სამტრედიის გამგებელი ვალერი ფოცხვერია: თავის დროზე იმდენი დაპირებები იყო გაცემული, რომ ნეტავი ის შემასრულებინა
11-08-2015, 09:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვალერი ფოცხვერია სამტრედიის მუნიციპალიტეტს უკვე მეორედ ხელმძღვანელობს. პირველად, რაიონის სათავეში 1999 წელს მოვიდა, როცა სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა და ამ პოსტზე 2002 წლამდე დაჰყო. მეორედ კი გასულ წელს, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „კოალიცია ქართული ოცნებიდან“ იყარა კენჭი და ხალხმა გამგებლად აირჩია.  


რა განასხვავებს 15 წლის წინანდელ ადგილობრივ თვითმმართველობას დღევანდელისაგან, რამდენად თავისუფალია პირდაპირი გზით არჩეული გამგებელი გადაწყვეტილებების მიღებაში, რა ნიშნით აწინაურებს ან ნიშნავს თანამდებობებზე ადამიანებს, რატომ არ გასცა წინასაარჩევნოდ დაპირებები და რას ფიქრობს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გაცემულ დაპირებებზე, რა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება შეძლო მის გუნდთან ერთად, გამგებლად არჩევიდან 1 წლის განმავლობაში, როგორ ფიქრობს, რას იტყვიან მასზე სამტრედიელები წლების შემდეგ, ამ და სხვა შეკითხვებზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ვალერი ფოცხვერია ჩვენთან ინტერვიუში საუბრობს.




ბატონო ვალერ, დიდი მადლობა ინტერვიუზე თანხმობისათვის. პირველ რიგში მინდა ასეთი შეკითხვით დავიწყო. თქვენ იყავით სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარე 1999-2002 წლებში, დღეს კი, საკმაო დროის გასვლის შემდეგ, ისევ რაიონს ხელმძღვანელობთ - სამტრედიის გამგებელი ხართ. როგორ ფიქრობთ, რამდენად განვითარდა თვითმმართველობა ამ პერიოდის განმავლობაში და რამდენად იძლევა  თვითმმართველობის ახალი კოდექსი იმის საშუალებას, რომ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად, ცენტრისაგან ან სამხარეო ადმინისტრაციისაგან ჩაურევლად მიიღოთ?


რამდენიმე წლის უკან გახლდით სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარე, ორჯერ ვიყავი არჩეული, ჯერ საკრებულოს თავმჯდომარედ 1999-2002 წლებში და შემდგომ საკრებულოს სპიკერად, 2002-დან 2004 წლამდე. რაც შეეხება მაშინდელ თვითმმართველობას, აბსოლუტურად სულ სხვანაირი იყო ის მაშინ და ახლა ძირეულადაა განსხვავებული. ადრე თვითმმართველობა რაიონების დონეზე იყო ორსაფეხურიანი. პირველი დონე იყო სოფლის ან ქალაქის და მეორე დონეს რაიონის საკრებულო და გამგეობა წარმოადგენდა. კანონით, სოფელიც და ქალაქიც დამოუკიდებელ ერთეულებს წარმოადგენდნენ. დღევანდელი კანონმდებლობით კი მუნიციპალიტეტი არის მხოლოდ ერთი დონე. რა თქმა უნდა, წინსვლაა იმაში, რომ მაშინდელი გამგებელი ინიშნებოდა სახელმწიფოს მეთაურის, პრეზიდენტის მიერ, ხოლო რაიონული საკრებულო იყო მხოლოდ პროპორციული სისტემით არჩეული. დღევანდელი რეალობა სულ სხვაა. მოგეხსენებათ 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამგებლები პირდაპირი გზით იქნენ არჩეულნი, პირველად საქართველოს ისტორიაში, და რა თქმა უნდა, ფუნქციებიც განსახავებული გვაქვს. ვგულისხმობ იმას, რომ დღეს უფრო მეტი ფუნქცი აქვს რაიონის გამგებელს, ვიდრე მაშინ ჰქონდა. დამოკიდებულებაც საკრებულოსა და გამგეობას შორის სულ სხვანაირი იყო მაშინ, ახლა კი სულ სხვაა. რაც შეეხება ხელისუფლების ცენტარლური თუ სამხარეო შტოების ჩარევას ჩვენს საქმიანობაში, მინდა გითხრათ, რომ თვითმმართველობა არის დამოუკიდებელი, გამგებელი კი ანგარიშვალდებულია ამომრჩევლისა და საკრებულოს წინაშე. ასე რომ, გუბერნია, როგორც ასეთი, ამ შემთხვევაში არის უფრო საკონსულტაციო ორგანო, ვიდრე ხელმძღვანელი. ამ მხრივ, სრულიად თავისუფალი ვარ.


საკადრო გადაწყვეტილებების მიღებისას რა არის თქვენი ამოსავალი წერტილი? რა ნიშნით აწინაურებთ ადამიანებს?


საკადრო პოლიტიკა ასეთია აქ: 12 თანამდებობის პირი ინიშნება უშუალოდ გამგებლის მიერ. ეს დანიშვნები, ბუნებრივია, განვახორციელე და დავნიშნე აღნიშნულ პოსტებზე ჩემი გუნდის წარმომადგენლები. პირველ რიგში ვითვალისწინებ პროფესიონალიზმს. რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია არჩევნების შედეგიც. ყოველ შემთხვევაში ჩემს მუნიციპალიტეტში პროფესიონალიზმი თანამდებობაზე დანიშვნისას მთავარია. რაც შეეხება სხვა თანამდებობებს, აქ ჩატარდა ატესტაცია-კონკურსები. არსებობდა საატესტაციო-საკონკურსო კომისია, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზე შემდეგ გამგებელი ნიშნავს ამა თუ იმ პიროვნებას. სრულიად განსხვავებული გარემოა, ვიდრე ადრე იყო. დღეს ასეთი ტიპის დანიშვნები მხოლოდ კონკურსის შედეგების მიხედვით ხდება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც გამგებელი იღებს. მინდა გითხრათ, რომ მე გავითვალისწინე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნები, რომლის მიხედვითაც დავნიშნე თანამდებობებზე ის პირები, რომელთაც წამრატებით გაიარეს ატესტაცია.  
დაპირებების რა ნაწილის შესრულება შეძელით თქვენი არჩევიდან 1 წლის განმავლობაში?
თავის დროზე იმდენი დაპირებები იყო გაცემული, რომ ნეტავი ის შემასრულებინა. ასე რომ, ახალი დაპირებები ჩემი მხრიდან, არჩევნების წინ, არ ყოფილა. იმ დაპირებების შესრულების პროცესში ვიყავი და ვარ რაც იყო თავიდანვე „ქართული ოცნების“ მიერ გაჟღერებული. რაც შეეხება შესრულებას, ბევრი რამ სრულდება, არა მარტო ცალკე აღებული ერთ რომელიმე მუნიციპალიტეტში, არამედ  მთლიანად ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ დაპირებებიდან ძალიან ბევრი რამე უკვე შესრულებულია და დანარჩენიც შესრულდება, მაგრამ ყველაფერს თავისი ეტაპები აქვს.  


თქვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ კოალიციამ არათუ გაანახევრა ენერგო ტარიფები, როგორც დაპირება იყო გაცემული 2012 წლის არჩევნებამდე, არამედ გაზარდა ის. მოგეხსენებათ, „ენერგო პრო ჯორჯიამ“, 4 თეთრამდე უკვე გაზარდა დენის ტარიფი რეგიონებში. თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით ამ თემაზე?


მუნიციპალიტეტის დონეზე არ წყდება ეს  საკითხი, ეს ცენტრალური დონის საკითხებია, მაგრამ ჩემს შეხედულებას გეტყვით. თავის დროზე როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ტარიფებმა ელექტროენერგიაზეც დაიწია და გაზზეც. მაშინ ჩვენი მოწინააღმდეგეები იძახდნენ, რომ ტარიფების 3-4 თეთრით დაწევა არაფერს არ ნიშნავსო და ახლა, როცა ისევ 3-4 თეთრით აიწია ამაზე ამბობენ, ეს რა ამბავიაო. ერთი სიტყვით, არ არის სასიამოვნო ტარიფების გაზრდა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ქვეყნის და მთელი რეგიონის საერთო ეკონომიკური მდგომარეობა. ამ ეტაპზე, ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ იყო. ტარიფები არ გაზრდილა იმ მასშტაბებით, რომ მან განსაკუთრებული დარტყმა მიაყენოს რეგიონების მოსახლეობას, მით უფრო მთავრობის მეთაურმა, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ  სოციალურად დაუცველი ფენებისთვის ხელისუფლება გაზრდილ ტარიფზე სუბსიდირებას მოახდენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის აღნიშნული კატეგორია იგივე საფასურს გადაიხდის, რასაც დღემდე იხდიდა.


რახან ენერგო ტარიფებს შევეხეთ, გვინდა გკითხოთ იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების კუთხით. ამ პროცესში ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს, რომელიც სამტრედიელია, ალბათ გამორჩეული წვლილი მიუძღვის?


დიახ კახი გახლავთ სამტრედიელი, ძალიან ბევრს აკეთებს სამტრედიისთვის, მაგრამ ის არის სახელმწიფოს ვიცე პრემიერი და აქედან გამომდინარე, მარტო სამტრედიაზე არ ზრუნავს. მისთვის ყველა რეგიონი ერთნაიარად საზრუნავია და შესაბამისად, ყველა მუნიციპალიტეტში ცდილობს და ახერხებს კიდეც გაზიფიცირების საკითხების გადაწყვეტას.


რაც შეეხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირებას, ახლა მიმდინარეობს აქ სამუშაოები ინტენსიურად. ჩვენი მუნიციპალიტეტი დაყოფილია გაღმა და გამოღმა ზონებად. რაიონის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებად. მარჯვენა სანაპირო უფრო მოწესრიგებული იყო და გაღმა ზონაში ანუ მარცხენა სანაპიროზე არ არსებობდა საერთოდ ბუნებრივი აირი. ახლა კი ცენტრალური მაგისტრალები აბსოლუტურად ყველგან არის გაყვანილი. ჯერჯერობით მოსახლეობა ბუნებრივ აირს ვერ იღებს, რადგან გაზიფიცირების პროცესი მიმდნარეობს და  მისი დასრულების შემდეგ სოფლები ბუნებრივ აირს მიიღებენ.  


რაც შეეხება წარმოების განვითარებას, ამ კუთხით რა ნაბიჯები გადაიდგა ბოლო ერთ წელიწადში? მოხერხდა თუ ვერა საწარმოების გახსნა, გნებავთ პრემიერ-მინისტრის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ - ფარგლებში?


პრემიერ-მინისტრის პროგრამის ფარგლებში საწარმოები არ გახსნილა სამტრედიაში, მაგრამ არის რამდენიმე მცირე საწარმო, ზოგი გახსნის პირას არის და ზოგი გახსნილია. პრემიერ-მინისტრის პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებშიც არის რამდენიმე განაცხადი შეტანილი. ეს არის ეტაპობრივი პროცედურა  - პირველი, მეორე და მესამე და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არის ორი ორგანიზაცია, რომელმაც ორი ეტაპი გაიარა და ეხლა ელოდებიან მესამე ეტაპს. ასე რომ, ამ კუთხითაც მიმდინარეობს მუშაობა.


რა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება წელს თქვენს მუნიციპალიტეტში?


თვით მოსახლეობამ გვიკარნახა თუ რა იყო გასაკეთებელი. ძალიან მოუწესრიგებელი იყო ქალაქის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები. ყოველ წვიმიან ამინდში, სამტრედია თითქმის სულ იტბორება, ამიტომ გარკვეული პრიორიტეტი, რაც დავისახეთ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ეს იყო სანიაღვრე არხების მოწესრიგება და ეს პროექტი უკვე ხორციელდება. ასევე, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პროექტი გახლავთ ბაგა-ბაღების რემონტი, 22 ბაღი არის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  და ყველა მათგანი ძალიან მოუწესრიგებელი იყო. ორ ბაღს მთლიანად სახურავს ვუცვლით და დანარჩენს, ყველას, სველ წერტილებს ვუწესრიგებთ. ათეული წლებია მოუწესრიგებელი იყო სამზარეულო, სველი წერტილები. დავიწყეთ სანიტარული კუთხით პრობლემების მოგვარება, რომ სისუფთავე იყოს ბაღებში, შემდეგ კი დანარჩენი საკითხების მოწესრიგებასაც მივყვებით.


ასევე ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც მაღალმთიან სოფლებს ჰქონდათ, ეს გახლდათ  სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა. ასე ვთქვათ, კომუნისტების შემდეგ არ გარემონტებულა ბეტონის რეზერვუარები, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ბუნებრივია გამოსული იყო მწყობრიდან და ხალხს დაბინძურებული წყალი მიეწოდებოდა. რამდენიმე მილიონი სჭირდება აღნიშნული სოფლებისთვის სასმელი წყლის სისტემების მოწესრიგებას, მაგრამ ჩვენ დავიწყეთ საბოლოოდ მოვაგვარებთ ამ პრობლემებს. სამი ძირითადი პრიორიტეტი გვაქვს დასახული - ეს არის, პირველი, საბავშვო ბაღების, მეორე, სანიაღვრე არხების და მესამე, სასმელი წყლის სისტემების მოწესრიგება, დანარჩენები წვრილ-წვრილი პროექტებია, ინფრასტრუქტურული სარემონტო სამუშაოები და გზები.


სოციალური პროგრამებისთვის რა თანხებია გამოყოფილი წლევანდელ ბიუჯეტში და რამდენად სამართლიანად ნაწილდება ის მოსახლეობაზე? ხშირად ამ კუთხით ბევრი უკმაყოფილება გაისმის ხალხის მხრიდან. რამდენად ახერხებთ სოციალურად დაუცველთა დაკმაყოფილებას?


ჩვენთან რამდენიმე პროგრამა არსებობს. მაგალითად ვეხმარებით მრავალშვილიან ოჯახებს, ლეიკემიით დაავადებულებს, ასევე არსებობს ერთჯერადი დახმარების პროგრამა,  გვინდა უსახლკაროთა დახმარების პროგრამის შექმნაც. ახლა ძირითადად ორიენტირებულები ვართ იმ ადამიანების დამხარებაზე, რომლებსაც სახელმწიფო უფინანსებს მკურნალობის ხარჯებს, ოპერაციასა თუ სხვა საჭიროებიდან გამომდინარე მკურნალობას. მოგეხსენებათ, ზოგს ეს 100 % ით უფინანსდება, ზოგს კი 70% -ით და ასე შემდეგ, ვისაც ცენტრალური პროგრამა სრულად ვერ ფარავს, ჩვენ 500 ლარამდე ვუვსებთ იმ დანახარჯს, რაც დააკლდებათ. დაახლოებით 100 ადამიანზე მეტს უკვე დავეხმარეთ ამ პერიოდში. ყველაზე დიდი პრობლემა ადამიანისთვის არის ჯანმრთელობა, სახელმწიფოსაც დიდი თანხები აქვს ჩადებული და ჩვენც არ ჩამოვრჩით ამ კუთხით, ვეხმარებით მოსახლეობას. თუმცა მინდა გითხრათ, რომ მოთხოვნა უფრო მეტია ვიდრე შესაძლებლობა.


როგორ ფიქრობთ, რას იტყვიან თქვენზე სამტრედიელები წლების შემდეგ?


არ ვიცი რას იტყვიან, მე ვცდილობ რომ კარგი საქმეები ვაკეთო და უპირველესად ჩემს სახელს და რეპუტაციას გავუფრთხილდე. „სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოვლისა მოსახვეჭელსაო“ - ეს უფრო მაინტერესებს მე.  


ნათია მელქაძე

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი