რატომ „არ აღიარა“ რუსეთმა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ 1992–93 წლებში?!
15-08-2015, 00:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გასული საუკუნის 90 იან წლებში, როცა ირღვეოდა სსრკ, მისმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, პარალელურად რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან უნისონში, დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე მდგარ საქართველოს მიმართ აგრესიული პოლიტიკა აწარმოეს, როგორც ცხინვალის რეგიონში ისე აფხაზეთში, როდესაც ხელი შეუწყეს ეთნოკონფლიქტების გაღვივებას და ცალსახად ოსი და აფხაზი სეპარატისტების მხარე დაიჭირეს!... ამას მოჰყვა, საქართველოს მხრიდან, – როგორც ეროვნული მოძრაობის ლიდერების ნაწილის, ისე ადგილობრივი მმართველების გაუთვლელი ნაბიჯები, რამაც საფუძველი ჩაუყარა შემდგომ წლებში ოსურ – ქართული და აფხაზურ–ქართული კონფლიქტების სისხლიან განვითარებას. 1992 წლის ივლისის დაგომისის სამშვიდობო ხელშეკრულებით, ოსურ–ქართული დაპირისპირება „გაყინულ კონფლიქტად“ გადაიქცა, ანუ, დაგომისში შემუშავდა „სამშვიდობო ფორმატი“, რომლის მონაწილეებიც იყვნენ საქართველო, რუსეთი, ეუთო და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ და ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლებიც(?). ეს სამშვიდობო ფორმატი მუშაობდა 2008 აგვისტომდე...

 

 

დრამატულად წარიმართა მოვლენები აფხაზეთის მიმართულებითაც. პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მიერ აფხაზებთან მიღწეული კომპრომისული შეთანხმებები არ გახდა საკმარისი დაძაბული მდგომარეობის განსამუხტად. ხოლო, 1991 წლის დეკემბერში თბილისში დაწყებულმა სახელმწიფო გადატრიალებამ, რომელიც სამოქალაქო ომში გადაიზარდა, 1992 წლის 14 აგვისტოს საბედისწერო ნაბიჯი გადაადგმევინა იმდროინდელ სახელმწიფო საბჭოს (ხუნტას!) ედუარდ შევარდნაძის მეთაურობით, – ქართული სამხედრო ფორმირებები (მძიმე ტექნიკა) გადაადგილდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სადაც მოხდა საბრძოლო შეტაკება აფხაზურ რაზმებთან, დაიღვარა სისხლი და ასე დაიწყო ომი აფხაზეთში, რომელშიც 1993 წლის სექტემბერში, რუსეთის ფედერაციის დახმარებით გამარჯვება დარჩათ აფხაზ სეპარატისტებს... ამის შემდეგ, ორივე კონფლიქტის (სადაც განხორციელდა ქართველების ეთნოწმენდა!) მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, მასში ჩაერთნენ საერთაშორისო ორგანიზაციები! ორივე რეგიონში, სამშვიდობო ხელშეკრულებების საფუძველზე, დსთ–ს მანდატით განლაგდნენ რუსეთის სამშვიდობო ძალები და გაეროს (აფხაზეთში) და ეუთოს („სამხრეთ ოსეთში“) დამკვირვებლები!

 

 

დიახ, მიუხედავად ჩვენი მარცხისა, 1994 წლის მოსკოვის ხელშეკრულებით და ყველა სხვა საერთაშორისო დოკუმენტებში, რუსეთი ცნობდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს იურისდიქციას ორივე სეპარატისტულ რეგიონზე! რუსეთმა, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის აღიარება“ მოახდინა, მხოლოდ – 2008 წლის 26 აგვისტოს... ბუნებრივია, იბადება კითხვა, რატომ „არ აღიარა“ რუსეთმა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“, – 1992–93 წლებში? რამდენიმე მიზეზი არსებობს ამის ასახსნელად. პირველი, საგარეო ფაქტორი, დასავლეთი, რომელიც აქტიურად ეხმარებოდა კომუნისტური მმართველობისაგან ახლად განთავისუფლებულ რუსეთის იმდროინდელ "დემოკრატიულ" ხელისუფლებას, შეეწინააღმდეგებოდა საქართველოს ტერიტორიის მთლიანობის ხელყოფას „დემოკრატიული“ რუსეთისგან. და მეორე, რუსეთის ეს ქმედება, შეიძლება „მისაბაძი“ გამხდარიყო ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებისთვის, ანუ ისინიც მოითხოვდნენ რუსეთისგან „დამოუკიდებლობას“.

 

 

სსრკ–ს დაშლის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის კავკასიის მონაკვეთი და მასში შემავალი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკები ესაზღვრება საქართველოს, სადაც კავკასიის ცენტრალური ქედი ყოფს ქართველ და ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხებს. ამ მიმართულებას კი, მეტად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს რუსეთისთვის, იმიტომ, რომ სეპარატიზმის პრობლემები საფრთხეს უქმნიდა და უქმნის რუსეთის ფედერაციის ერთიანობას, რაც დადასტურდა რუსეთ–ჩეჩნეთის ორი ომით. ჯერ კიდევ სსრკ–ს პერიოდში, როცა დაიწყო ყარაბახის კონფლიქტი ნათელი გახდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების და მთლიანობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში, უპირველესი დამაბრკოლებელი და ხელისშემშლელი ფაქტორი იქნებოდა, მასში შემავალ ავტონომიებში არსებული სეპარატისტული განწყობები, რომლებიც „იკვებებოდნენ“ მოსკოვიდან!.. სსრკ–ს დაშლის შემდეგ, ეს „ტრადიცია“ რუსეთის ფედერაციამ განაგრძო, მიზანი იყო შემდეგი, რომ საქართველო არ და ვერ გასულიყო რუსეთის გავლენის სფეროდან და გაწევრიანებულიყო დსთ–ში, რაც მთავარია, შენარჩუნებულიყო რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოში, - რაც შეიძლება დიდხანს!..

 

 

უნდა აუცილებლად ითქვას ისიც, რომ იმ პერიოდში რუსეთი თვითონ განიცდიდა უმძიმეს რყეევებს, არსებობდა რუსეთის ხელისუფლებაში კომუნისტების დაბრუნების საშიშროება, ამიტომ დასავლეთი ყველანაირად ეხმარებოდა ე.წ. რუსულ "დემოკრატიულ ძალებს" (ელცინს), რათა მათ არ დაეკარგათ ხელისუფლება!.. აქედან გამომდინარე, საქართველოს ტერიტორიულ პრობლემებზე და მათში რუსეთის ნეგატიურ როლზე, დასავლეთი გარკვეულწილად „დუნედ“, ანუ ფრთხილად რეაგირებდა!.. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო 1994 წელს შევიდა დსთ–ში, რუსეთმა მაინც არ გადადგა ნაბიჯი საქართველოს გასამთლიანებლად. რატომ?! იმიტომ, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას მიაჩნდა, თუ გამთლიანებული საქართველო „ერთ მშვენიერ დღეს პოლიტიკურ კურსს“ შეიცვლიდა, მაშინ რუსეთს არ ექნებოდა ქმედითი ბერკეტი საქართველოზე ზემოქმედების მოსახდენად!..

 

 

სწორედ ამიტომ, რუსეთმა თავისი ბერკეტების გასაძლიერებლად მოახდინა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობების აღიარება", ისარგებლა რა, დასავლეთის მიერ კოსოვოს "დამოუკიდებლობის" (პრეცენდენტით) ცნობით და სააკაშვილის წინდაუხედავი პოლიტიკით! დღეს კი, რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსიის ფონზე, არსებობს რეალური საშიშროება, რომ რუსეთი იგივეს მოიმოქმედებს მის მიერ "დამოუკიდებლობა აღიარებული" აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ, ანუ მოახდენს მათ ანექსიას!!!...

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი