საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, ივანე ბერიტაშვილის ერთ-ერთ გამორჩეულ მოწაფეს, საქართველოში ძილის საბაზისო და ძილის დარღვევათა პათოფიზიოლოგიის კვლევითი მიმართულებების დამაარსებელს, გამოჩენილ მეცნიერს - თენგიზ ონიანს, დღეს 91 წელი შეუსრულდებოდა.
გურამ ბექაია - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, აკადემიკოს ი. ბერიტაშვილის საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მეცნიერ-კონსულტანტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი - mkurnali.ge -სთან იხსენებს.
- თენგიზი საოცრად ნიჭიერი, ფართო გაქანებისა და ერუდიციის კაცი იყო. ამავე დროს ძალიან შრომისმოყვარე და დაუზარელი. საოცრად გამჭრიახი გონება და სწრაფად მოსაზრების უნარი ჰქონდა. ფაქტებს, რომლებიც თოთქოს არაფერზე მეტყველებდა, ისე საინტერესოდ აკავშირებდა და ისეთ სიახლეებს პოულობდა ხოლმე, რომ სრულიად მოულოდნელი დასკვნები კეთდებოდა, რომლებიც შემდგომ მთელი რიგი ექსპერიმენტებით მტკიცდებოდა. თუმცა, როდესაც საქმე რაღაც სერიოზულ საკითხს ეხებოდა, ბევრს ფიქრობდა და აანალიზებდა, ყოველმხრივ აწონიდა და ისე იღებდა გადაწყვეტილებას. შესანიშნავი მოჭიდავე, საოცარი ფიზიკური ძალის პატრონი გახლდათ, თუმცა თავის ძალას არასრდოს იმჩნევდა და ამჟღავნებდა, ეს მისი თავმდაბლობის მანიშნებელი იყო. საოცრად გულკეთილი იყო, ვაჟკაცური და ძალიან პატიოსანი, ადამიანის დასახმარებლად შემართული.
ახალგაზრდობაში ხშირად ვაწყობდით ხოლმე ლაშქრობებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, 10 კაცი შევიკრიბებოდით და საძილე ტომრებითა და ზურგჩანთებით შეიარაღებულნი გზას გავუდგებოდით. ერთხელაც მესტიიდან უშგულში მივდივართ, ერთი ცხენი დავიქირავეთ, რომ ჩვენი ბარგი აგვეკიდა და თავისუფლად გვევლო, გზად მიმავალნი მახლობელ სოფელში გავჩერდით, წავიხემსეთ და ის არის, უნდა გავუყვეთ გზას, ისმის ქალის ტირილი - მიშველეთ, ბიჭი ხიდან ჩამოვარდა, ფეხი მოიტეხა, ცხენი მომეცით, რომ მესტიაში წავიყვანოო; მე უკვე ექიმი ვარ იმ პერიოდში, პირველი დახმარება აღმოვუჩინე ბიჭუნას, არტაშანი დავადე, იმობილიზაცია გავუკეთე, შევუკარი და ის იყო ცხენის განთავისუფლება დავიწყეთ, რომ თენგიზმა თქვა - არ გინდათო, მოჰკიდა ბავშვს ხელი, ზურგზე შეისვა და ასე ფეხით ჩაიყვანა მესტიაში. იქ იმხანად ჩემი მეგობარი, ძალიან კარგი ქირურგი, შამილ ფილფანი მუშაობდა, ბიჭი მივუყვანეთ, ჩავაბარეთ და მერე დავეწიეთ ჩვენს გუნდს. ასეთი დაუღალავი და დიდი გულის პატრონი იყო თენგიზი!
1976 თუ 1978 წელს, ზუსტად არ მახსოვს, საბჭოთა კავშირის დელეგაცია ინდოეთში, დელიში გაემგზავრა ფიზიოლოგთა საერთაშორისო კონგრესზე. დელეგაციაში იყვნენ ვაჟა ოკუჯავა, თენგიზ ონიანი და ვახტანგ მოსიძე, დანარჩენი - რუსები, სულ 40 კაცამდე. ორი დღის შემდეგ მოაწყვეს ექსკურსია ოკეანეზე. რუსი ქალების ამბავი მოგეხსენებათ, გაიხარეს, უმალ გაიხადეს და შეცურეს. ისმის საშინელი ყვირილი, აღელდა ოკეანე და თურმე კირა შულეიკინა - საბჭოთა დელეგაციის ერთ-ერთი წევრი, ულამაზესი ქალი, მოსკოველი პროფესორი, იხრჩობა. არ დააყოვნა თენგიზმა, გადახტა და ნაპირზე გამოიყვანა, პირველი დახმარებაც აღმოუჩინა და, მოკლედ, ქალი სიკვდილს გადაარჩინა. იმ საღამოს დელიში გაზეთები იუწყებოდა, რომ საბჭოთა კავშირის დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, არარუსმა საქართველოდან, რუსი ქალი გადაარჩინა. ასეთი უშიშარი და თავგანწირული იყო თენგიზი!
თენგიზ ონიანი 1928 წლის 25 ივნისს ლენტეხის რაიონის სოფელ სასაშში დაიბადა. აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა და მშობლიურ სკოლაშივე ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. დიდი ფიზიკური ძალისა და სპორტული მონაცემების გამო მაშინდელი ფიზკულტურის ინსტიტუტის სტუდენტი გახდა, სადაც ცოდნას მოწყურებული ახალგაზრდის ინტერესი, როგორც ჩანს, სრულად ვერ დაკმაყოფილდა და მალევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა.
ნეიროფიზიოლოგიის სფეროში მუშაობა 1950-იანი წლებიდან, აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო და სულ მალე ბერიტაშვილის წარმატებული მოწაფე გახდა.
1979 წელს თენგიზ ონიანი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა აკადემიკოსი გახდა. მისმა მონოგრაფიებმა ნეიროფიზიოლოგებისთვის უმაღლესი ჯილდოები - ივანე ბერიტაშვილისა და ივანე თარხნიშვილის სახელობითი პრემიები მიიღო.
ათეულობით წლების განმავლობაში თენგიზ ონიანის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევები საფუძვლად დაედო საქართველოში ძილის მედიცინის განვითარებას, მის მიერ მიღებულმა სამეცნიერო შედეგებმა მნიშვნელოვნად შეცვალა ძილის ფენომენოლოგია, წარმოდგენები ძილის ფაზათა ნეირობიოლოგიურ მექანიზმებსა და ფუნქციებზე ნორმისას და სხვადასხვა პათოლოგიის დროს.
აკადემიკოს თენგიზ ონიანის წვლილი მოტივაციურ-ემოციური რეაქციების ნეიროფიზიოლოგიის, ძილის ფენომენოლოგიის, ძილ-ღვიძილის ციკლის ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმებისა და ფუნქციური დანიშნულების, ძილის დარღვევათა პათოფიზიოლოგიის კვლევაში ზედმიწევნით არის ასახული მის მეცნიერულ მემკვიდრეობაში, რაც სამასამდე სამეცნიერო სტატიას, ექვს თემატურ კრებულს და სამ მონოგრაფიას შეადგენს.
აკადემიკოს თენგიზ ონიანის სახელს უკავშირდება ბევრი ახალგაზრდის დაინტერესება მეცნიერებით, კერძოდ, ნეიროფიზიოლოგიით. მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია 30-მდე საკანდიდატო, 7 მეცნიერებათა დოქტორისა და 3 აკადემიური სადოქტორო დისერტაცია. ბატონი თენგიზის აღზრდილები წარმატებით განაგრძობენ მეცნიერულ მოღვაწეობას მის მიერ 50 წლის წინ დაფუძნებულ ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის ლაბორატორიაში, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის სამეცნიერო ლაბორატორიებში.
ბატონი თენგიზი 1980 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიისა და ექსპერიმენტული მედიცინის (შემდგომში - ფიზიოლოგიისა და მედიცინის) განყოფილებას, იყო საქართველოს პარლამენტის მეოთხე მოწვევის წევრი. გამორჩეული პიროვნული და მოქალაქეობრივი თვისებების, დიდი მეცნიერული ავტორიტეტისა და დამსახურების გამო მიღებული ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - „ღირსების ორდენი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.