სახელი უნდა გამოვუნახოთ კანიონს.

martvili kanioni 4

რაც შეეხება კანიონის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, ჯერჯერობით ერთადერთი რაც კეთდება, ეს არის სისუფთავის კუთხით ჩვენი მუნიციპალიტეტის აქტივობა და ჩართულობა იმაში, რომ რაც შეიძლება მოგვარებული იქნას სისუფათავის საკითხი.  ჯერჯერობით იქაურობას ადგილობრივი მოსახლეობა უფრო პატრონობს. რამდენჯერმე გარემოს დაცვის მინისტრი და სამინისტროს თანამშრომლები სტუმრობდნენ ჩვენს კანიონს. მათ დასუფთავების კუთხით ბევრი რამ გააკეთეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ სისუფთავის დასაცავად, მაინც ძალიან ძნელია ამდენი უკონტროლო ხალხის მართვა. ხანდახან ღამის 2 საათზეც ქეიფობენ და რჩებიან, მაგრამ ჩვენის მხრიდან მაინც მაქსიმალურად ვაქცევთ იქაურობას ყურადღებას. სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება, კანიონის ინფრასტრუქტურული მშენებლობა. ეს უკვე გადაწყვეტილია. მე მგონი პრემიერ-მინისტრის მითითებაა და ეს ტერიტორია მიეკუთვნება დაცული ტერიტორიების სააგენტოს.

martvili kanioni 3

რაც შეეხება ტურისტებს, ძალიან დიდია მათი ნაკადი. წელს შემიძლია ვთქვა რომ ორჯერ მეტი ტურისტი სტუმრობს მარტვილის რაიონს. აქ არ იგულისხმება მარტო მარტვილის კანიონი, აქ საუბარი არის სოფელ სალხინოზე და სხვა ტურისტულ ადგილებზე. ასევე, მოგეხსენებათ, მარტვილის ტერიტორიაზე მდებარეობს წაჩხუროს მონასტერი, სადაც უმეტესწილად უშვილო წყვილები დადიან და ლოცვებს აღავლენენ. 40 000 -სზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა აქ ამ 2 წლის მანძილზე. ამას დამატებული ის, რომ მდინარე ტეხური საუკეთესოა ჯომარდობის მოყვარულთათვის და ამის გამოც, სპორტის ამ სახეობის ბევრი მოყვარული სტუმრობს ჩვენს მუნიციპალიტეტს. ასევე მდინარე აბაშის გაყოლებაზე არის უნიკალური გამოქვაბულები, უნიკალური მღვიმეები. ამ წუთასაც სტუმრობენ აქაურობას უკრაინელი და ბალტიისპირელი სპეციალისტები, რომლებიც იკვლევენ ამ ადგილებს.

martvili gzis dageba

რაც შეეხება ტურიზმის სფეროში ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სოფელ სალხინოში კეთდება ორი დიდი გზა. ერთი დიდი გზის პირველი ეტაპი  უკვე დამთავრდა და მეორე ეტაპიც მომავალი წლისთვის განხორციელდება, და ამავე სოფელში, მეორე მხრიდან, სადაც არის მამათა მონასტერი, იქიდან გადადის სოფელ სალხინომდე გზა, სადაც უკვე დაწყებულია სამუშაოები და მოასფალტებული გამართული გზა კეთდება. ეს ორივე პროექტი რაიონში  ტურიზმის განვითარებას მოემსახურება. ორივე გზა საკმაოდ მნიშვნელოვანია რაიონის შემოსავლებისა და ეკონომიკის განვითარებისათვის. სალხინო ჩვენი რაიონის ერთ-ერთი  სავიზიტო ბარათია. მოგეხსენებათ, იქ დადიანების სასახლე და ბევრი სხვა ღირსშესანიშნაობაა, რაც ტურისტების ინტერესს წარმოადგენს.

 

  • დღეს მოქმედი თვითმმართველობის კოდექსის რა უარყოფითი მხარეები შეიძლება გამოყოთ? რამდენად ეფექტურია ეს კოდექსი?

 

  • ამ კოდექსში, პირდაპირ რომ გითხრათ, ცუდს ვერაფერს ვხედავ. რაიონები თვითმმართველი ერთეულები არიან და მუნიციპალიტეტების გამგებლები არჩეული არიან ხალხის მიერ. გამგებელს მეტი უფლებები და საშუალება მიეცა მუნიციპალიტეტი მართოს თავისი შეხედულებით და არ იყოს დამოკიდებული გარე ძალებზე. ასე ვთქვათ, ამაში მე ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ, პირიქით ხალხი ყოველთვის ღირსეულს ირჩევს და ხალხის რჩეულმა უნდა იცოდეს რა უნდა აკეთოს თავის რაიონში. ნურავინ ნუ დამემდურება, მაგრამ ჩემი რაიონის საკეთებელი ჩემზე და მოსახლეობაზე უფრო კარგად არა მგონია ვინმემ იცოდეს. მოსახლეობაზე უფრო უკეთესად მე მგონი არავინ არ იცის, თუ ვინ გაართმევს თავს რაიონის პრობლემების მოგვარებას ყველაზე კარგად. ხალხი არ ცდება.

