გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი მისი და მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში ერთობლივი ბრძოლის შესახებ შეთხზული მითი გახდა, რომელიც ივანიშვილთან გარკვეულმა პირებმა დამაჯერებლად მიიტანეს
29-09-2019, 11:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გასული წლის ზაფხულში მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზად ბიძინა ივანიშვილთან „კარდინალურად განსხვავებული პოზიციების“ ქონას ასახელებს და ამავე დროს აღნიშნავს, რომ წელიწადნახევრის წინ მისი და მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური პლატფორმიდან სამომავლოდ ერთობლივი ბრძოლის შესახებ შეთხზული მითი, რომელიც ივანიშვილთან გარკვეულმა პირებმა დამაჯერებლად მიიტანეს, გახდა იმის საწინდარი რომ პრემიერის პოსტი დაეტოვებინა.

 


კვირიკაშვილს, რომელმაც თბილისში, თავის საცხოვრებელ სახლთან ინტერვიუ „TV პირველს“ მისცა, არ დაუსახელებია იმ ადამიანების ვინაობა, ვინც „აბსოლუტურად უსაფუძვლო, ნულოვანი საფუძვლის მქონე მითი“ შეთხზა და ბიძინა ივანიშვილთან მიიტანა.

 


„არაერთ საკითხში მქონდა კარდინალურად განსხვავებული პოზიცია პარტიის დამფუძნებელთან. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძესთან მეგობრობას, ჯერ ერთი მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, მე დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანთან მაკავშირებს მე მეგობრობა და არავითარ შემთხვევაში მისი მონაწილეობა ამ პროექტში [ანაკლიის] არ იყო დაკავშირებული არანაირ მეგობრობასთან. ეს იყო საერთაშორისო ტენდერი, სადაც ორი წამყვანი კომპანია, ბრიტანული და გერმანული აფასებდა განაცხადებს და მათი გადაწყვეტილება იყო ის, რომ ამ კომპანიამ და კონსორციუმმა, ქართულ-ამერიკულმა კონსორციუმმა და აქ არ იყო მამუკა ხაზარაძე, აქ იყო ამერიკული კომპანია, ძალიან ცნობილი, მიიღო ყველაზე მაღალი ქულები და გაიმარჯვა ამ პროექტში.

 


„კიდევ ერთხელ ვამბობ, იყო რამდენიმე საკითხი, სადაც მქონდა განსხვავებული მოსაზრებები და პრინციპში, ვისაუბრეთ ჩვენ და გადაწყდა ისე, როგორც გადაწყდა. რაც შეეხება თვითონ ანაკლიის პროექტს, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ის, რაც ხდება, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, ეს არის ძალიან დამაზიანებელი საინვესტიციო გარემოსთვის. მეორე, ჩემთვის გაუგებარია ისიც, რაში დასჭირდა ხელისუფლებას ეს რაღაც ყურით მოთრეული ფულის გათეთრების საქმე, რომლისაც მგონი არავის არ სჯერა, არავის. ჩემი ცოდნიდან გამომდინარე, იქ ნამდვილად არ არის ფულის გათეთრებაზე საუბარი. არსებული ხელშეკრულება, რომელიც მე დავდე და დავტოვე და რომელიც იყო ხელმოწერილი და რომელშიც ძალიან კარგად იყო დაცული სახელმწიფოს ინტერესი, იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ყველანაირი ფულის გათეთრების საქმეების გარეშე სახელმწიფოს შეეწყვიტა ხელშეკრულება, უბრალოდ რატომ უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს ეს, მე არ მესმის იმიტომ, რომ ყველა დღე არის ძვირფასი, რომ ჩვენ დავასწროთ კონკურენტებს, კონკრეტულად ტამანის პორტზეა ლაპარაკი და ა.შ. ამიტომ, ეს ყველაფერი რაც ხდება, არის ძალიან დიდი ზიანი ქვეყნის და მე ვფიქრობ, გამოსავალიც არსებობს. ჩემს წამოსვლამდე სულ ცოტა ხნით ადრე მქონდა ამაზე საუბარი, აქ არანაირი ბიუჯეტის ფულის ხარჯვაზე საუბარი არ იყო, საუბარი იყო გარანტიაზე, რომლითაც გამოდიხარ მაშინვე და არანაირი, ნულოვანი წაგებით, შეიძლება მოგებითაც გამოვიდეს ქვეყანა, ეს არის და ეს. კიდევ იყო სხვა ბევრი მიზეზი, მაგრამ ამაზე ახლა არ ვაპირებ საუბარს.

