ლენტეხის გამგებელი ამირან ჯამბურიძე: „ქართულ ოცნებას“ მე, საქართველოს, შეერთებული ვარ დაბადებიდან“
25-08-2015, 01:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამირან ჯამბურიძე თვითმმართველობის არსებულ კოდექსს მისაღებად მიიჩნევს, თუმცა თვლის, რომ რეგიონებს მეტი დამოუკიდებლობა უნდა გააჩნდეთ და საშუალება ჰქონდეთ იმისა, რომ მათ ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი სიმდიდრეები თავიანთი შეხედულებისამებრ გამოიყენონ. ასეთად ჯამბურიძე ტყის მასივებს ასახელებს და უკვე თვეებია, რაც მთავრობის გადაწყვეტილების მოლოდინშია, გადასცემენ თუ არა მუნიციპალიტეტს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში მდებარე ტყის მასივებს.  


რას ფიქრობს „მთის კანონის“ შესახებ, რა ურთიერთობა აქვს შევარდნაძის, შემდგომ სააკაშვილის, ახლა კი უკვე ივანიშვილისა და ღარიბაშვილის მხარდამჭერ, 4-გზის მოწვევის მილიონერ დეპუტატ გოგი ლიპარტელიანთან, ვისი ინიციატივა იყო მისი გამგებლობის კანდიდატად წარდგენა, ვინ მოეაზრება მომავალ არჩევნებში „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატობის კანდიდატად ლენტეხის მაჟორიტარულ ოლქში და თავად აპირებს თუ არა კენჭი იყაროს საპარლამენტო არჩევნებში, რა ურთიერთობების დამყარებას გეგმავს შოტლანდიის მთიან რეგიონებთან, - ამ და სხვა კითხვებზე პასუხებს მასთან ჩაწერილი ინტერვიუდან შეიტყობთ.  


„სააკაშვილმა ლენტეხის საავადმყოფო 1 ლარად გაყიდა და ერთი საწოლის ადგილიც კი არ გვაქვს იმის გამო, რომ ეს შენობა ჯერ კიდევ უცხოელების ხელშია“.


„ხორციელდება ახალი პროექტი, რის შემდეგაც ლენტეხში ევროპული დონის, თანამედროვე დანადგარებით და დიაგნოსტიკური ცენტრით აღჭურვილი საავადმყოფო გვექნება“.


„მთის კანონის“ ამოქმედება ნიშნავს იმას, რომ აქ დასაქმებულ პედაგოგებს, ექიმებს და ექთნებს მნიშვნელოვანი სახელფასო დანამატები ექნებათ, პენსიონერები კი ყოველთვიურად პენსიის ოდენობის 20%–იან დანამატს მიიღებენ“.


„ის, რომ გოგი ლიპარტელიანი „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში იყო დეპუტატი, იმას არ ნიშნავს, რომ ის კაცი იყოს, დავუშვათ არადემოკრატი. ის არის ერთგული კაცი ჩვენი კუთხის“.

 

„ავადმყოფობის და ოჯახური პრობლემების გამო ის [გოგი ლიპარტელიანი] იმყოფება ათენში, სადაც აკეთებს სამამულიშვილო საქმეს, აშენებს ქართულ ტაძარს“.

 


„ქართულ ოცნებას“ მე, საქართველოს, შეერთებული ვარ დაბადებიდან“.


„სკამის გულისთვის არ შეიძლება ყველაფრის კადრება - სკამი სკამად რჩება და ადამიანებმა სითბო და  სიყვარული უნდა წაიღონ ერთმანეთისაგან“.


- ბატონო ამირან, დაპირებების რა ნაწილის შესრულება შეძელით თქვენი არჩევიდან 1 წლის განმავლობაში?


პროექტების დიდი ნაწილი, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში დაიწყო, განხორციელდა. ეს ძირითადად კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოიცავს. ასევე, სტიქიური მოვლენებიდან გამომდინარე, გარკვეული პროექტები დაგვემატა, რაც ასევე წარმატებით განხორციელდა.