 

გამგეობებსა და საკრებულოებს შორის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში საკმაოდ მძაფრ დაპირისპირებას აქვს ადგილი. თქვენთან როგორი ურთიერთობაა ამ ორ შტოს შორის, პიროვნულად როგორი დამოკიდებულება გაქვთ საკრებულოს თავმჯდომარესთან?

 

  • გამომდინარე იქედან რომ საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი ალექსი გაბისონია და მე პირველი დღეებიდან ერთად მოვდივართ, იმ დროიდან, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლების სათავეში, ჩვენ შესანიშნავი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან. მე და ალექსის გამოვლილი გვაქვს ყველა ის სიძნელეები, რაც ამ ბრძოლას ახლდა თან. როცა უკვე ორივე ჩვენგანი რაიონს ვხელმძღვანელობთ, ლოგიკურია, რომ ახლა კიდევ უფრო მეტად გვმართებს ერთმანეთის თანადგომა და ეს ასეცაა. ვიმეორებ, ჩვენ ერთმანეთთან ბრწყინვალე დამოკიდებულება გვაქვს. კამათი და მცირე უთანხმოება ყველგან ხდება, ოჯახშიც კი, მაგრამ იმ კამათში იბადება ჭეშმარიტება. მე და ალექსი მარტო არა, მთელი გუნდი, ვინც ახლა ხელისუფლებაში ვართ, საბედნიეროდ ერთად მოვდივართ და ერთად ვმსჯელობთ და ვფიქრობთ პრობლემატურ საკითხებზე. მე პირდაპირ გეტყვით, რომ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს ნამდვილად არ ვიღებ.

martvilis gamgebeli tatbiri

უცხოეთის რომელიმე ქალაქთან ან რეგიონთან თუ გაქვთ დამყარებული რაიმე სახის ურთიერთობები? - ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული და ა.შ. თქვენი აზრით, რა გამოცდილება შეიძლება გაგიზიარონ თქვენმა კოლეგებმა - დასავლეთ ევროპის ქვეყნების ქალაქების და რეგიონების მმართველებმა. 

 

  • სიმართლე გითხრათ, ასეთი, ქაღალდზე გაფორმებული ურთიერთობა, არცერთ ქალაქთან არ გვაქვს, მაგრამ რაიონში გვყავდა სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან და ამაზე საუბარი იყო. რა თქმა უნდა, კარგია როცა მოწინავე და განვითარებულ ევროპულ ქვეყნებთან გვექნება მჭიდრო ურთიერთობა და მათ გამოცდილებებს გავიზიარებთ, ამას მივესალმებით, მაგრამ ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა ჯერჯერობით არ გვაქვს, თუმცა არის მცდელობა და დიდი სურვილი, რომელსაც ახლო მომავალში ალბათ მოვიყვანთ სისრულეში.

 

  • ამა წლის შემოდგომით მარტვილის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს, თავად ხომ არ აპირებთ კენჭისყრას, ან ვინ შეიძლება იყაროს კენჭი?

 

  • არა, მე არ ვაპირებ, მე უკვე ერთი წელია არჩეული ვარ რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებლად და ჩემს საქმეზე ვარ კონცენტრირებული, ამიტომ დეპუტატად არ ვაპირებ კენჭისყრას, არის რამდენიმე კანდიდატი და ამ გადაწყვეტილებას ალბათ მალე მიიღებენ. არც მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში ვაპირებ მონაწილეობას. მე არ ვფიქრობ დეპუტატობაზე, მე მინდა რაც ჩემმა მოსახლეობამ დამაკისრა და რისთვისაც ამირჩია, ის საქმე მივიყვანო კარგად ბოლომდე და მინდა ჩემი მოღვაწეობის პერიოდი გამორჩეული იყოს ჩემი რაიონისათვის და საქართველოსათვის. მე ჩემი სპორტული ცხოვრება დავამთავრე 31 წლის ასაკში და სპორტის სფეროში საკმაოდ კარგი კვალი დავტოვე ჩემი ქვეყნის ისტორიაში. იგივე კვალის დატოვება მინდა პოლიტიკაშიც. როგორც სპორტული მოღვაწეობით ვახარებდი ჩემს ქვეყანას, მინდა ისევე გავახარო პოლიტიკური მოღვაწეობითაც.

 

  • რა გამოცდილება შეგძინათ გამგებლის თანამდებობაზე საქმიანობამ ისეთი, რაც მანამდე, თვლით, რომ არ გქონდათ.

 

  • დაახლოებით 22 წლის წინათ გამგებლის პირველი მოადგილე ვიყავი რაიონში, მანამდე რაიონის სპორტის სამსახურს ვხელმძღვანელობდი, საკმაო გამოცდილება მაქვს ჩემს ხალხთან ურთიერთობის, თუმცა ცხოვრებაში ადამიანი მუდმივად სწავლობ და მეც ასე ვარ. ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა ახალგაზრდებთან ურთიერთობა. აი, ახლა ჩემი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიზის გვერდით და თქვენთან საუბრის დაწყებამდე გარკვეულ საკითხებზე ვმსჯელობდით. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესი ახალგაზრდებთან ურთიერთობა და მათი დამსახურებისამებრ დაწინაურებაა. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის მომავალი სწორედ ახალგაზრდობაა და მე მინდა კარგად განსწავლული თაობა მოვიდეს მმართველობით სადავეებთან.

 

  • რა თვისებებია თქვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანების სამსახურში აყვანისას ან დაწინაურებისას, გნებავთ სამსახურის მიღმა, რას აფასებთ ყველაზე მეტად ადამიანებში?

 

  • პირველ რიგში, როცა ადამიანი სამსახურში მოდის, ის უნდა იყოს პროფესიონალი, უნდა ჰქონდეს თავისი ქვეყნის სიყვარული. საარჩევნო ყუთთან რომ მივა ადამიანი, იმას უნდა ჰქონდეს თავისუფალი აზრი და თავისუფალი არჩევანი, რომ ვისაც უნდა, იმას მისცეს ხმა. ჩვენ ამის გულისთვის ვიბრძოდით და ამ პრინციპებს არ ვუღალატებთ. მე ვაფასებ თავისუფლებას და თავისუფალ ადამიანებს.

 

  • ბატონო ალექსანდრე, როგორ ფიქრობთ, რა შესრულდა და რა ვერ შესრულდა „ქართული ოცნების“ დაპირებებიდან?

 

  • იმდენი რამეა გაფუჭებული, მოსვლის დღიდან რომ ვუყურებ... სხვათაშორის მარტვილის რაიონი არის ერთ-ერთი რაიონი, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოღვაწეობა თავის კონსტიტუციურ ვადაში დაამთავრა. წინა გამგებელი, ბატონი მამუკა დანელია ბოლომდე იყო მუნიციპალიტეტის გამგებელი და მხოლოდ არჩევნების გზით წავიდა. სულ ერთი წელიწადია, რაც რაიონს ვხელმძღვანელობ. იგივე კითხვა ისმის ჩემს მიმართ. დავუშვათ, მე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა რა გავაკეთე?

martvili gza axali

  • გასაკეთებელი იმდენია, არ ვიცი პირდაპირ საიდან დავიწყო. რაც გაკეთებული იყო და რასაც აკეთებდნენ, ყველაფერი არის ერთჯერადად. ის გაკეთებული რომ გაკეთებულად დამხვედროდა მე აქ, რომ არ ინგრეოდეს და იმის აღსადგენად რომ არ მეხარჯებოდეს ფული, მართლა ბევრად წინ ვიქნებოდით, თუმცა პარალელურად საკმაოდ ბევრ რამეს ვახერხებთ. სოფლის პროგრამებით იმდენი სამუშაოები მიდის, საუბარია დაახლოებით 300 პროექტამდე. ამას დამატებული სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის სამუშაოები. ის სამუშაოები, რაც სტიქიასთან არის დაკავშირებული, იმ გაბიონებს რომ გაეძლოთ და წყლის ადიდების დროს რომ არ წაეღო თითქმის 90%, არ ჩანგრეულიყო ხიდები, ახლა გაცილებით მეტი გვექნებოდა გაკეთებული და მეტი გამოჩნდებოდა „ქართული ოცნების“ ნამუშევარი. ცოტა ძნელია ასე მოგიყვეთ, მთავარი ის არის, რომ მოსახლეობა ყველანაირი წნეხისგან გათავისუფლდა, თავისუფლად გრძნობს თავს, არავის არ ეშინია. დღეს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ტელეფონზე ღამის 3 საათზეც კი დამირეკოს და თავის პრობლემებზე მელაპარაკოს. არცერთი ადამიანისთვის არ გვითქვამს, გინდა თუ არა მიდი და 41 შემოხაზე. არცერთი პოლიციელი პოლიტიკური ნიშნით არ ყოფილა არჩევნებში ჩართული. ჩვენგან არ ყოფილა არანაირი ზეწოლა, პირიქით. ამაზე უფრო დიდი მიღწევა რა უნდა იყოს. მე მიკვირს იმ ხალხის, ვინც „ქართული ოცნების“ მიღწევებზე აგდებით ლაპარაკობს. ამაზე მეტი დანაპირების ასრულება რა უნდა იყოს, ადამიანის თავისუფლება - რომელი ხიდი და რომელი გზა შეედრება ამას, პირველ რიგში რისთვისაც ქართველი ხალხი იბრძოდა, იყო თავისუფლება და დღეს ეს მონაპოვარი სახეზეა.

 

მაქსიმალურად ვცდილობთ მოსახლეობის გასაჭირის გულთან მიტანას. ყოველ დღე არ მაქვს მიღება, მაგრამ ნამდვილად ვერ ვეტვი 30 კილომეტრიდან მოსულ შავებში ჩაცმულ ქალბატონს მიღებაზე უარს იმის გამო რომ მისი გამგეობაში მოსვლა ჩემი მიღების დღეებს არ დაემთხვა. როგორ ვიკადრებ, ვინმეს შევეკითხო, თუ რომელ პარტიას მისცა ხმა ან ვის მისცემს მომავალში. ნამდვილად არ მინდა, ვინმე პარტიების გამო ერთმანეთს დაემდუროს. ოღონდ ხალხი ერთად  იყოს და სულ არ მაინტერესებს ვის მისცემენ ხმას. კი, რა თქმა უნდა, სოციალური პრობლემები მთელ ქვეყანაში მწვავედ დგას და ერთ-ერთი მთავარია, მაგრამ ეტაპობრივად ამასაც მოევლება. ვთვლი, რომ ჯერ ადამიანების სულებია სამკურნალო, ამდენი დანგრეული და აგრესიული ხალხია ჯერ შოკიდან გამოსაყვანი და მერე უნდა დაიწყოს დიდ პროექტებზე საუბარი. ხშირად გაისმის ჩვენთან კოჰაბიტაციაზე საუბარი. მე მიმაჩნია, რომ სპეციალისტმა უნდა იმუშაოს, თუ ის ძლიერი სპეციალისტია, გამოცდები წარმატებით გაიარა და გააჩნია იმის უნარი, რომ თავის ქვეყანას ემსახუროს. რა მნიშვნელობა აქვს ის ლეიბორისტია თუ საიდან არის, უნდა იმუშაოს რა თქმა უნდა, ჩვენ ხელ-ფეხს არასდროს შევუკრავთ პროფესიონალებს.

 

  • თქვენ საკამოდ წარმატებული სპორტული კარიერა გქონდათ, საბჭოთა კავშირის ორგზის და რაგბიში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ბრძანდებით. რამდენად გამოგყვათ სპორტული ჟინი პოლიტიკაში? და ასევე

ზოგადად, რა შეგიძლიათ გვითხრათ მსგავსებებსა თუ განსხვავებებზე, რაც სპორტსა და პოლიტიკას შეიძლება ჰქონდეს?

 

  • მოგეხსენებათ, სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთს ჰგავს, ორივეში მოღვაწეობის დროს გჭირდება პროფესიონალიზმი, გჭირდება საქმისადმი ერთგულება და გჭირდება ჟინი გამარჯვებისა. მე მთელი ცხოვრება ერთგული ვარ სპორტის და როცა ხალხს ეგონა, რომ ჩვენ რაგბისტები სულელებივით დავსდევდით ნესვივით ბურთს (იცინის), მაშინაც არ დაგვიყრია ფარ-ხმალი, რადგან დასახული გვქონდა საოცრად დიდი მიზანი.

martvili ragbi da gamgebeli

  • სად უფრო საინტერესოა მოღვაწეობა?

 

  • როგორც ყოფილი სპორტსმენი, ერთ რამეს გეტყვით. რომ შეიძლებოდეს, მთელი ცხოვრება ვითამაშებდი, იმ დონეზე ვარ შეყვარებული სპორტზე. 31 წლის ასაკში შევწყვიტე სპორტული კარიერა, შემეძლო რამდენიმე წელი კიდევ მეთამაშა, მაგრამ მაშინ რაიონის ერთ-ერთი ხელმძღვანელი „მექაჩებოდა“ სამსახურში, რადგან იმ პერიოდში რაგბის სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. აქედან გამომდინარე, ნაადრევად შევწყვიტე სპორტული კარიერა, რასაც ამ გადმოსახედიდან ვნანობ, თუმცა მაინც ვიტყოდი, რომ ყოველივე უფლის ნებაა. უფალმა ასე ინება და დღეს მაინც ბედნიერი ვარ, რომ ჩემი რაიონისთვის ვიხარჯები.

 

            ნათია მელქაძე

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი