ახმეტის გამგებლის მიერ რვა თვის ორსულისთვის დეკრეტული შვებულების მიცემაზე უარის თქმას პროფკავშირებში ეხმაურებიან
21-08-2015, 08:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტი ახმეტის გამგებლის, ბექა ბაიდაურის ქმედებას ეხმიანება, რომელმაც ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის წამყვან სპეციალისტს, რვა თვის ორსულ ანა ახალაურს დეკრეტული შვებულების მიცემაზე უარი უთხრა.


პროფკავშირები მიიჩნევენ, რომ დამსაქმებლის მხრიდან იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.


"საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტი შეშფოთებულია ახმეტის გამგებლის ბექა ბაიდაურის უკანონო ქმედებით, კერძოდ, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს ბექა ბაიდაურმა, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის წამყვან სპეციალისტს, რვა თვის ორსულ ანა ახალაურს, უარი უთხრა დეკრეტული შვებულების მიცემაზე, რის გამოც ემოციურ ფონზე ანა ახალაურმა დაწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, რაც გამგებელმა ბექა ბაიდაურმა ისე რომ არ გაითვალისწინა ის მდგომარეობა, რომ დასაქმებული ფაქტიურად დეკრეტული შვებულების მოლოდინში იყო, უმალვე დააკმაყოფილა. ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ არც ერთი დასაქმებული ქალი, რომელიც დეკრეტული შვებულების მოლოდინშია საკუთარი ნებით განცხადებას არ დაწერს, მაშინ როდესაც საუბარია საჯარო მოსამსახურის მიერ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების მიღების შესაძლებლობაზე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ასეთ დროს დასაქმებულს ყველაზე მეტად გააჩნია სამსახურის მიმართ ფინანსური დაინტერესება და ეს ბუნებრივიც არის.


აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ" 41 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით მოსამსახურეს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილ დახმარებასთან ერთად, მის მიერ შვებულების პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად ეძლევა კომპენსაცია. კერძოდ, დასაქმებულის როგორც საჯარო სამსახურში მომუშავე პირის დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ბიუჯეტი გაცილებით დიდია ვიდრე კერძო სექტორში დასაქმებულის, რომლის დეკრეტული შვებულების კომპენსაცია უმეტეს შემხვევებში მხოლოდ სახელმწიფოდან გადახდილ 1000 ლარს შეადგენს. ამრიგად, ისმის ლოგიკური კითხვა, რამდენად იყო შესაძლებელი დასაქმებულის მხრიდან ფინანსურ დაინტერესებაზე უარის თქმა და სამსახურიდან ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე თავისი ნებით წასვლა.


პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტი ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტზე, რომ მოცემულ შემთხვევაში დასაქმებულს საერთოდ უარი ეთქვა ისეთი ფუნდამენტური უფლებით სარგებლობაზე როგორიცაა "დედობის უფლება"". გამგებლის მიერ განხორციელებული ქმედება და გამოცემული ბრძანება დისკრიმინაციული ელემენტების შემცველიც არის, რადგან ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღკვეთის შესახებ კონვენციის მე-2 მუხლის "ა" პუნქტი კრძალავს დისკრიმინაციას, რომელიც გულისხმობს სამუშაოდან დათხოვნას ორსულობის მიზეზით ან ორსულობის ან მშობიარობის გამო შვებულების მიზეზით. დასაქმებული ქალის მიმართ საქართველოს კანონმდებლობა (მისი ფეხმძიმობის ან მისი შვილის სამ წლამდე ასაკის პერიოდში) განსაკუთრებულ მოპყრობას ითვალისწინებს, კერძოდ, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 111-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელე ქალი არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის, ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე ატესტაციის შედეგების გამო.


ზემოაღნიშნული ფაქტი გვაძლევს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ დამსაქმებლის მხრიდან დარღვეულია სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. ამ მუხლის მიხედვით, პირის იძულება დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ", - ნათქვამია განცხადებაში.


პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტი მიმართავს ბექა ბაიდაურს აღადგინოს ანა ახალაური თავის პირვანდელ სამუშაო ადგილზე, რათა მიეცეს მას საშუალება ისარგებლოს დეკრეტული შვებულების ანაზღაურების წესის შესაბამისად, რაც მას კანონით ეკუთვნის. (საქართველოს, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება #231/ნ) წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტი მზად არის აღმოუჩინოს შესაბამისი სამართლებრივი დახმარება ანა ახალაურს და აღუდგინოს მას მისთვის კანონით მინიჭებული დეკრეტული შვებულების ანაზღაურების უფლება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი