ბრიტანულ სამაუწყებლო კორპორაცია BBC -ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში, გადმოცემულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პრობლემები ბოლო მოვლენების ფონზე: აქცენტი გადატანილია „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის დემარკაციის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე.
„რუსეთის ბოლო მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ იმას მიგვანიშნებს, რომ მოსკოვს განზრახული აქვს თბილისს პროდასავლური კურსი შეაცვლევინოს და ამ მიზნით ყველა მეთოდს იყენებს“, - აღნიშნულია სტატიაში და ამის დამადასტურებლად აღწერილია გასულ თვეში მომხდარი ფაქტები, რომლებიც რუსი მესაზღვრეების მიერ ოკუპირებული ტერიტორიის გამმიჯვნელი ხაზის დაფიქსირებას მოჰყვა. „რუსეთმა ამ პროცესებში თავისი მონაწილეობა უარყო“, - წერს ავტორი და იქვე შენიშნავს: „მოსკოვმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობა ამ რეგიონებს იურიდიულად ისევ საქართველოს შემადგენლობაში თვლის“.
მასალის თანახმადვე, საქართველოს პროდასავლური კურსი რუსეთს თვალში ეკლად ხვდებოდა ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, თუმცა მოსკოვმა ამაზე სერიოზული რეაგირება მხოლოდ 2000-იანი წლებიდან დაიწყო. რუსეთის ზეწოლა განსაკუთრებით აშკარა გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მოვიდა. მან დიდი ძალისხმევა გასწია რეფორმების გასატარებლად და საქართველოს დასავლეთთან ინტეგრირებისათვის, რისთვისაც მიხეილ სააკაშვილი მოსკოვმა „ვაშინგტონის მარიონეტად“ შერაცხა. ნატოს სამშვიდობო ოპრაციებში საქართველოს აქტიურმა მონაწილეობამ და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერამ მოსკოვი დაარწმუნა, რომ საქართველო საბოლოოდ „ხელიდან წაუვიდა“. რუსეთი, როგორც ჩანს, იმანაც გააღიზიანა, რომ ბოლო დროს საქართველოში საუბარია ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნაზე და მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლაზე.
საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ინტეგრირება დასავლეთთან და მათი წარმატებული ეკონომიკური განვითარება რუსეთის მმართველი რეჟიმისათვის ნეგატიური მოვლენაა, რადგან რუსეთის მოსახლეობა დაინახავს პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმატებებს და შესაძლოა თავიანთი განვითარების მოდელი ეჭვქვეშ დააყენოს.
რუსეთის მოქმედების პრინციპი ცნობილია: მოსკოვი ცდილობს იმ ქვეყნის დასუსტებას, რომელიც მის პოლიტიკას ეწინააღმდეგება, ამიტომაც სეპარატიზმს აღვივებს, მხარს უჭერს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. რუსეთი თავისი მოქმედებისთვის მომგებიან დროს ირჩევს ხოლმე: 2008 წლის საქართველოსთან ომი პეკინის ოლიმპიურ თამაშებს დაამთხვია, ხოლო ბოლო ხანებში სამხრეთ ოსეთის მოვლენები კი იმ დროს დაიწყო, როცა მსოფლიო „ისლამური სახელმწიფოს“, ირანისა და საბერძნეთის პრობლემების მოგვარებით იყო დაკავებული. რადგანაც ბალტიის პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები უკვე ნატოს წევრები არიან და მათზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების მე-5 მუხლის ძალა ვრცელდება, რუსეთი უფრო იოლ მიზანს ეძებს. ასეთი მიზანი მისთვის საქართველო აღმოჩნდა.
თბილისისთვის მოსკოვთან დაპირისპირებაში ერთადერთი დამხმარე მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობაა, თუმცა დასავლეთის რეაქცია მხოლოდ „შეშფოთება-აღშფოთაბაში“ გამოიხატება ხოლმე. ე.წ. „საზღვართან“ დაკავშირებული მოვლენებიც მეტ-ნაკლებად შეუმჩნეველი დარჩებოდა, რომ არა ევროსაბჭოს თავმჯდომარის დონალდ ტუსკის ვიზიტი საქართველოში და მისი ჩასვლა ინციდენტის ადგილზე. თუ დასავლეთი რუსეთს მკაფიო და მკაცრს სიგნალს არ გაუგზავნის ასეთი პოლიტიკის მიუღებლობის თაობაზე, მაშინ მოსკოვი გათამამდება და კიდევ უფრო მეტს გააკეთებს. და თუ ეს ასე იქნება, თბილისი იძულებული გახდება რუსეთის ზეწოლას დაემორჩილოს და თავისი პროდასავლური კურსი პრორუსულით შეცვალოს.
სომხეთი უკვე მტკიცედაა მოქცეული რუსეთის ორბიტაში, რადგან ეს ქვეყანა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირშია გაწევრიანებული. აზერბაიჯანიც პრორუსულ განწყობებს ამჟღავნებს. საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში დასავლეთის სერიოზული დასაყრდენს წარმოადგენს და მისი დაკარგვა პრაქტიკულად, მთელი რეგიონის რუსეთის კონტროლქვეშ მისი გავლენის სფეროში მოქცევას ნიშნავს - რეგიონისა, რომელსაც ესოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ენერგოშემცველების სატრანზიტოდ, ასევე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით“, - ასეთი დასკვნაა მოცემული სტატიის დასასრულს.
newspress.ge
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.