 


„მთელი ეს ისტორია, რომ რაღაც დამოუკიდებელ პლატფორმას აპირებდა კვირიკაშვილი-ხაზარაძე, ეს არის რაღაც, როგორ გითხრათ, აბსოლუტურად უსაფუძვლო, ნულოვანი საფუძვლის მქონე მითი, მოგონოლი კონკრეტული ადამიანების მხრიდან, რომელთაც ნაწილს ჰქონდა სურვილი პროექტის შეჩერების, ნაწილს ჰქონდა, არ ვიცი, მტრობის სურვილი, ნაწილს პოლიტიკური სურვილები ჰქონდა და მიზნები. სხვათა შორის, მე ერთხელ მქონდა ამაზე საუაბრი ხაზარაძესთან, მე ვკითხე მას, როდესაც აგორდა ეს ჭორები, მაშინ წელიწადნახევრის წინ, მან თქვა, რომ ის იყო ძალიან მნიშვნელოვან პროექტში ჩართული და არანაირი განზრახვა რომ, დავუშვათ, რაიმე პოლიტიკისკენ წასულიყო, არ ჰქონდა. მეც მგონია, რომ როცა ადამიანი ამხელა რაღაცაში ხარ, პოლიტიკაზე ალბათ არ უნდა იფიქრო. რაც შეეხება, დღეს რაც ხდება, ახლა ეს, მე მგონია, რომ ის უბრალოდ კედელთან მიაყენეს და იძულებული გახდა, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც მისი პოლიტიკაში დაბრუნება გამორიცხა.

 

 

„მე გამოვრიცხავ ჩემ პოლიტიკაში წასვლას თავიდან, ბევრი მიზეზის გამო, უბრალოდ ეს ჩემი სურვილი არ არის რომ წავიდე პოლიტიკაში, მე ამის  უფლება მაქვს. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკაში არის უფრო ახალგაზრდა თაობის დრო, ჩვენი შვილების თაობის -ადამიანების, რომლებმაც 30 წელს მიაბიჯეს ან გადასცდნენ 30 წელს, გარკვეული წარმატება მოიპოვეს ცხოვრებაში და არიან გულანთებულნი. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანების დროა პოლიტიკაში. მე მგონია, რომ ადამიანი, რომელიც ამ მდინარეში ვიყავი ერთხელ... რა ვიცი, ასე ვფიქრობ და მგონია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება იმას, რომ დამაშანტაჟეს, საერთოდ ეს საქმეები არის აბსოლუტურად აბსურდული, ჩემი გუნდის წევრებზე, რომლებზეც იყო საუბარი. ეს ადამიანები ძალიან პატიოსნად მსახურობდნენ იმ სამსახურში, სადაც იყვნენ და ამით დაშინება... დაშინება შეიძლება ისეთი ადამიანის, რომელსაც ალბათ რაღაც საფუძველი აქვს და მაშინაც ძნელია, მით უმეტეს, ასეთი უსაფუძვლო ბრალდბებებით“, აღნიშნა კვირიკაშვილმა. 

 

 

სატელევიზიო ინტერვიუში მან დეპუტატ ეკა ბესელიასთან თბილისის ერთ-ერთ კაფეში შეხვედრის შესახებაც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ბესელიასთან „მიმდინარე საკითხებზე“ ჰქონდა საუბარი.

 


„ის [ბესელია] ძალიან გულგატეხილია და მგონია, რომ არა უსაფუძვლოდ. მის წინააღმდეგ ძალიან ბინძური კამპანია მიმდინარეობს და ის ნამდვილად არ იმსახურებს ამას. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ, მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის არც ჩასაფრებული კაცის პოზიცია და არც მტრული. დღესაც ძალიან ბევრი ადამიანია ხელისუფლებაში, რომელთანაც მე მეგობრული ურთიერთობა მაქვს და მე მგონია, რომ ეს მათთვისც, ქვეყნისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც და იგივე ბიძინა ივანიშვილისთვისაც არ არის კარგი, რომ ის ადამიანები გადმოიყვანოს პირდაპირ, გადმოაპორტირონ, თუ გნებავთ, სასამართლო სისტემაში, რომელთაც სულხან მოლაშვილი გაასამართლეს. მე არ ვიცი, როგორ უნდა უთხრან გამარჯობა სულხან მოლაშვილის მეუღლეს და ა.შ. ბევრია ასეთი შემთხვევა. უბრალოდ, ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება“, თქვა კვირიკაშვილმა.

 


შეკითხვაზე - ფიქრობთ თუ არა, რომ ივანიშვილმა იეჭვიანა მასსა და მამუკა ხაზაძარაძეს შორის არსებულ მეგობრობასა და ურთიერთობაზე და იმაზე, რომ ხაზარაძე ანაკლიის პროექტში იყო ჩართული - ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ასე უპასუხა:

 


„მე არ მინდა ამ ჩვენი პირადი საუბრების შინაარსის გარეთ გამოტანა. ფაქტი ერთი რამ არის, იმ ადამიანებმა, რომელთაც შეთხზეს მთელი ეს მითი, მათ შეძლეს რომ მიეტანათ ეს ამბავი ისე, რომ ბიძინა ივანიშვილს დაეჯერებინა ეს ამბავი და ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის. ჩემთვის პირადად არა იმდენად, რამდენადაც ქვეყნისთვის“.

 


მორიგ შეკითხვაზე - თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ჰქონდა თუ არა ბიძინა ივანიშვილთან კონტაქტი და ფიქრობს თუ არა, რომ ქვეყანამ დასავლურ კურსს გადაუხვია - კვირიკაშვილის პასუხი ასეთი იყო:

 


„კონტაქტი არ მქონია, ერთადერთი, დედის გარდაცვალება მივუსამძიმრე, სხვა კონტაქტი მე მასთან არ მქონია. იცით, რა არის? ეს დასავლური კურსი არ არის რაღაც აბსტრაქტული ხომ? ის რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებში აისახება და მე არ ვიტყოდი ასე, რომ გადაუხვია დასავლურ კურსს, მაგრამ მე ძალიან ბევრი რამ არ მომწონს ი მხრივ, რაც დღეს ხდება. მე არ ვარ იმ აზრის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რაღაც მოსკოვის კაცი და მისი მოგზავნილი, ნამდვილად არ ვფიქრობ ასე. მქონია მასთან ხანგრძლივი ურთიერთობა და ვიცი მისი განწყობები, მაგრამ, ასე ვთქვათ, დნმ-ი იმ გადაწყვეტილებების, რომლებსაც ისინი იღებენ, იგივე დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით, ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით, ეს პირდაპირ არის, როგორ გითხრათ, ეს არ არის დემოკრატიული, დასავლური სახელმწიფოს გადაწყვეტილებები. ამიტომ, მე ვფიქრობ, რაც უფრო მეტი ასეთ გადაწყვეტილება მიიღება, მით უფრო დავშორდებით ჩვენ დასავლეთს და ეს რა თქმა უნდა, ცუდი იქნება ქვეყნისთვის“.

 


კვირიკაშვილმა იმ ადამიანების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, რომელთაც მისი თქმით, ივანიშვილს მასზე მცდარი ინფორმაციები მიაწოდეს, სინანულით აღნიშნა, რომ ასეთი ადამიანების მიტანილი ამბები საზიანო შედეგების მომტანია.

 


„ასეთი ერთი ადამიანი არ არის და მე არ მინდა ახლა სახელების და გვარების ჩამოთვლა. არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც სამწუხაროდ, ახერხებენ ახლოს კავშირს ისეთ დონეზე, რომ მათი ისტორიები, ასე ვთქვათ, ხდება მიტანილი, მერე იჯერებენ და მერე ამაზე მოქმედებებს აგებენ და ა.შ.“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

ყოფილმა პრემიერმა ასევე თქვა, რომ ქვეყანაში ინსტიტუტები თავიანთ ფუნქციებს ვერ ასრულებენ და ბიძინა ივანიშვილს აქვს გადაჭარბებული ძალაუფლება, ღებულობს გადაწყვეტილებებს, რომელსაც არ უნდა ღებულობდეს“.

 

 

„ბუნებრივია, დღეს ჩვენი ინსტიტუტები არ მუშაობს და ბიძინა ივანიშვილს აქვს გადაჭარბებული ძალაუფლება ჩვენს ქვეყანაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ინსტიტუტები, რომელიც საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის - სასამართლო, პარლამენტი და სხვა ინსტიტუტები - თავის ფუნქციას ასრულებდნენ. დღეს სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ბევრი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში.

 


„რაც შეეხება იმას, არის თუ არა ერთპიროვნული მმართველი ბიძინა ივანიშვილი, ერთპიროვნული მმართველი შეიძლება თქვა ბარბაროს დიქტატორზე და ჯერჯერობით ეგეთი სიტუაცია არ არის ჩვენ ქვეყანაში. არის პრობლემები, ინსტიტუციები არ მუშაობენ. ბიძინა ივანიშვილი ღებულობს იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ის არ უნდა ღებულობდეს და მე მგონი, ამ კუთხით ძალიან ბევრია ჩვენს ქვეყანაში გასაკეთებელი“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

მან ასევე თქვა, რომ 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ გიორგი გახარია უნდა გადამდგარიყო თანამდებობიდან. 

 

 

„გიორგი გახარიას პრემიერ მინისტრობას დრო შეაფასებს, რაც შეეხება მის გადადგომას, მე ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკისთვის გაცილებით უკეთ შეინახავდა თავს, მას რომ მიეღო [გადადგომის გადაწყვეტილება], უბრალოდ გამოსულიყო და ეთქვა... მას არ მიუცია, დარწმუნებული ვარ, რომ მას არ უთქვამს, თვალში ესროლე ადამიანს, მაგრამ რადგანაც მოხდა ასეთი ამბავი, არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობის ცნება. მას რომ ეთქვა, რომ ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს აგერ, მაკო გომურის თვალს, მე მგონია, რომ ეს იქნებოდა მისი მხრიდან სწორი ნაბიჯი და ის პოლიტიკისთვის იქნებოდა ცოცხალი ადამიანი. რადგანაც მან ეს გადაწყვეტილება არ მიიღო, ჩემი აზრით მან თავის პოლიტიკურ კარიერას ძალიან დიდი ბზარი გაუჩინა საკუთარი ხელით. რა თქმა უნდა, მას უნდა დაეტოვებინა თანამდებობა“, განაცხადა კვირიკაშვილმა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი