რას პასუხობს ახალქალაქის გამგებელი ედუარდ აღასარიანი მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილს საეჭვო ტენდერებთან დაკავშირებით?
13-08-2015, 09:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვიათარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, მაშინ როცა ის მინისტრის მოადგილე იყო, განაცხადა, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ერთი და იგივე კომპანიები საეჭვოდ იგებენ ტენდერებს, მან ამ მუნიციპალიტეტების  რიცხვში ონისა და მესტიის გვერდით, ახალქალაქიც მოიხსენია.


„ახალქალაქშიც ასე ხდება, ყველა ტენდერს "ჯავახ ავტოგზა" იგებს. ამ საკითხს პირადად შევისწავლი. თუ მსგავსი ინფორმაცია დადასტურდება, გარწმუნებთ, გამგებლების თავები დაიყრება! მეც მაქვს ინფორმაცია, რომ გამგებლების ნაწილი მამაძაღლობს, მაგრამ დასამტკიცებლად ფაქტები და კომპანიების დახმარება მჭირდება," - განაცხადა  ჯავახიშვილმა ამა წლის მარტში, ერთ-ერთ ინტერვიუში.


რას პასუხობს ნოდარ ჯავახიშვილს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედუარდ აღასარიანი ზემოთ აღნიშნული განცხადების გაკეთებიდან 5 თვის შემდეგ, რატომ გაათავისუფლა მან სამსახურიდან რამდენიმე დღის წინათ, ერთდროულად 54 ადამიანი, ჰყავს თუ არა დანიშნული ნათესავი ან ახლობელი რაიმე თანამდებობაზე და რა ურთიერთობების დამყარებას გეგმავს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობა დასავლეთის ქვეყნების რეგიონებთან, ამას დაბლა მოცემული ინტერვიუდან შეიტყობთ.


ბატონო ედუარდ, თქვენი გამგებლად არჩევიდან ერთი წლის შემდეგ, რა შეფასებას მისცემდით განვლილ პერიოდს, რამდენად შეძელით ამომრჩეველთა წინაშე გაცემული დაპირებების შესრულება? რა მსხვილი პროექტები ხორციელდება თქვენს მუნიციპალიტეტში წელს და რა ოდენობის თანხები იხარჯება ამისათვის?


ერთი წელი გავიდა არჩევნებიდან და ჩვენი აქცენტი უმთავრესად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე კეთდება. ქალაქის ქუჩების მოასფალტების კუთხით 85 % სამუშაოების დასრულებულია და ახლა გადავინაცვლეთ დიდ სოფლებში, წინასაარჩევნო დაპირებების შესასრულებლად. არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელი, დინისკა, სადაც 3 000 ადამიანი ცხოვრობს.  იქ დავიწყეთ ასფალტის დაგება, ახლა მიმდინარეობს სამუშაოები, დაახლოებით უნდა დაიგოს 1 700 მეტრი. ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან გამოყოფილი თანხებიდან 1 მილიონ 700 ათასი მხოლოდ გზების მოასფალტებას ხმარდება, ამას ემატება 1 300 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ასევე კეთდება გარე განათება, რომელიც ჩვენს ქალაქში პრაქტიკულად დავამთავრეთ, ძალიან ცოტა დარჩა და ნელ-ნელა გადავდივართ სოფლებში. მუნიციპალიტეტში 64 სოფელია და ყველგან უნდა გავაკეთოთ გარე განათება.


მინდა გითხრათ, რომ სასმელი წყლის სისტემების მოწესრიგებაც მიმდინარეობს. არსებობს რამდენიმე სოფელი (სულდა, დადეში, მოზალი და მიასნიკიანი), სადაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საერთოდ არ ყოფილა წყალი, უკვე 25 წელია. 600 000 ლარის ღირებულების დაფინანსებით, ოთხი სოფლისთვის გაგვყავს 25 კილომეტრიანი მილი.


პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ჩამოყალიბებული პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში რაიმე საწარმო თუ გაიხსნა ან დაგეგმილია გახსნა?


გაიხსნა რძის გადამამუშავებელი სამი ქარხანა, აწარმოებენ ყველს. შვეიცარიულ ყველს რომ ვეძახით, იმას სწორედ ჩვენთან აწარმოებენ. ასევე საკმაოდ განვითარდა კარტოფილის კულტურის მოყვანა. უკვე კარტოფილი ევროპული ტექნოლოგიებით ითესება, რაც იმას ნიშნავს, რომ მიიღება მეტი მოსავალი და დანახარჯი ნაკლებია.


გაქვთ თუ არა უცხო ქვეყნის რომელიმე რეგიონთან ან ქალაქთან ეკონომიკური ან სხვა სახის ურთიერთობები და თქვენი აზრით, რამდენადაა საჭირო მსგავსი ურთიერთობების დამყარება, თუ გნებავთ გამოცდილების მიღების მხრივ?


სიმართლე რომ გითხრათ, მუნიციპალიტეტს არა, მაგრამ ჩვენთან არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც  ხელს ვუწყობთ ამ კუთხით. მაგალითად, ორჯერ იყვნენ ესტონეთში ჩასულები არასამთავრობოების წარმომადგენლები. აი, ზუსტად რძის გადამამუშავებელი ქარხნების მუშაობას გაეცნენ იქ და შესაბიმასად, საინტერესო გამოცდილებაც მიიღეს. უცხოეთთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში ძირითადად სოფლის მეურნეობაა განვითარებული, ამიტომ ევროპული ტექნოლოგიით უნდა ვაწარმოოთ იგივე კარტოფილი, ყველი, რომ ნაკლები დანახარჯი იყოს და უფრო მეტი მოგება ნახოს ფერმერმა. ასე, რომ დასავლეთის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინება საკმაოდ მნიშვნელოვანია და ამ კუთხით მუშაობის გაფართოებას ვაპირებთ. გვინდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობაც ჩაერთოს ამ მიმართულებით.


მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში ხომ არ აპირებთ მონაწილეობას?


ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შემიძლია, არც მიფიქრია ამ თემაზე, სიმართლე რომ გითხრათ.


რამდენად აწყდებით სირთულეებს ამ პოსტზე საქმიანობისას? როგორ თვლით, დღევანდელი გადმოსახედიდან, რამდენად სწორი იყო 2014 წლის არჩევნებში თქვენი გამგებლის თანამდებობაზე კენჭისყრის გადაწყვეტილება? ხომ არ გინანიათ თქვენი ეს გადაწყვეტილება?


ძალიან რთული სამუშაოა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს გადავწყვიტე იმიტომ, რომ მე თვითონ ვარ ახალქალაქელი, აქ დავიბადე და მინდა, რომ რაღაცაში დავეხმარო ჩემს მოსახლეობას. მინდა კარგი საქმე გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის.


თუ გყავთ დანიშნული ნათესავი ან ახლობელი რაიმე თანამდებობაზე? რაიმე შეღავათები თუ გაგიწევიათ მათთვის სამსახურში აყვანისას, ასეთი ფაქტების არსებობის შემთხვევაში?

 


ნებისმიერს შეუძლია შეამოწმოს, რომ მე გამგეობაში  ნათესავები ნამდვილად არ მყავს დასაქმებული, მაგრამ ახალქალაქი იმდენად პატარა ქალაქია, რომ აქ ყველა ერთმანეთს იცნობს, ბევრი ერთმანეთის ნათესავი და მეგობარია და ამ პრინციპით რომ მოვიქცე, ე.ი. არავინ არ უნდა დავნიშნო. რაც მთავარია, სამსახურში აყვანისას ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ რომ პიროვნება იყოს პროფესიონალი და კარგი კადრი, რათა საქმე უფრო მეტად წავიდეს წინ. არანაირი შეღავათები არ უკეთდება არავის. როგორც წესი და კანონი ითხოვს, ისე ხდება კადრების აყვანა. ზუსტად ახლა მოვხსენი 54 ადამიანი იმის გამო, რომ გამოცდები ვერ ჩააბარეს.


რამდენად გამჭვირვალედ ტარდება ტენდერები? მახსოვს, რეგიონული განვიათარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ბატონმა ნოდარ ჯავახიშვილმა, მაშინ როცა ის მინისტრის მოადგილე იყო, განაცხადა, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ერთი და იგივე კომპანიები საეჭვოდ იგებენ ტენდერებსო, მან ამ რაიონების რიცხვში ახალქალაქიც დაასახელა.  წაგიკითხავთ ციტატას, რომელიც ნოდარ ჯავახიშვილს ეკუთვნის. „ახალქალაქშიც ასე ხდება, ყველა ტენდერს "ჯავახ ავტოგზა" იგებს. ამ საკითხს პირადად შევისწავლი. თუ მსგავსი ინფორმაცია დადასტურდება, გარწმუნებთ, გამგებლების თავები დაიყრება! მეც მაქვს ინფორმაცია, რომ გამგებლების ნაწილი მამაძაღლობს, მაგრამ დასამტკიცებლად ფაქტები და კომპანიების დახმარება მჭირდება," - განაცხადა  ჯავახიშვილმა ამა წლის მარტში ერთ-ერთ ინტერვიუში. რა ხდება თქვენთან ამ მხრივ, რა პასუხს გასცემდით ბატონ ჯავახიშვილს? ვინმე დაინტერესდა ამ კუთხით, ნოდარ ჯავახიშვილის ამ განცხადების შემდეგ?


ეს ჩვეულებრივად შეიძლება შემოწმდეს,  ინტერნეტის საშუალებით. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შევიდეს და შეამოწმოს, რა როგორ კეთდება. ყველაფერი აბსოლუტურად კანონის ფარგლებში ხორციელდება. ჩემი გამგებლობის პერიოდშიც მოუგია რამდენიმე კომპანიას ტენდერი.  მაგალითად შემიძლია დავასახელო აღნიშნული კომპანიებიც. ეს არის კომპანია „არალი“, იგივე „ჯავახ ავტოგზა“, სხვები, ყველას ვერ ვიხსენებ. მე მგონი, რა კომპანიაც კი არსებობს ახალქალაქში, ყველას რაღაც ტენდერი მაინც აქვს მოგებული. ეს ინფორმაცია მოგეხსენებათ, საჯაროა, დევს ინტერნეტში და ნებისმიერს შეუძლია რომ ნახოს. 4-5 დიდ კომპანიას აქვს მოგებული ჩვენთან ტენდერები, მე რაც ვმუშაობ. მანამდე რა იყო, ეს მე არ ვიცი.  


ნათია მელქაძე

კომენტარები: 1
#1   xachatur markaryan
      
ახალქალაქში არ ვიცი და ეს კომპანია რომ უკვე დაახლოვებით 10 წელია ნინოწმინდაში იგებს ტენდერებს - ეს ფაქტია. და აუცილებლად უნდა შემოწმდეს რომ ეს კომპანია სინამდვილეში ვის ეკუთვნის - რა რატომ ამ კომპანიის გარდა არცერთი კომპანია არ იღებდა მონაწილეობას არც ნინოწმინდაში და არც ახალქალაქში? იმიტომ ამ ჯავახქავტოგზას მფარველობს ძალიან გავლენიანი პიროვნება

და ვინც ჩააბარა ტესტები სხვა რაიონებიდან იმათ რატომ უთხარით უარი სამსახურში მიღებაზე? და ვითომ გასაუბრებებს რომ ატარებთ და ვინც გინდათ იმათ ღებულობთ და ვინც არ გინდათ იმათ სახლებში უშვებთ - ეს რას ნიშნავს?
13 აგვისტო 2015 11:21
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი