დამამძიმებელ გარემოებებში ვიტალი საფაროვის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულებს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
,,თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ვიტალი საფაროვის დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები ა.კ. და გ.ს. დამნაშავედ სცნო.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით 04:30 საათზე, ქ.თბილისში, ალექსანდრე დიუმას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ა.კ.-მ და გ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით ვიტალი საფაროვს დაზიანებები მიაყენეს. ა.კ.-მ დანით ვ.საფაროვს სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა ჭრილობები, ვ.საფაროვი შეეცადა თავი დაეღწია მისგან, რაც ვერ მოახერხა, ვინაიდან ზურგის მხრიდან იგი გ.ს.-მ დაიჭირა და იმ დროს, როდესაც ა.კ. აგრძელებდა საფაროვისთვის ჭრილობების მიყენებას, ე.წ. კასტეტით დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ვ.საფაროვი წაიქცა, ხოლო ა.კ. და გ.ს. შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ვიტალი საფაროვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ა.კ. და გ.ს. იმავე დღეს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - ჯგუფურად) და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ეროვნული შეუწყნარებლობის გამო) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს წარდგენილი ბრალდებიდან ამოურიცხა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობა ეროვნული შეუწყნარებლობის გამო), ისინი დამნაშავედ ცნო 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - ჯგუფურად) და სასჯელის სახედ და ზომად 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ბრალიდან 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის ამორიცხვის ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს და ორივე პირის ამ ნაწილში დამნაშავედ ცნობას და მათთვის სასჯელის დამძიმებას მოითხოვს", ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.