"პუტინს, რომ ეთქვა არ შევხვდები საქართველოს პრეზიდენტსო, თბილისში უფრო გაუხარდებოდათ? ვიდრე ის, რაც მან თქვა, თუ სურვილი აქვს მზად ვარ შევხვდეო"!
ასეთი ორჭოფობით აბსურდამდე მივალთ... პოლიტიკოსებზე მოგახსენებთ, უწინარესად იმათზე, ვინც ამ წუთას ხელისუფლებაში არის, ზოგი მთავრობაში, ზოგიც პარლამენტში...
დიახ, გუშინ დღის ორი მთავარი პოლიტიკური "ნიუსი" იყო, - 1) აშშ-ს კონგრესმენთა რეკომენდაცია, 42 ხელმოწერით... 2) პუტინის რეპლიკა სოჭში... და "წავიდა" კომენტარები, პროგნოზები "ნაირნაირი", უმეტესად, პირველ ნიუსზე, - "აღფრთოვანებული", ხოლო მეორეზე, - მკვეთრად უარყოფითი!.. მივყვეთ თანმიმდევრობით...
ძალიან კარგია, რომ აშშ-ს 42 კონგრესმენი აშშ-ს მთავრობისგან ითხოვს საქართველოს დახმარებას და ნატო-ს ლონდონის სამიტზე ჩვენთვის მაპ-ის მონიჭებას.. მაგრამ, ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც "აღფრთოვანებასთან ერთად", ამ საქმეს თითქმის დასრულებულად მიიჩევენ, რადგან - "42 ამერიკელმა კონგრესმენმა დაიჯერა ახალი ხელისუფლების პოლიტიკური კურსის უცვლელობა, რომელსაც წინა ხელისუფლება (ანუ, "ნაცმოძრაობა") ახორციელებდა", - საინტერესოა მათ წარსულმა არაფერი ასწავლათ?! დაავიწყდათ განა, რომ პრეზიდენტი ბუში, თვითონ ლობირებდა და ლამის "უკან დასდევდა" გერმანიის კანცლერს მერკელს ბუქარესტში 2008 წლის აპრილში, რომ ხმის მიცემისას გერმანიას "შავი არ ჩაეგდო" საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხში და რა გამოვიდა აქედან?!
მანამდე კი, 2005 წლის მაისში, თბილისში თავისუფლების მოედანზე გამოსვლისას ბუში არ იყო, რომ განაცხადა, - "წითელი ხაზია გავლებული კავკასიის ცენტრალურ ქედზე და მას ვერავინ გადმოლახავს, საქართველოს სუვერენიტეტი ხელშეუხებელიაო", - არ იყო ასე, თუ მე ვიგონებ რამეს?! და, შემდგომ რა განვითარება ჰქონდა პოლიტიკურ პროცესებს, პრეზიდენტ ბუშის და ავანტიურისტი სააკაშვილის (სხვა, ნაცლიდერებთან ერთად!) 2005 და 2008 წლების "აქტიურობებს" საქართველოსთვის?!
ვინ მეტყვის, რამდენი კოლომეტრით არის დაშორებული ქართლის სოფელი იგოეთი, სადაც რუსული ტანკები გაჩერდნენ, კავკასიის ცენტრალურ ქედს?!.. თბილისის "აღება-არაღებამდე" ვინ მიიყვანა საქმე და რომელი პოლიტიკური სტრატეგიის თუ ტაქტიკის გამო მოხდა ეს?! და, ამ "ნაცსტრატეგიას" ერთგულობთ "ოცნებაში"?! არ გახსოვთ "ნაცების" ნაცოდვილარი "საგარეო კურსი", რომელიც ჩვენი მიწების 20% - ის ოკუპაციით "დაასრულეს"!? რა იყო კაცო, კოლექტიური ამნეზია შეგეყარათ ყველას?!.. არა მგონია, უბრალოდ დამოუკიდებლად აზროვნების, ან ნააზრევის გადმოცემის გეშინიათ (ერთმანეთშიც!), ვაითუ ავანტიურისტი სააკაშვილის "პატრონებს", რომლებიც დღეს თქვენ გპატრონობენ და ამით ბედნიერები ხართ (მაკკეინს "მხრები დაუკოცნეთ"..), არ მოეწონოთ ეს თქვენი ნაფიქრალი!.. დიახ, ასეა ეს და არა მგონია ვცდებოდე!! ბატონებო, დროულად განთავისუფლდით ამ შიშებისგან და თქვით ის, რაც საქართველოს სჭირდება!..
გადაუხვიე, დაუბრუნდეთ საკითხს.. მოკლედ, 42 კონგრესმენი კი არა, მთელმა კონგრესმა სრული შემადგენლობით და პლუს სენატმაც, რომ მოითხოვოს საქართველოსთვის მაპ-ის მიცემა, ეს, როგორც ზევით ავღნიშნე, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის და ვერ იქნება საკმარისი, რადგანაც გერმანიის "ერთ" კანცლერს და საფრანგეთის "ერთ" პრეზიდენტს შეუძლიათ დაბლოკონ ეს ამერიკული ინიციატივა!.. და არ დაგავიწყდეთ, რომ დასავლეთ ევროპის ნატო-ს წევრი თითქმის ყველა სახელმწიფო (იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ჰოლანდია, ბელგია და სხვები), როცა გადაწყვეტილებას ღებულობენ, მათთვის ძალზედ მნიშვნელოვანია საფრანგეთის და გერმანიის პოზიცია, ისინი, როგორც წესი ამ ორი დიდი სახელმწიფოს სტრატეგიულ ხედვას იზიარებენ განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში, რადგანაც "ცივი ომის" პერიოდთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები კარგად ახსოვთ!.. გერმანიას და საფრანგეთს კი, თუ რა ურთიერთობა აქვთ რუსეთთან ამაზე აღარ შეგაწყენთ თავს, იმედია, რომ ეს კარგად იცით!..
კარგი, გადავიდეთ მეორე "ნიუსზე" - პუტინის რეპლიკა და ქართული ისტებლიშმენტის რეაქცია... ჰოო, აქ ხომ ადექვატურ რეაგირებაზე საუბარიც ზედმეტია.. ხელისუფლება მყავს მხედველობაში, აბა, "ნაცებს" აზრი არც მოეკითხებათ, მათ დაანაწევრეს და დაღუპვის პირას მიიყვანეს ქვეყანა.. მოკლედ, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ, როგორც პირველი "ნიუსის" განხილვისას ვთქვი, რაღაც შეშინებულები ჩანან, როცა საგარეო კურსზე, ქვეყნის გამთლიანებაზე და რუსეთთან ურთიერთობაზე მსჯელობენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები.
დიახ, მეჩვენება, რომ პუტინს რომ ეთქვა არ შევხვდები საქართველოს პირველ პირებსო, არ მაქვს ამის სურვილიო, თბილისში უფრო გაუხარდებოდათ, ვიდრე ის, რომ, რაც მან თქვა - თუ სურვილი აქვს საქართველოს პირველ პირებს (ამ შემთხვევაში, პრეზიდენტს), მზად ვარ შევხვდეო!.. დაიზაფრა სუყველა, რანაირი კომენტარი არ მოვისმინე გუშინ.. მარგველაშვილმა - გაავანალიზებთ რეპლიკასო... კი მაგრამ, უმაღლეს თანამდებობებზე ბრძანდებით და ამ და სხვა მოსალოდნელ ვერსია-ვარიანტებს წინსწრებით თუ არ აანალიზებთ, აბა, რას საქმიანობთ სხვას?!.. მითუმეტეს, რომ აგერ ახლახანს დეკემბერში პუტინმა გამოთქვა მზაობა, რომ სავიზო რეჟიმი გააუქმოს საქართველოსთან და მაშინაც განაცხადა, რომ შეხვედრისთვის მზად არის, თუკი ქართული მხარის სურვილი იქნება.. ჰოდა გამაგებინეთ, თუ ღმერთი გწამთ, დიპურთიერთობების არ ქონის პირობებში სხვანაირად როგორ უნდა გითხრას, თუნდაც მოწინააღმდეგემ, მტერმა, რომ გავისაუბროთ, იქნებ რაღაცა გამოგვივიდესო?!..
უკაცრავად და, ჩვენ უფრო გვჭირდება ეს დიალოგი თუ რუსეთს? ჩვენი 20% ოკუპირებული თუ რუსეთის? რუსეთი უნდა ცდილობდეს ამ შეხვედრის ორგანიზებას თუ ჩვენ? ჩვენა გვყავს 400 000 დევნილი თუ რუსეთს? ჩვენ არ გვეუბნება მუდამ დასავლეთი, რომ დაალაგეთ ურთიერთობა რუსეთთანო? ომის შემდეგ, სააკაშვილი არ ეხვეწებოდა რუსებს, - შევხვდეთ სადაც გინდათ ყოველგვარი წინაპირობების გარეშეო? თქვენ რაღა მოგივიდათ, რომ ლამის წინაპირობების დაყენებამ გაიჟღერა მარგველაშვილის კომენტარში? რა, იქნებ ჩაშლა გინდათ და კონტაქტს გაურბიხართ? ან, მარტო გეშინიათ შეხვედრა, რომ არ იეჭვიანონ "ვიღაცეებმა" თქვენზე? აბა, რა გეგონათ, საქართველოს მართვა-პატრონობა ადვილი არ არის და თავგანწირვას მოითხოვს!.. ჩვენი თავდადებული ქართველი მეფეები ზღაპრის პერსონაჟები კი არ არიან?!..
გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთთან დიპურთიერთობა გაწყვეტილია და სამთავრობო თუ საპარლამენტო დონეზე ჩვენს ქვეყნებს შორის არანაირი კავშირები არ არის, გარდა აბაშიძე-კარასინის ფორმატისა, დაასწარით ისინიც ამ შეხვედრას და მოისმინეთ მათთგან გარკვეული ანგარიში, ეს რამდენადმე დადებით მუხტს შეიტანს და საქმიან ვითარებას შექმნის, რასაც უდიდესი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს, სანამ პირველი პირები ერთმანეთთან უშუალო პირდაპირ ურთიერთობებს ააწყობენ...
ვაჟკაცურად და გონიერად მოიქეცით, ნუ გეშინიათ, ახსენეთ ღმერთი, იახლეთ ორი ეპისკოპოსი და როგორც სტუმრებმა ეს თხოვნა შეუთვალეთ მასპინძლებს რუსეთის პრეზიდენტს და პრემიერს, რომ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი არაოფიციალურად, გაცნობითი ხასიათის ვიზიტით ეწვევიან ქ. სოჭს (ოლიმპიადის დღეებში!), ხოლო შეხვედრის ადგილად ქართული მომქმედი ეკლესიის ტერიტორია დათქვით (ამას, დიდი მნიშვნელობა აქვს!)! დარწმუნებული ვარ, პუტინი ამაზე დათანხმდება, ყოველგვარი ფიარის გარეშე...
სიტყვა ისედაც გამიგრძელდა და აღარ მოვყვები იმას, თუ რა, როგორ, რატომ და ა.შ. სხვადასხვა ქართულ-რუსული ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს და რამხელა მნიშვნელობა ექნება ახლო მომავალში ამ პირველ კონტაქტს!...
ჯუმბერ კირვალიძე
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.