ჩივთქილისის საჯარო სკოლის დირექტორი ვართუი სარკსიანი აცხადებს, რომ სომხურენოვანი სკოლებიდან მოზარდების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აბარებს
25-09-2019, 16:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლი, ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებელი, ვართუი სარკსიანი, რომელიც თითქმის ხუთი ათეული წელია (49 წელი) რაც სკოლაში მოღვაწეობს პედაგოგად - აქედან 28 წელი დირექტორის თანამდებობაზე - აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საგანმანათლებლო სფეროში ბევრი რამ შეიცვალა დადებითი მიმართულებით, განსაკუთრებით კი ბოლო ათწლეულში.

 

 

 

 

ვართუი სარკსიანი ამბობს, რომ სკოლამ და მისმა კოლექტივმა ფეხი უნდა აუბას თანამედროვე გამოწვევებს და დანერგოს ის სიახლეები, რაც მიმდინარე რეფორმებს ახლავს. 

 

 

 


მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სომხურენოვან სკოლებში გაძლიერდა ქართული ენის სწავლება, რის შედეგადაც მომავალი თაობის წარმომადგენლები სკოლის დამთავრების შემდეგ ქართულ ენაზე თავისუფლად საუბრობენ და შესაბამისად, მათი არჩევანიც სომხეთში სწავლის გაგრძელების ნაცვლად, საქართველოსა და მის უმაღლეს სასწავლებლებზე კეთდება.

 

 

 


როგორც ვართუი სარკსიანმა GUARDIAN.GE-ის განუცხადა (რუსულ ენაზე), ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა და თითქმის 100%-ს მიუახლოვდა სომეხი ეროვნების იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც სკოლის დამთავრების შემდეგ, სომხეთის ნაცვლად ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში აბარებენ.

 

 

 

 

 

 

ასეთებს შორის არიან თავად სკოლის დირექტორის შვილიშვილებიც, რომლებიც წარმატებით განაგრძობენ სწავლას თბილისის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში.

 

 

 

 


2019 წელს ჩივთქილისის საჯარო სკოლა, სადაც 2019-20 სასწავლო წელს 55 მოსწავლის სწავლას 16 მასწავლებელი უზრუნველყოფს, სამმა მოზარდმა დაამთავრა, აქედან ორმა წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები და ერთ-ერთმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეორემ კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა.

 

 

 

 

„მოსწავლეების წარმატებები სიამაყის განცდას გვიქმნის ყველას - მე, როგორც დირექტორს, ასევე პედაგოგებს, რომლებიც აქ ასწავლიან და დაუღალავად ემსახურებიან თავიანთ საქმეს. გამოვლილი გვაქვს ყველანაირი გაჭირვება.

 

 

 


„სოფელში სომხური სკოლა 50 წლის წინათ აშენდა და მე და ჩემი მეუღლე, შაქრო ხაჩატურიანი იმ დღიდან მოყოლებული აქ ვმუშაობთ და ფეხი არსად მოგვიცვლია, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში, უამრავი სირთულე გადავიტანეთ.

 

 

 


„გამოვლილი გვაქვს უხელფასობის, უსინათლობის, სიცივის და სიდუხჭირის წლები, მაგრამ ჩვენი პროფესიის სიყვარულმა გადაგვატანინა ეს უსიამოვნო პერიოდი.

 

 

 


„ახლა უკვე, 2010 წლიდან მოყოლებული, სკოლა ჩინებულად არის გარემონტებული, დამონტაჟებული გვაქვს გათბობის სისტემა და ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, რადგან აქ უმკაცრესი ზამთარი იცის - უხვი თოვლი და ძლიერი ყინვები. ასე რომ ბავშვების და პედაგოგების გათბობით უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესია“, უთხრა GUARDIAN.GE-ის ვართუი სარკსიანმა.

 

 

 

(ფოტოზე: ახალგაზრდა პედაგოგი გიორგი ვოსკანიანი, თავის მეუღლესთან, მარიამთან ერთად, რომელმაც ჩივთქილისის საჯარო სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად მუშაობა წელს დაიწყო)

 

 

დირექტორის ინფორმაციით, სკოლაში ამჟამად მოღვაწე 16 პედაგოგიდან ორი უფროსი მასწავლებელია, ერთი კი წამყვანი.

 

 

 

 

სკოლაში ასაკით პენსიონერი პედაგოგებიც მუშაობენ და როგორც დირექტორი ამბობს, მათი გამოცდილება და გაწეული ღვაწლი უაღრესად დასაფასებელია.

 

 

 


„ერთ-ერთი პენსიონერი პედაგოგი, რომელიც სკოლაში უკვე თითქმის ნახევარი საუკუნე (48 წელი) ასწავლის, ჩემი მეუღლეა - შაქრო ხაჩატურიანი (მაღლა ფოტოზე). იგი ამბობს, რომ სახლში დაჯდომა მისთვის სიკვდილის ტოლფასი იქნებაო. ასევე ვარ მეც. არ შემიძლია ბავშვების და სკოლის გარეშე ცხოვრება.

 

 

 

 

„ჩემმა მეუღლემ და ასევე კიდევ ერთმა პენსიონერმა პედაგოგმა, ვართანუშ სააკიანმა სკოლიდან წასვლა გადაიფიქრეს, უარი თქვეს სახელმწიფო ჯილდოზე და აქტიურად განაგრძობენ პედაგოგიურ საქმიანობა. ასწავლიდე თითქმის ნახევარი საუკუნე, აღზარდო ამდენი ბავშვი, ეს ხომ ყველაზე დიდი ჯილდოა“, ამბობს ვართუი სარკსიანი, რომელიც წუხს იმის გამო, რომ სოფლიდან მიგრაციის პროცესი გაზრდილია და თუკი ადრეულ წლებში ჩივთქილისის საშუალო სკოლაში 200-ამდე ბავშვი სწავლობდა, დღეს ეს რაოდენობა 55-ამდეა ჩამოსული.

 

 

 

 

 

„ჩვენი სოფლისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გზა არის. აქ, როგორც თავადაც იხილეთ, გრუნტის გზაა და ასეთ პირობებში ძნელია მისვლა-მოსვლა.

 

 

 


„წალკიდან არც ისე ახლო მანძილზე ვიმყოფებით და სასურველი იქნებოდა ეს და მიმდებარე სოფლები რაიონულ ცენტრთან ასფალტის გზით იყოს დაკავშირებული. ეს უფრო მეტად გამოაცოცხლებს აქაურობას, რომელიც, დამეთანხმებით, რომ ძალზე ლამაზია. უბრალოდ, უკეთესი საყოფაცხოვრებო პირობები უფრო მეტ სტიმულს მისცემდა ამ სოფლებს“, უთხრა GUARDIAN.GE-ის ვართუი სარკსიანმა და იმედი დაიტოვა, რომ ახლო მომავალში მათ სოფლამდეც მიიყვანენ ასფალტიან გზას.

 

 

 

 


GUARDIAN.GE წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლაში მიმდინარე საკითხებზე ინფორმაციას მკითხველს მომავალშიც მიაწვდის.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი