რევაზ ბენიძე: ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ვიქნებოდი 24-საათიან სამუშაო რეჟიმში, ამ დაპირებას ნამდვილად ვასრულებ
20-08-2015, 03:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რევაზ ბენიძე აფხაზეთში დაიბადა და გაიზარდა, შესაბამისად მას ამ კუთხესთან ბევრი მოგონება აკავშირებს. დღემდე ჰყავს იქ ნათესავები, მეგობრები, როგორც ქართველები, ასევე აფხაზები. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ცაგერის მოსახლეობის უმრავლესობამ იგი გამგებლად აირჩია და უკვე წელიწადზე მეტია, რაც  მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს.


რა იყო მისთვის მთავარი მოტივაცია, დათანხმებულიყო გამგებლის არჩევნებში მონაწილეობაზე, რას ფიქრობს არჩევნებიდან 1 წლის შემდეგ იმის შესახებ თუ რამდენად რეალური იყო ის პროგრამა, რომლის განხორციელებაზეც წინასაარჩევნოდ საუბრობდა, რამდენად მიეცა იმის საშუალება, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მისი გუნდით ჩამოეყალიბებინა, რა ურთიერთობა აკავშირებს ცაგერის მაჟორიტარ დეპუტატ სერგო ხაბულიანთან, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო წარდგენილი კანდიდატად, დღეს კი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. რა პრინციპებით ხელმძღვანელობს ადამიანების თანამდებობებზე დანიშვნისას, - ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხებს რევაზ ბენიძესთან ჩაწერილი ინტერვიუდან შეიტყობთ.


„დიდი სურვილი მქონდა მშობლიურ კუთხეში რაღაც შემეცვალა უკეთესობისაკენ“.


„ბავშვობის წლები აფხაზეთში მაქვს გატარებული და იქაურობასთან ბევრი მოგონება მაკავშირებს“.


 „ჩემი წინაასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ვიქნებოდი 24-საათიან სამუშაო რეჟიმში, ხელმისაწვდომი თითოეული ლეჩხუმელისათვის. ამ დაპირებას ნამდვილად ვასრულებ“.


„ახალი კანონი „მთიანი რეგიონების შესახებ“ ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისათვის“.


„ახალი ხელისუფლება ცდილობს ადამიანებს გაუღვიძოს მიწათმოქმედების სურვილი“.


„ლეჩხუმში ნამდვილი ბუმია მევენახეობის კუთხით.  2014 წელს ყურძნის მოსავალში რეკორდული ფასები გადაიხადეს“.


„მალე დაიწყება თანამედროვე, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა“.


„ლეჩხუმში მდებარეობს საქრისტიანოს დიდი წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის საფლავი, უამრავი ისტორიული ძეგლი, ციხე-სიმაგრე, ძველი ეკლესიები... იშვიათად ნახავთ ისეთ ლეგენდარულ მთას, როგორიცაა ხვამლი“.


„ჩემთვის მნიშვნელოვანია და დიდ ყურადღებას ვაქცევ პიროვნულ თვისებებს - პატიოსნება, კეთილსინდისიერება, პასუხისმგებლობა. ეს არის ის, რასაც ვერასდროს ისწავლი, დანარჩენის სწავლა კი ყოველთვის შეიძლება“.  


„ლეჩხუმს ორი პარლამენტარი ჰყავს - ბატონი კარლო კოპალიანი და ბატონი სერგო ხაბულიანი. ორივე მათგანთან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს. არ გვქონია არანაირი პოლიტიკური უთანხმოება. ორივე დეპუტატი ეხმარება ლეჩხუმს სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში“.


ბატონო რევაზ, პირველ რიგში, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. მინდა ასეთი შეკითხვით დავიწყო. რა გზა განვლეთ ცაგერის გამგებლობამდე? ვიცით, რომ დაიბადეთ აფხაზეთში, ოჩამჩირეში. რა გაკავშირებთ აფხაზეთთან და როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება იქიდან წამოსვლის შემდეგ?


აფხაზეთში დავიბადე, 1953 წლის 16 ოქტომბერს. ბავშვობის წლები იქ მაქვს გატარებული და ბევრი მოგონება მაკავშირებს აფხაზეთთან. იქ მყავს ნათესავები, მეგობრები, როგორც ქართველები, ასევე აფხაზები, რაც დღესაც მაკავშირებს ამ ლამაზ მხარესთან.


რა იყო თქვენთვის მთავარი მოტივაცია, დათანხმებულიყავით გამგებლის არჩევნებში მონაწილეობაზე?


დიდი სურვილი მქონდა მშობლიურ კუთხეში რაღაც შემეცვალა უკეთესობისაკენ, რაღაც გამეკეთებინა... მამა ყოველთვის იღვწოდა ამისათვის და მეც მინდა ჩემი წვლილი შევიტანო ლეჩხუმის განვითარებაში.


არჩევნებიდან 1 წლის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალური იყო ის პროგრამა, რომლის განხორციელებაზეც წინასაარჩევნოდ საუბრობდით? ანუ, რომ დავაკონკრეტო, შეძელით თუ ვერა იმის გაკეთება ამ ერთ წელიწადში, რაც დაგეგმილი გქონდათ? რომელ მიმდინარე თუ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გამოყოფდით?


ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ვიქნებოდი 24-საათიან სამუშაო რეჟიმში, ხელმისაწვდომი თითოეული ლეჩხუმელისათვის. ამ დაპირებას ნამდვილად ვასრულებ, ჩემი კარი ყოველთვის ღიაა მსურველთათვის.



ერთ-ერთი მთავარი თხოვნა ჩვენი მოსახლეობიდან გახლდათ ინფრასტრუქტურული პროექტების მოგვარება; გზების, წყალსადენების მოწესრიგება. მოსახლეობის მოთხოვნა ჩვენ არ დაგვიტოვებია რეაგირების გარეშე. აღსანიშნავია, რომ სოფლის პროგრამით 97 ხელშეკრულების განხორციელება ხდება. სადღეისოდ 39 ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს, კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა ბაგა-ბაღების უმრავლესობას, აშენდა ორი ახალი საბავშვო-ბაღი სოფლებში, დეხვირსა და მახაშში. პროექტი მზადაა და ვაპირებთ საბავშვო ბაღის მშენებლობას სოფელ ქვედა ცაგერში. განახლდა და ბეტონში ჩაისვა კეჭნარის არხი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ლეჩხუმის შემოსასვლელებში მდებარე ხუთ სასმელ წყაროს, რეაბილიტირებულია სოფლის გზები, წყალსადენები (სათავე ნაგებობები, მილები). მალე დაიწყება თანამედროვე, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის და მუზეუმის მარჯვენა ფლიგელის მშენებლობა. ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტად სწორედ აღნიშნულ სპორტკომპლექსს დავასახელებდი.

 
რამდენად მოგეცათ იმის საშუალება, რომ ადგილობრივი ხელისუფლება თქვენი გუნდით ჩამოგეყალიბებინათ? თქვენი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი მაგალითად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო წარდგენილი და არჩევნებამდე სწორედ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი იყო. ხომ არ იყო ეს ფაქტორი გარკვეული უთანხმოების წარმოშობის მიზეზი თქვენს მიერ საკადრო პოლიტიკის წარმართვისას?


რაც მთავარია და რაც ფაქტია, მე შევძელი ჩემი გუნდის ჩამოყალიბება. რაც შეეხება დეპუტატებს, ლეჩხუმს ორი პარლამენტარი ჰყავს - ბატონი კარლო კოპალიანი, მეორე მოწვევის დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი, ადამიანი, რომელიც აქტიური მებრძოლი იყო სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. მასთან მაკავშირებს კარგი ადამიანური და საქმიანი ურთიერთობები და ვგრძნობ მის მხარდაჭერას. ასევე პარლამენტის წევრია ბატონი სერგო ხაბულიანი, ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც ამჟამად გახლავთ ფრაქცია „დამოუკიდებელი , უპარტიო დეპუტატების“ წევრი. მასთანაც მაქვს კარგი ურთიერთობა. არ გვქონია არანაირი პოლიტიკური უთანხმოება. ორივე დეპუტატი ეხმარება ლეჩხუმს სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში.


რახან საკადრო პოლიტიკას შევეხეთ, მინდა გკითხოთ, თუ რა პრინციპებით ხელმძღვანელობთ ადამიანების თანამდებობებზე დანიშვნისას? რას აქცევთ ყველაზე მეტ მნიშვნელობას კადრების აყვანისას ან დაწინაურებისას?


ჩემთვის მნიშვნელოვანია და დიდ ყურადღებას ვაქცევ პიროვნულ თვისებებს - პატიოსნება, კეთილსინდისიერება, პასუხისმგებლობა. ეს არის ის, რასაც ვერასდროს ისწავლი, დანარჩენის სწავლა კი ყოველთვის შეიძლება.


ლეჩხუმი მთიანი რეგიონია, რა სპეციფიკური მომენტები ახლავს ასეთი მუნიციპალიტეტის მართვას?


ლეჩხუმი არის რთულრელიეფიანი, ძნელადდასამუშავებელი, მცირემიწიანი რეგიონი. უკანასკნელ წლებში არასათანადო ყურადღებამ სოფლის მიმართ და მოსახლეობის ე.წ. სოციალურ დახმარებაზე მიბმამ, სამწუხაროდ, აბსოლუტურად მოშალა სოფლის მეურნეობა. ბოლო ორი წლის მანძილზე, ახალი ხელისუფლება ცდილობს სოფლის პროგრამებით, კოოპერაციისთვის ხელშეწყობით, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტების განხორციელებით, ადამიანებს გაუღვიძოს მიწათმოქმედების სურვილი.


კონკრეტულად რას მოუტანს კანონი „მთიანი რეგიონების შესახებ“, თქვენს მუნიციპალიტეტს. შეეხება თუ არა ეს კანონი მთელს მუნიციპალიტეტს, თუ მხოლოდ გარკვეულ ნაწილზე გავრცელდება აღნიშნული კანონი? როგორ ფიქრობთ, რამდენად შეაჩერებს ეს მთის დაცლის პროცესს და გნებავთ რამდენად მისცემს მთაში დაბრუნების სტიმულს აქედან ბარში სხვადასხვა დროს წასულ ადამიანებს?

 
ახალი კანონი „მთიანი რეგიონების შესახებ“ ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისათვის. ლეჩხუმი მთლიანად შედის ამ ზონაში. ყველა სიკეთე, რაც ამ კანონს თან ახლავს - გაორმაგებული ხელფასები მასწავლებლებს, ექიმებს, პენსიების 20%-იანი ზრდა, ახალი რეგულაციები საგადასახადო სფეროში, (10-წლიანი საგადასახადო შეღავათი მეწარმეებს), ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებას და ზოგადად, ჩვენი რეგიონის განვითარებას.


ბატონო რეზო, მინდა მევენახეობის განვითარებაზე გკითხოთ. ლეჩხუმში არაერთი უნიკალური ჯიშის ვაზი ხარობს და იშვიათი ხარისხის ღვინოები იწარმოება. რა მდგომარეობაა ამ მხრივ? ხდება თუ არა ახალი ვენახების გაშენება, ან თუნდაც უკვე გაშენებულის შენარჩუნება?


ლეჩხუმი საქართველოშიც კი გამორჩეულია ვაზის უნიკალური ჯიშებით. ესენია -„უსახელოური“, ტვიშის „ცოლიკაური“, ძალიან მცირე რაოდენობით „ალექსანდროული“  და „ორბელური“, რომელსაც ხშირად „ოჯალეშად“ მოიხსენიებენ.  


ჩვენს კუთხეში ნამდვილი ბუმია მევენახეობის კუთხით. იქმნება მეღვინეობის კოოპერატივები. მინდა აქვე ვახსენო არასამთავრობო ორგანიზაცია ENPARD -ი და მადლობა გადავუხადო მათ კოორდინატორებს მერაბ დანელიას და ელისო ცხადაიას.


2014 წლის ყურძნის მოსავალში რეკორდული ფასები გადაიხადეს („ცოლიკაური“ - 2,50 – 4,50 ლარამდე, „ალექსანდროული“ ადგილზე 7-8 ლარი , „უსახელოური“ 12-15 ლარი). ეს კი სტიმულია იმისა, ლეჩხუმის ტერიტორიაზე გაშენდეს ახალი ვენახები.


თავად რომელ ღვინოს ანიჭებთ უპირატესობას?


კარგ ღვინოს ვანიჭებ უპირატესობას (ღიმილი).


არის თუ არა ტურისტების რაოდენობა გაზრდილი ლეჩხუმში  და რამდენადაა ტურისტული ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული? გვაინტერესებს, რა მდგომარეობაა თქვენთან არსებული კურორტების განვითარების მხრივ?


ტურიზმი არის ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული და სტრატეგიული მიმართულება. უდიდესი პოტენციალი გააჩნია ამ მხრივ ლეჩხუმს. სამი დიდი ხეობა -ცხენისწყლის, ლაჯანურის და რიონის -მიმზიდველია ექსტრემალური ტურიზმისთვისაც კი. ასევე აქ გასაქანი აქვს რელიგიურ ტურიზმსაც. ლეჩხუმში მდებარეობს საქრისტიანოს დიდი წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის საფლავი, უამრავი ისტორიული ძეგლი, ციხე-სიმაგრე, ძველი ეკლესიები... იშვიათად ნახავთ ისეთ ლეგენდარულ მთას, როგორიცაა ხვამლი. მასთან დაკავშირებულია ორი ისტორიული მითი პრომეთეს და არგონავტების შესახებ.


სამწუხაროდ, ჯერჯერობით ტურისტული ინფრასტრუქტურა არ არის სათანადოდ განვითარებული. მინდა რომ ცაგერში გაიხსნას ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, რაშიც ტურიზმის ეროვნული სააგენტოს იმედი მაქვს.


უცხოეთის რომელიმე ქალაქთან ან რეგიონთან თუ გაქვთ დამყარებული რაიმე სახის ურთიერთობები?- ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული და ა.შ. როგორ ფიქრობთ, რამდენად წაგადგებოდათ ის გამოცდილება, რაც ამ მხრივ დასავლეთ ევროპის ქვეყნების ქალაქების და რეგიონების მმართველებმა შეიძლება გაგიზიარონ?


მიდის მუშაობა ქალაქების დაძმობილების პროგრამით, რაც ახლო მომავალში დასრულდება. ევროპის ქალაქების და რეგიონების მმართველობის გამოცდილების გაზიარება, ვფიქრობ ძალზედ გამოგვადგება, ევროპას ხომ თვითმმართველობის დიდი გამოცდილება აქვს.  



ნათია მელქაძე

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი