თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური ასამბლეის სესიას მასპინძლობს.
გენერალური ასამბლეის სესია, რომლის თემაა „პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე და სოციალური და პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში“, მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გახსნა.
სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქრისტიანობის როლზე ისაუბრა.
„ქრისტიანობა ქართველი ხალხისათვის არ იყო მხოლოდ რწმენა ან ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენის საშუალება. ქრისტიანულმა თვისებებმა - მოთმინებამ, გამძლეობამ, მომავლის რწმენამ და გამბედაობამ - გადაარჩინა საქართველო, როგორც სახელმწიფო და მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე, თავისუფლებამდე”, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს წინაშე მდგარ ყველაზე მტკივნეულ პრობლემაზე - ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქრისტიანული ფასეულობების ერთგულების ფორმალური აღიარება საკმარისი არ არის და ეს რწმენის შესაბამისი ქმედებებით უნდა გამოიხატოს.
„სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მტკივნეული პრობლემა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მართლმადიდებლური ქრისტიანობის მატარებელი, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შედეგია”, მიმართა ასამბლეის წევრებს ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ძალადობით საქართველოს დაჩოქება არ მოხდება, რადგან ქართველი ხალხის დღევანდელი პოლიტიკური კურსი ჩვენი ისტორიული არჩევანია.
„დარწმუნებული ვართ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად ჩვენს სახელმწიფოებს შორის კეთილმოსურნე ურთიერთობებიც აღდგება. ჩვენი ქვეყნის ხანგრძლივი ისტორიიდან კარგად ვიცით, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლა, რომელსაც ქრისტიანული მორალი უმაგრებს ზურგს, აუცილებლად წარმატებული იქნება.
ირაკლი კობახიძემ პარლამენტებისა და ქრისტიანობის როლზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.
„დღეს, როდესაც მსოფლიოში ძალიან ძლიერია პოლიტიკური პოლარიზაცია და დაპირისპირება, მხოლოდ პარლამენტებს, ხალხის რჩეულებს შეუძლიათ დაძლიონ სახელმწიფოებს შორის და ქვეყნებს შიგნით არსებული წინააღმდეგობები, დააახლოონ პოზიციები და მიაღწიონ მეტ ურთიერთგაგებასა და მშვიდობას.
მიმაჩნია, რომ მართლმადიდებლურ ქრისტიანობას ამ საქმეში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია”, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ზაქარია ქუცნაშვილმა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ზაქარია ქუცნაშვილმა ყურადღება ასამბლეის დაარსების ისტორიაზე და ორგანიზაციის მიზნებზე გაამახვილა. მისი თქმით, ბერლინის კედლის და საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, შეიქმნა არაკონფრონტაციული მსოფლიოს შექმნის მოლოდინი და ორგანიზაციის მიზნებიც შესაბამისად ჩამოყალიბდა.
„ახალი რეალობის ფორმირებისას უნდა გამოკვეთილიყო მართლმადიდებლობის, როგორც მნიშვნელოვანი კულტურული გამოხატულების როლი, მართლმადიდებლობის გამაერთიანებელი ბუნებიდან გამომდინარე ძალისხმევა უნდა მიმართულიყო ულტრანაციონალური და ულტრარელიგიური წინააღმდეგობების დაძლევისაკენ; უნდა შექმნილიყო ეფექტური საშუალებები ეროვნული და რელიგიური უმცირესობების დასაცავად; ორგანიზაციას უნდა გაგვეძლიერებინა მართლმადიდებლობის მონაწილეობა კრიტიკული პრობლემების გადაწყვეტაში“, განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მისი თქმით, ქრისტიანობამ საქართველოს კულტურის, მსოფლმხედველობისა და ფასეულობების ფორმირებაში უდიდესი როლი ითამაშა. ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით მართლმადიდებელი ეკლესიის დომინანტური მდგომარეობის მიუხედავად, საქართველო, როგორც მრავალკონფესიური ქვეყანა ყოველთვის გამოირჩეოდა ეთნიკური და რელიგიური ტოლერანტობით, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებით.
პარლამენტის წევრმა ისაუბრა თანამედროვე ქართულ სეკულარულ სახელმწიფოზე, სადაც ეკლესია და სახელმწიფო კონსტიტუციურად არის გამიჯნული და ყურადღება გაამახვილა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლზე ამ მიმართულებით.
„ჩვენი, როგორც პარლამენტარების ვალია, კანონები და პოლიტიკა, ჩვენი საზოგადოების სოციალური და პოლიტიკური რეალობა, იყოს ამ მემკვიდრეობის ღირსეული გაგრძელება და არა მხოლოდ რიტორიკით. მოველით რომ გენერალური ასამბლეის მთავარ თემაზე თბილისში ცოცხალი დისკუსია წარიმართება. შევეცდებით მშვიდობის, ღირსების და ქართველი ხალხის სიმართლის დაცვით ვისაუბროთ თქვენთან ჩვენი მართლმადიდებლური სამყაროს წარმომადგენლებთან“, განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის მიმართვა მართლმადიდებლობის საპარლამენტთშორისო ასამბლეის მონაწილეებს კათალიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე თეოდორემ გააცნო. მიმართვაში საქართველოს ქრისტიანულ წარსულზე და ქვეყნის დღვანდელ გამოწვევებზე, მათ შორის, ოკუპაციაზე არის საუბარი.
პატრიარქმა მიმართვაში ყურადღება ასევე გამახვილებულია მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში არსებულ პრობლემებზე.
ილია მეორე მიესალმება საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს და იმედს გამოთქვამს, რომ ასამბლეის ფორმატში, თანამდეროვე ტენდენცებისა და გამოწვევების შეფასება, ანალიზი და მომავლის ხედვა იქნება საინტერესო.
„საქართველომ, კავკასიის ამ პატარა ქრისტიანულმა ოაზისმა, დიდი მსხვერპლის ფასად, 2000 წლის მანძილზე, შეურყვნელად დაიცვა სწავლება ეკლესიისა, არაერთი მაგალითი გვაქვს ათასობით ბერის, მონაზვნის, სასულიერო პირისა თუ ერის კაცთა თავდადებისა.
თუმცა გვქონდა დიდი ჩავარდნის პერიოდიც, ათეისტური რეჟიმის ხანა, როდესაც თითქმის ყველაფერი განადგურდა. დღეს სხვა მდგომარეობაა. სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, მაგრამ პრობლემები, შიდა თუ გარე, მრავლად გვაქვს.
ყველაზე მოუშუშებელი და მტკივნეული კი მაინც ის არის, რომ მართალია საქართველოს ეკლესიის საზღვრები შენარჩუნებულია, მაგრამ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში სახელმწიფო თავის იურისდიქციას დღეს ვერ ახორციელებს, რადგან ეს ტერიტორია, ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია.
ძვირფასო სტუმრებო, თქვენც იმ ქვეყნების წარმომადგენლები ბრძანდებით, რომელთა წარსულიც ქრისტესთვის თავდადების მაგალითია. რომელთა კულტურა, აზროვნება და ცხოვრების წესი ქრისტიანობითაა განმსჭვალული.
დღეს მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში ჩვენ, ყველანი და ზოგადად, კაცობრიობა, მრავალი საერთო სეერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით. ამიტომაც, ძალიან მნბიშვნელოვანია თქვენი შეფასებების მოსმენა ტანამდეროვე ტენდენცებზე. თქვენეული ანალიზი გამოწვევებს თაობაზე და ხედვა მომავლისა“, ნათქვამია საქართველოს კათალიკოს პატრიარქის მიმართვაში.
გენერალური ასამბლეის მონაწილეებმა საზეიმო გახსნის ცერემონიაზე გაიმართა დოკუმენტური ფილმის -„მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 25 წელი” ეპიზოდების ჩვენება.
საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებმა დაათვალიერეს გამოფენა „აღდგომა იესო ქრისტესი“.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სამოცდასამი ნამუშევარი, რომელიც ხატწერის საერთაშორისო კონკურსის ექსპერტებისაგან შემდგარმა ჟიურიმ შეარჩია.
ექსპონატები თანამედროვე ხელოვნების სახვითი ხერხებითაა შექმნილი, რომლებიც ბიზანტიურ ხატწერაში დამკვიდრებული ფორმებითა და სტილითაა შთაგონებული და მათვე ეფუძნება.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეამ გამოფენა ათენიდან სპეციალურად თბილისის ფორუმისთვის ჩამოიტანა.
გამოფენაზე ასევე იყო წარმოდგენილი ოთხი ქართველი ხატმწერის ნამუშევრები.
ასამბლეის მონაწილეთათვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სახელით საზეიმო მიღება გაიმართა.
ასამბლეა მუშაობას 20 და 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გააგრძელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.