კახა კალაძე: პასუხისმგებლობა იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს ეკისრებათ, რომლებიც ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს პირდაპირ მოუწოდებდნენ პარლამენტში შევარდნისკენ
26-06-2019, 12:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა, როგორც მმართველ გუნდს, ასევე, ყველა იმ პოლიტიკოსს ეკისრება, რომელმაც აქციის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრისკენ პირდაპირ მოუწოდა.

 

 

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პოლიტიკოსებმა ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტის ძალიან ცუდი ფორმით გამოყენება სცადეს.

 

 

„რუსთაველის გამზირზე ემოციურად ძალიან მძიმე მოვლენებს ჰქონდა ადგილი. სამწუხაროა, რომ კონკრეტული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან ძალიან ცუდი ფორმებით, ჩვენი ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტის გამოყენება მოხდა. სამწუხაროა ისიც, თუ როგორ განვითარდა მოვლენები. ძალიან მძიმე სანახავი იყო, რაც პარალმენტის სხდომათა დარბაზში მოხდა. ამაზე პასუხისმგებლობა ჩვენს გუნდს ეკისრება და ეს კარგად გვაქვს გააზრებული. რეაგირება მყისიერი იყო - პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ღირსეული ნაბიჯი გადადგა და თანამდებობა დატოვა. ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები იმ საღამოს. ემოციურად ძალიან რთულია ამ ყველაფერზე ისაუბრო იმიტომ, რომ მძიმეა სურათი, რაც მივიღეთ. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებლობა იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს ეკისრებათ, რომლებიც ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს პირდაპირ მოუწოდებდნენ პარლამენტში შევარდნისკენ. ამას სამართლებრივი რეაგირება უნდა მოყვეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

მისივე თქმით, ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების ფაქტებსაც და ყველა, შესაბამისად აგებს პასუხს.

 

 

„ჩვენ ასევე, ვნახეთ ცალკეული ეპიზოდები ძალის გადამეტების და ამაზე უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწყებული აქვს მოკვლევა. პროკურატურაშიც მიმდინარეობს მოკვლევა კონკრეტულ ფაქტებზე და ყველა აგებს პასუხს, ვინც ქვეყნის საწინააღმდეგოდ გულწრფელი პროტესტის გამოყენებას, სახელმწიფო გადატრიალებას და დამხობას ცდილობდა. რა თქმა უნდა, ასევე დაისჯება ყველა, ვინც ძალას გადაამეტა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

ამასთან, დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ტურისტულ მიმართულებაზე და ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე. მისი თქმით, საქართველოში მყოფ არცერთ ტურისტს და მათ შორის, რუს ტურისტსაც პრობლემა არ შეექმნება და მათი უსაფრთხოება იქნება დაცული.

 

 

„ჩემი ქალაქისთვის და ქვეყნისთვის ტურიზმის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას გვიხაროდა, ბოლო წლების განმავლობაში როგორი სტატისტიკაც იყო ტურისტული ზრდის მიმართულებით. საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია. ფაქტი, რომ ტურისტების მიმოსვლა შეიზღუდოს, სამწუხაროა იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, ეკონომიკაზე აისახება. ძალიან მარტივია გადავხედოთ მონაცემებს - ბოლო წლებში რამდენი სასტუმრო, კაფე-ბარი გაიხსნა, როგორ განვითარდა ჰოსტელები. ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის დამატებითი შემოსავალია. შესაბამისად, ის განცხადებები, რაც რუსეთის მხრიდან მოვისმინეთ, რომ ტურისტებს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლას აუკრძალავდნენ, ძალიან ცუდია.

 


ქართველებს ეროვნული ნიშნით არანაირი ფობია არ გააჩნიათ და ამის დასტური ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტული ტრადიციაა, რითაც ვამაყობთ. ჩვენი ქვეყნის არცერთ მოქალაქეს არ უნდა შეექმნას პრობლემა რუსეთში და ამავდროულად, არც რუს ტურისტს არანაირი პრობლემა არ უნდა შეექმნას საქართველოში. როგორც ყველა ტურისტის, ასევე რუსების უსაფრთხოება დაცული იქნება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა, მისი შესაძლებლობები, ულამაზესი ადგილები მთელ მსოფლიოს გავაცნოთ. გვაქვს ყველანაირი პირობა - მთა, ზღვა, სტუმართმოყვარეობა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოთი დაინტერესდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი