წარსულში და იმედია დღესაც, საქართველოში ყოველთვის დიდ პატივის მიაგებდნენ ჩვენს სახელოვან წინაპრებს, მათ შორის, განსაკუთრებით გვირგვინოსან მეფეებს, რომლებიც ქართველი ერის წინამძღოლებლად გვევლინებოდნენ ჩვენი ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთზე! ერთ-ერთი და ამასთანავე გამორჩეული გახლდათ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორე, რომელიც დიდი პატივისცემით იყო გარემოცული და ქართველმა ხალხმა სიყვარულით, - „პატარა კახი“ შეარქვა!
დღევანდელ საქართველოში რამოდენიმე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია და პოლიტიკური თუ სამოქალაქო აქტივისტი, რატომღაც მეფე ერეკლეს სახელს აიგივებენ „პრორუსულ პოლიტიკურ ორიენტაციასთან“ და ამით შეცდომაში შეჰყავთ ქართული საზოგადოებრიობა, უწინარესად კი, ქართველი ახალგაზრდობა! აბსოლუტურად მცდარია ის მოსაზრება, თითქოს და, მეფე ერეკლე „პრორუსული ორიენტაციის იყო“, ისტორიულ კონტექსტსაც (18-ე საუკუნე) რომ თავი დავანებოთ, ეს არ შეესაბამება სიმართლეს! საქმე ის არის, რომ მუსლიმურ გეოპოლიტიკურ გარემოცვაში მყოფი საქართველო და მისი მეფეები, განუწყვეტლივ ქრისტიანული აღმსარებლობის სახელმწიფოების და მოკავშირეების ძიებაში იყვნენ! ასევე მოქმედებდა მეფე ერეკლეც, ხოლო გეოგრაფიულად ქრისტიანულ რუსეთზე ახლოს არცერთი სხვა სახელმწიფო არ გახლდათ, ამიტომაც გააფორმა მასთან პატარა კახმა „გეორგიევსკის ტრაქტატი“ და ეს მოვლენა სულაც არ აიხსნება მეფე ერეკლეს, - „პრორუსობით“ თუ „რუსოფილობით“! მოკლედ, კატეგორიული მოთხოვნაა, რომ შეწყდეს პოლიტიკური სპეკულაციები მეფე ერეკლეს "პრორუსულ" ორიენტაციასთან დაკავშირებით!..
როგორ ისტორიულ მონაკვეთში მოუწია მეფე ერეკლეს მოღვაწეობა და ბრძოლა, რამ განაპირობა მისი „არჩევანი“, რომელმაც მომავალში გზა გაუხსნა საქართველოს ევროპისაკენ!..
უწყვეტი ომებისაგან სისხლდაცლილი და გამოფიტული მოვიდა საქართველო და ქართველი ერი მე-18 საუკუნის მიწურულამდე, - ტერიტორიები დაკარგული, დანაწევრებული, ოსმალეთისა და სპარსეთის მიერ ხარკდადებული, "შუაზე გაყოფილი" და მათი გავლენის სფეროებად გადანაწილებული. არ არსებობდა ერთიანი ქართული სახელმწიფო, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, არადა იმდროინდელ მსოფლიოში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურულ-სამეცნიერო თუ სხვა პროცესები, ჩვენ მიღმა ვითარდებოდა, რაც საქართველოს უქადდა სრულ ჩამორჩენილობასა და გაქრობას, თუ ქართველები არ მიიღებდნენ პოლიტიკურ, ზოგადეროვნულ გადაწყვეტილებას, რომელიც არსებულ სიტუაციაში გამოსავალი იქნებოდა!.. არჩევანი კი, დიდი არ იყო, რადგანაც ოსმალეთისა და სპარსეთის ისლამური იმპერიების ვასალად ყოფნა, გარანტირებულ დაღუპვასა და გადაგვარებას მოასწავებდა!
მე-19 საუკუნეში განვითარებულმა საერთაშორისო, სამხედრო-პოლიტიკურმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ოსმალეთის იმპერია წარმოჩინდა რეგიონის ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ და იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს უარს ეტყოდა ერეკლე მეფე და კრწანისის ომის შემდეგ, როცა რუსებმა დახმარება არ აღმოუჩინეს ერეკლეს, „თავზე გადაახევდა“ მათ „გეორგიევსკის ტრაქტატს“, მაშინ, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ თურქ-ოსმალების იმპერიაში აღმოვჩნდებოდით, - თბილისის და ქუთაისის რუსული გუბერნიების ნაცვლად, თურქული ვილაიეთები იქნებოდა, აქედან გამომდინარე შედეგებით!..
რუსეთის ერთმორწმუნე იმპერიის პოლიტიკური პროტექტორატის ქვეშ ყოფნა, ქართველებში მაშინვე კითხვის ნიშნებს აჩენდა, რუსების უცნაური და არაადეკვატური მოქმედებების გამო (ასპინძის ომი და სხვა)!..
დიახ, მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში საქართველოს მეფეები, რჩეული ერისკაცები თუ სასულიერო პირები, მუდმივად იყვნენ მოკავშირის ძიებაში დასავლეთის ქრისტიანულ სამყაროში და ეს ბუნებრივიც იყო, ვინაიდან მუსლიმურ გარემოცვაში მყოფი ქვეყნისთვის და ერისთვის, სწორედ ეს გახლდათ გადარჩენის ერთადერთი გზა! არაერთი დელეგაცია გაემგზავრა საქართველოდან ევროპელ მონარქებთან სხვადასხვა დროს (სულხან-საბას მოგზაურობა დასავლეთში..), რათა მათთან დამყარებული კავშირურთიერთობით დაეცვათ და განემტკიცებინათ საქართველოს დამოუკიდებლობა და ქრისტიანული სარწმუნოება! ასეთივე სახის მიმოსვლა და მიმოწერა ჰქონდათ ქართველ მეფეებს რუსეთის მთავრებთან და მონარქებთან, იყო დაპირებები როგორც დასავლეთიდან, ისე ჩრდილოეთიდან, მაგრამ, - საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, ბრძოლის ველზე მარტონი ვრჩებოდით, ურიცხვი მუსლიმების წინააღმდეგ!..
ქართლ-კახეთის მეფემ ერეკლე მეორემ, მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და „დიდი იმედით“, ერთმორწმუნე რუსეთის იმპერიასთან დადო ხელშეკრულება, "გეორგიევსკის ტრაქტატი" პროტექტორატის შესახებ, რომლის მიხედვითაც იზღუდებოდა მისი სამეფოს სუვერენიტეტი, მაგრამ ხელშეუხებელი იყო ბაგრატოვანთა დინასტიის უფლებამოსილება სამეფო ტახტზე! ერეკლე მეფე ბრწყინვალედ აცნობიერებდა, რომ ეს იყო იძულებითი პოლიტიკური არჩევანი - „ცუდსა და უარესს“ შორის, მაგრამ სხვა გამოსავალი, "უკეთესი", არ ჩანდა, იმიტომ, რომ არ არსებობდა!..
პატარა კახის სიკვდილის შემდეგ, მზაკვარმა და ვერაგმა "ერთმორწმუნე" რუსეთის იმპერიამ დაარღვია ორმხრივი ხელშეკრულება და გააუქმა მეფობა, ჯერ აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო შემდეგ დასავლეთ საქართველოში, ამას არ დასჯერდა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიაზეც აღმართა ხელი!..
ერეკლე მეფეს სიცოცხლეში ის რომ სცოდნოდა, რომ 3 წელიწადში მისი სიკვდილის შემდეგ, - რუსები ბაგრატიონთა 1000 წლოვან სამეფო დინასტიას და 1 600 წლოვან ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას ბოლოს მოუღებდნენ, - თავისი "გორდა ხმლით" თავებს დააჭრიდა, მის ირგვლივ მყოფ ყველა რუსს და მათთან "შეკრულ" ზოგიერთ ქართველს!!!
მე-19 საუკუნეში, საქართველოში "შემოსულმა ერთმორწმუნე" რუსეთმა არაერთხელ სისხლში ჩაახშო ქართველების აჯანყებები პროვინციებში რუსული მმართველობის შემოღების წინააღმდეგ, რუსულ ყაიდაზე, „თეთრად“ შეღება ქართული ეკლესია-მონასტრები და მალულად გაიტანა რუსეთში უამრავი უნიკალური ხატები და სხვა უძვირფასესი საეკლესიო საგანძური!.. ქართველების მისწრაფებამ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მდგომარეობდა იმაში, რომ დაემყარებინათ სამოკავშირეო ურთიერთობა ქრისტიანულ სამყაროსთან (განსაკუთრებით, ბიზანტიის დაცემის შემდეგ), - „ერთმორწმუნე“ რუსეთის იმპერიის ქმედებების შედეგად, დიდი იმედგაცრუება განიცადა!.. რუსეთის იმპერიის ოკუპაციის პირობებში, ქართველთა ახალ თაობებში არ განელებულა ჟინი საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლისა (1832 წლის შეთქმულება) და ერეკლესეულმა - „მშვიდობა ნახოს საქართველომა..“, - დადებითი შედეგები გამოიღო და მისი „ცუდი“ არჩევანის მეშვეობით საქართველოს მიეცა შანსი, რომ ქართველების განათლებული, ევროპულ ცოდნას ნაზიარები თაობები აღზრდილიყვნენ! დიახ, იმდროინდელი რუსეთის იმპერია საქართველოსთვის გახლდათ ერთადერთი გზასავალი ევროპისაკენ, სადაც რუსულ არისტოკრატიულ მაღალ წრეებში, ხაზგასმულად ფრანგულ ენაზე საუბრობდნენ და წარჩინებული ქართველი ახალგაზრდები რუსული ენის გარდა, სწორედ ევროპულ ენებზე (ფრანგული, გერმანული, ინგლისური) ეწაფებოდნენ ევროპულ განათლებას, მეცნიერებას, კულტურას! რად ღირს თუნდაც, მხოლოდ ილია ჭავჭავაძისა, ქართველი „თერგდალეულების“ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა, რაც მომასწავებელი იყო იმისა, რომ საქართველოს ვერაფერს დააკლებდა „რუსიფიკატორული“ პოლიტიკა, რომელსაც რუსეთის იმპერია მუდმივად აწარმოებდა! სწორედ, ილიას მეთაურობით ჩაეყარა საფუძველი დიდ ეროვნულ წამოწყებებს, რომლებიც დაეფუძნენ მეფე ერეკლეს ბრძნულ არჩევანს, - საქართველოს გადარჩენას და ამავდროულად, ქართველების დაუოკებელ ლტოლვას დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისაკენ!!!...
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.