არჩევნებიდან 1 წლის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალური იყო ის პროგრამა, რომლის განხორციელებაზეც წინასაარჩევნოდ საუბრობდით? შეძელით თუ ვერა იმის გაკეთება ამ ერთ წელიწადში, რაც დაგეგმილი გქონდათ?


შეიძლება მაქსიმუმი არ არის ჯერ გაკეთებული,  მაგრამ ვცდილობთ, რომ გაცემული დაპირებები, განსაკუთრებით კი დასაქმების კუთხით, შეძლებისდაგვარად შევასრულოთ, თუმცა ამ მხრივ, მოგეხსენებათ გარკვეული შეზღუდვებიც არსებობს, რადგან ყველა მსურველი, სამწუხაროდ, საბიუჯეტო სექტორში ვერ დასაქმდება. მინდა გითხრათ, რომ იმაზე მეტი გავაკეთეთ, ვიდრე ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე გაგვაჩნია. გავხსენით რამდენიმე ბიბლიოთეკა, ასევე კულტურის სახლი. ტენდერში გამარჯვებული კომპანიები მიმდინარე, 2015 წლის სამუშაოებს ასრულებენ. აგრეთვე ხორციელდება სოფლის პროგრამები, ისევე როგორც, შარშან შემოდგომით ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, წლევანდელი წლისთვის გადმოტანილი სამუშაოები.


რომელ მიმდინარე თუ დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გამოყოფდით?


ძირითადად ხდება ნაწილობრივი ასფალტირება რაიონში, ასევე კანალიზაციის პროექტი, წყალსადენები და ასე შემდეგ. ჯამში 1, 5 მილიონის პროექტებია. ჩვენ უნდა შეგვეძინა ამ მილიონ ნახევრიდან 320 000 ლარის ტექნიკა – ტრაქტორების სახით, ვინაიდან, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი მთა-გორიანია, ხშირად აქვს ადგილი სტიქიურ მოვლენებს, ირეცხება გზები და ჭირს ტრანსპორტის გადაადგილება, შესაბამისად გვესაჭიროება მძიმე ტექნიკა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. მაგრამ სამწუხაროდ, უარი გვეთქვა 320 000 ლარის ჩარიცხვაზე და აქედან გამომდინარე, ვერ შევისყიდეთ ტრაქტორები. დანარჩენი მილიონ ორასი ათასის პროექტები კი განხორციელების პროცესშია.


პროგრამის -„აწარმოე საქართველოში“ - ფარგლებში თუ გაიხსნა რაიმე საწარმო ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ან თუ იგეგმება? თქვენი აზრით, რამდენად მოქნილი პროგრამაა ეს?


რომ ვთქვა, რომ ამ მიმართულებით რაიმე, არსებითი გაკეთდა-თქო, არ ვიქნები მართალი. ადრე აქ სახერხი ქარხნები მუშაობდა, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაჩერებული იყო და ჩვენი დახმარებით მოხერხდა, რომ ამოქმედებულიყო რამდენიმე მათგანი, რაც სოფლის მოსახლეობისთვის დიდ შეღავათს წარმოადგენს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი რაიონის მკვიდრი ვახტანგ მუკბანიანი 40 000 ევროს ღირებულების პატარა საწარმოს გახსნას აპირებს, რომელიც თანამედროვე დანადგარებით იქნება აღჭურვილი. ამ ქარხნის ამოქმედების შემდეგ, მოსახლეობას ხილის ჩაბარების საშუალება ექნება, ასევე დასაქმდება ხალხი.


მინდა გითხრათ, რომ გვექნება ახალი იუსტიციის სახლი, ასევე საავადმყოფო. თქვენ წარმოიდგინეთ, სადღეისოდ მუნიციპალიტეტში არ გვაქვს საავადმყოფო, რადგანაც წინა ხელისუფლების დროს, ის უცხოელებზე 1 ლარად გაიყიდა, ინვესტორმა კი არ შეასრულა ვალდებულებები და ამ შენობაში მხოლოდ სასწრაფო დახმარების განყოფილება ფუნქციონირებს, ერთი საწოლის ადგილიც არ გვაქვს იმის გამო, რომ ეს შენობა უცხოელების ხელშია და ის დღეს ლონდონის ბანკშია ჩადებული. ჩვენ შესაბამის უწყებაში დავაყენეთ ეს საკითხი და გადაწყდა, რომ სანამ სახელმწიფო დაიხსნის ამ შენობას და გადმოსცემს ჩვენს მუნიციპალიტეტს, მანამდე მოსახლეობის მოთხოვნით, გადავწყვიტეთ ახალი, ორსართულიანი, 15 საწოლზე გათვლილი საავადმყოფოს აშენება. პროექტის განხორციელების შემდეგ ლენტეხში ახალი, ევროპული დონის საავადმყოფო გვექნება, რომელიც თანამედროვე დანადგარებით და დიაგნოსტიკური ცენტრით იქნება აღჭურვილი – 104 000 ლარიანი პროექტია,  სერიოზული, დღე დღეზე უნდა შემოვიდეს ერთ–ერთი  კომპანია და უნდა დაიწყოს სამუშაოები. ასევე მოხდება ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა.


დღეს მოქმედი თვითმმართველობის კოდექსის რა უარყოფითი მხარეები შეიძლება გამოყოთ?  რამდენად ეფექტურია ეს კოდექსი?


ერთ რაღაცას ვიტყვი და ეს დასამალიც არ არის. სასურველია, როცა თვითმმართველი ორგანო გქვია, აუცილებლად უნდა იყოს სხვანაირი მიდგომა. ზოგიერთი რამ პირდაპირ იმართება  ცენტრიდან, რაც არასწორად მიმაჩნია. გეტყვით თუნდაც ერთ მაგალითს. ქვემო სვანეთი ტყეებით მდიდარი რეგიონია, თუმცა ეს ბუნებრივი სიმდიდრე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არ შედის და მას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო განკარგავს. მე კი ვფიქრობ რომ, და ამაში სრულად მიჭერს მხარს მოსახლეობა, ხე-ტყის გაკონტროლების მექანიზმი აუცილებლად ჩვენ უნდა გაგვაჩნდეს. უნდა გადმოგვეცეს ჩვენს ტერიტორიაზე არსებული ტყეები, შეიქმნას სატყეო მეურნეობები, რაც ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლის დამატებითი წყარო გახდება. ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდით კი უფრო ეფექტურად მოვახერხებთ იმ საკითხების გადაჭრას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენისთანა მწირი ეკონომიკური მდგომარეობის მქონე მუნიციპალიტეტისთვის. მოთხოვნა გაკეთებული გვაქვს და უახლოეს მომავალში დაიწყება ამ საკითხის განხილვა. რაც შეეხება ახალ კოდექსს, შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი რომელიმე ქვეყანაში, მაგრამ ჩვენთვის ის მისაღებია, რა თქმა უნდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეტი დამოუკიდებლობაა საჭირო.  


რამდენად ნაყოფიერია საკრებულოსა და გამგეობას შორის თანამშრომლობა? ხომ არ აქვს ადგილი დაპირისპირებას ამ ორ შტოს შორის?


არაფერი მსგავსი, ყველგან არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ისეთი არა, რომ ვიღაცამ ვიღაცას შეურაცხყოფები მიაყენოს. მე ასე ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ, ვაბალანსებთ. შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს სურვილი არიოს სიტუაცია, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ, რადგან ერთი გუნდი ვართ.


თქვენი აზრით, კონკრეტულად რას მოუტანს კანონი „მთიანი რეგიონების შესახებ“, თქვენს მუნიციპალიტეტს. შეეხება თუ არა ეს კანონი მთლიანად ლენტეხის მუნიციპალიტეტს, თუ მხოლოდ გარკვეულ ნაწილზე გავრცელდება აღნიშნული კანონი?


იყო რაღაც სადავო საკითხები, რაც უკვე გადაწყვეტილია. აღნიშნული კანონი მთლიანად მოიცავს ქვემო სვანეთს და ის მომავალი, 2016 წლის იანვრიდან ამოქმედდება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ აქ დასაქმებულ პედაგოგებს, ექიმებს და ექთნებს მნიშვნელოვანი სახელფასო დანამატები ექნებათ. ასევე, აღსანიშნავია, რომ პენსიონერები ყოველთვიურად პენსიის ოდენობის 20%–იან დანამატს მიიღებენ. კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული თითოეული ბავშვი, რომლის მშობლები მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად ცხოვრობენ, ყოველთვიურად, ერთი წლის განმავლობაში, არანაკლებ 100 ლარს მიიღებენ.


რაც შეეხება ელექტროენერგიის საფასურს, აბონენტების (საყოფაცხოვრებო მომხმარებლები) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50% ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ (არა უმეტეს 100 კვტ.სთ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურისა).


გარდა ამისა, ბიზნესის კეთების მსურველებს უწესდებათ საგადასახადო შეღავათები. კერძოდ, „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსის მქონე იურიდიული პირები 10 წლის განმავლობაში ქონებისა და მოგების გადასახადებისაგან თავისუფლდებიან.


როგორ ფიქრობთ, რამდენად შეაჩერებს ეს კანონი მთის დაცლის პროცესს და გნებავთ რამდენად მისცემს მთაში დაბრუნების სტიმულს აქედან ბარში სხვადასხვა დროს წასულ ადამიანებს?


სიმართლე რომ გითხრათ არც ქალაქში არის ცხოვრების ისეთი დონე, რომ სოფელზე უარი თქვა. ამ პირობებში კი, როცა ამდენ შეღავათზეა საუბარი, ვფიქრობ ეს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს უკუმიგრაციის პროცესს. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ პერიოდში რამდენიმე ოჯახი დაბრუნდა, არემონტებენ ძველ სახლებს და ემზადებიან, რომ აქ დასახლდნენ ისევ. ეს კანონი ხელს შეუწყობს იმას, რომ მთის დაცლის პროცესი შეჩერდეს, თუმცა ბუნებრივია, ამისათვის მარტო ამ კანონის ამოქმედება ვერ იქნება საკმარისი, საჭიროა უფრო კომპლექსური მიდგომების განვითარება, რეგიონის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის უფრო სრულად გამოყენება. „მთის კანონი“ უდავოდ დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ვიმეორებ, რეგიონის განვითარებისთვის, გამომდინარე მისი რესურსებიდან, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს.  


ბატონო ამირან, ვისი ინიციატივა იყო თქვენი გამგებლობის კანდიდატად წარდგენა? ვგულისხმობ იმას, თუ კონკრეტულად რომელი პოლიტიკური დაჯგუფება ლობირებდა თქვენს კანდიდატურას პოლიტიკურად მრავალფეროვანი კოალიციიდან? მოკლედ რომ ვთქვათ, ლენტეხის გამგებლობის მსურველი ბევრი იყო, არჩევანი კი თქვენზე შეჩერდა. რატომ?   


„ქართული ოცნების“ კანდიდატი ვარ, ჩემი სურვილი იყო რომ „ოცნებიდან“ მეყარა კენჭი გასული წლის ადგილობრივ არჩევნებზე. არავითარ სხვა პარტიასთან არ მქონია კავშირი. „ეროვნული მოძრაობის“ ერთ–ერთი აქტიური წევრი გახლდით, 9 აპრილის მონაწილე ვარ. იმის მერე არ გამჩენია სურვილი, მართალი რომ გითხრათ, რომელიმე პოლიტიკურ ძალაში გავერთიანებულიყავი და როცა „ქართული ოცნება“ გამოჩნდა, ჩემი ასაკის კაცს რა დარჩენია და ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა ამ გუნდთან ერთად ვყოფილიყავი აქტიურად ჩაბმული პოლიტიკურ საქმიანობაში და გადავწყვიტე ჩემს რაიონში მეყარა კენჭი და დარჩენილი წლები, ჩემი ენერგია, ალალად და უსაყვედუროდ მომეხმარებინა ჩემი კუთხისთვის.


რა თვისებებია თქვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანების სამსახურში აყვანისას ან დაწინაურებისას, გნებავთ სამსახურის მიღმა, რას აფასებთ ყველაზე მეტად ადამიანებში?


კომუნიკაბელური და აუცილებლად პატიოსანი უნდა იყოს. პოლიტიკური ნიშნით არ ვუყურებ ადამიანებს, მთავარია ერთად ვიყოთ ერი და ბერი და არ იყოს კინკლაობა. სკამის გულისთვის არ შეიძლება ყველაფრის კადრება. სკამი სკამად რჩება და ადამიანებმა სითბო და  სიყვარული უნდა წაიღონ ერთმანეთისგან.  


რამდენად მოგეცათ იმის საშუალება, რომ ადგილობრივი ხელისუფლება თქვენი გუნდით ჩამოგეყალიბებინათ? ვგულისხმობ იმას, რომ თქვენი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, ბატონი გოგი ლიპარტელიანი მაგალითად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის მხარდამჭერი იყო.


მე არავისთან არ მაქვს პრეტენზიები, ყველამ თავისი საქმე იცის, არავისთან კონფლიქტური სიტუაცია არ მაქვს. ის, რომ გოგი ლიპარტელიანი „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში იყო დეპუტატი, იმას არ ნიშნავს, რომ ის კაცი იყოს, დავუშვათ არადემოკრატი. ის არის ერთგული კაცი ჩვენი კუთხის. მან თავისი საქმე იცის, დღეს ის მოქმედი დეპუტატია. ავადმყოფობის და ოჯახური პრობლემების გამო ის იმყოფება ათენში, სადაც აკეთებს სამამულიშვილო საქმეს, აშენებს ქართულ ტაძარს, ასე რომ ყველას თავისი საქმე აქვს, მე ჩემი საქმე მაქვს, ჩემი ვალდებულებები იმ ხალხის წინაშე ვინც ამირჩია.


დღეს რამდენად არის ჩართული ბატონი გოგი ლიპარტელიანი რაიონის პრობლემების გადაწყვეტაში? რამდენად ხშირად ამოდის რაიონში და რა ინტენსივობით ხვდება ამომრჩეველს?


ხშირად შეიძლება ვერ მოდიოდეს, მაგრამ ის არის პარლამენტარი, მას თავისი საქმე აქვს, როცა ახერხებს, თავისი საქმიდან გამომდინარე, მაშინ ამოდის. მას ახლა ფიზიკური მდგომარეობა არ უწყობს ხელს, რაღაც ოპერაციები დასჭირდა. ასევე თავისი ძმაც ავად იყო, მინინგიტი ჰქონდა თუ არ ვცდები. იგი ბერად არის აღკვეცილი და ათონზე მსახურობს, იქ აშენებენ ქართულ ტაძარს, ასე რომ შეიძლება ხშირად ვერ მოდიოდეს ლენტეხში, მაგრამ ეს ჩემთვის პრობლემა არ არის.


თქვენ რა ურთიერთობა გაკავშირებთ თქვენი რაიონის დეპუტატთან?


ნათესავი კაცია, დიდი ხანია ვიცნობ. ბიძაშვილი არ არის, მართალია, მაგრამ კარგი ურთიერთობა გვაქვს, ბავშვობიდან ვიცნობ, ჩემი ოჯახის ახლობელია, ყველა სვანის ახლობელია.


მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში ხომ არ ფიქრობთ კენჭისყრას?


(იცინის), მართლა არ ვაპირებ მომავალში და 2016 წლის შემდგომ არჩევნებში ვნახოთ, არ ვიცი.


ვინ მოგეაზრებათ მომავალ არჩევნებში „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატობის კანდიდატად?


ჯერ არ ვიცი, მართლა არ მიფიქრია ამაზე, როცა დრო იქნება ალბათ სახელმწიფო თვითონ შეარჩევს. მე ჯერჯერობით მომავალი კანდიდატურის შესახებ არაფერი ვიცი, მართლა არ ვიცი ვინ იქნება.


თუ გაიხსენებთ, რა რეაქცია გქონდათ როცა 2011 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ პირველი განცხადება გააკეთა? თქვენ რას საქმიანობდით მაშინ და როდიდან შეუერთდით „ქართულ ოცნებას“?  


„ქართულ ოცნებას“ მე, საქართველოს, შეერთებული ვარ დაბადებიდან, ასე რომ მე ყოველთვის ვფიქრობდი და ვფიქრობ იმას, რომ ვინც უფრო ახლოს დადგება ჩვენს ეროვნულ ფასეულობებთან, ქართულ ხასიათთან, ქართულ კულტურასთან, ტრადიციასთან, ქართველობასთან, ბიძინა იქნება ეს, თუ  ვინც არ უნდა იყოს, მნიშვნელობა არ აქვს, მე ყოველთვის გვერდზე დავუდგები.


იღებთ და იზიარებთ თუ არა სხვადასხვა სფეროში, განვითარებული უცხო ქვეყნების გამოცდილებებს. რომელიმე ქვეყნის რეგიონთან ან ქალაქთან თუ გაქვთ ეკონომიკური ან სხვა სახის ურთიერთობები საზღვარგარეთის ქვეყნების რეგიონებთან და თუ არ გაქვთ,  აპირებთ თუ არა მომავალში ასეთი კავშირების დამყარებას, რომ მიიღოთ მეტი გამოცდილება, მაგალითად იგივე შოტლანდიის მთიან რეგიონებთან?


ჯერჯერობით ასეთი ურთიერთობები არ გვაქვს, თუმცა არსებობს გარკვეული შეთავაზებები და გეგმები, ვამუშავებთ ამ წინადადებებს და მასზე დაწვრილებით მომავალში მოგახსენებთ. კარგი რაც არის დასავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილებიდან, ის უნდა მივიღოთ, ხოლო ის, რაც მათთვის მიუღებელია, ჩვენთვისაც არ უნდა იყოს მისაღები – ეს არის მთავარი. ისე, შოტლანდიური გამოცდილების მიღება არ იქნებოდა ურიგო, სვანები და შოტლანდიელები ბევრ რამეში ვგავართ ერთმანეთს  (იღიმის). მათაც და ჩვენც, თავისუფლების დიდი წყურვილი გვამოძრავებს.


როგორ ფიქრობთ, რას იტყვის თქვენზე ქვემო სვანეთის მოსახლეობა წლების შემდეგ, როცა ამ თანამდებობაზე არ იქნებით?


მე დარწმუნებული ვარ, ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე, თავს არ ვიქებ, როცა სამსახურიდან წავალ, ხალხი ჩემი მადლიერი იქნება. მე მაქსიმალურად ვეცდები, რომ ეს ასე იყოს. სკამი და თანამდებობა დროებითია, ხოლო შენი სახელი კი, თუ კაცურად იცხოვრე, მუდამ რჩება ხალხის გულში. მე ლენტეხის გამგებლის პოსტზე კენჭისყრაზე დიდხანს ვიფიქრე, პატარა ბიჭი არა ვარ, 60 წელი  უკვე შევასრულე და მინდა რომ, ჩემი ხალხი ქუჩაში რომ შემხვდება, მომეფეროს. მე პირნათელი უნდა ვიყო მათ წინაშე, ჩემი განვლილი გზით უნდა ვიყო წელგამართული, რომ მეც მოვეფერო ჩემს ხალხს, ისე როგორც საჭიროა.

 
ნათია მელქაძე

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი