სომხური სკოლის პედაგოგი ვართუშ ტოროსიანი, რომელიც 48 წელი ასწავლიდა ბურნაშეთის საჯარო სკოლაში, აცხადებს, რომ მასწავლებლის ჯილდოს მიღებას 2 წელი სკოლაში უხელფასოდ მუშაობა ერჩია
04-10-2019, 18:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვართუშ ტოროსიანმა წალკის მუნიციპალიტეტის ბურნაშეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლად 48 წელი იმუშავა და პედაგოგიურ ცხოვრებას 2019-20 სასწავლო წლის დაწყებიდან ჩამოსცილდა, რადგან მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს აღებაზე თანხმობის მიცემა გადაწყვიტა და ახლა 2 წლის ხელფასის ერთიანად მიღების მოლოდინშია.

 


როგორც GUARDIAN.GE-ის 69 წლის ვართუშ ტოროსიანმა, სოფელ ბურნაშეთში, თავის საცხოვრებელ სახლში სტუმრობისას უთხრა, მას ჯერ კიდევ შეეძლო აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობა და მისთვის სკოლიდან წასვლა დიდ გულისტკივილთან არის დაკავშირებული, რადგან პატარებთან მუშაობა უზომო სიამოვნებას ანიჭებდა და მათთან თავადაც ვერ გრძნობდა ასაკს და დაღლას.

 

 

 


„48 წელიწადი, თითქმის ნახევარი საუკუნე, მომავალი თაობის აღზრდას შევალიე. პედაგოგად მუშაობის დაწყებიდან ბოლო წუთებამდე, ვიდრე სკოლის დატოვება მომიწევდა, არც ერთი წუთით არ მიღალატია ჩემი საქმისთვის და არც მაშინ, როცა გასული საუკუნის 90-იან წლებში ხშირად ხელფასსაც ვერ გვიხდიდა სახელმწიფო ან თუ გვიხდიდა, კუპონების სახით, რომლითაც რამდენიმე კილოგრამ კარტოფილსღა თუ იყიდდი, მაგრამ გაკვეთილებს მაინც არ ვაცდენდით, არ მიგვიტოვებია სკოლა და პირნათლად ვასრულებდით ჩვენს საქმეს.

 

 

 


„არასდროს, მხოლოდ ფულის გამო არ მიმუშავია სკოლაში. პროფესიული არჩევანი მთელი შეგნებით გავაკეთე, რადგან ყოველთვის მიმაჩნდა, რომ არ არსებობდა იმაზე კეთილშობილური პროფესია, ვიდრე პედაგოგობა იყო, თან მე მთელი ცხოვრება დაწყებით კლასებს ვასწავლიდი. წარმოიდგინეთ, რამდენი ბავშვისთვის მისწავლებია წერა-კითხვა, რამდენი ბავშვისთვის გამიცია სრულიად უანგაროდ ამაგი...

 


„ჩემი აღზრდილებიდან ბურნაშეთის სკოლაში დღეს არაერთი პედაგოგი მუშაობს, მათ შორის სკოლის დირექტორიც, ბევრი რუსეთშია წასული და წარმატებულად საქმიანობს სხვადასხვა პროფესიის განხრით. ბოლო წლებში უკვე ჩემი აღზრდილების შვილიშვილებს, ანუ გამოდის, რომ მესამე თაობას ვასწავლიდი. არადა კიდევ მინდოდა, შემეძლო, მაგრამ...

 

 

 


„ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, ბავშვები და ძალიან ძნელი იყო ჯილდოს აღებაზე თანხმობისა და სკოლიდან წამოსვლის გადაწყვეტილება “, სევდიანად განაცხადა პენსიაზე გასულმა პედაგოგმა და დასძინა, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, რაც მათთვის ორი წლის ხელფასის ერთიანად, წინასწარ გადახდას ითვალისწინებს, დიდი დაფასებაა.

 


„როგორ შეიძლება მადლობა არ ვუთხრათ განათლების სამინისტროს ასეთი დაფასებისათვის. ხომ შეეძლოთ ამ ჯილდოს გარეშეც გავეშვით, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან ჰუმანური და ღირსეული ნაბიჯი გადადგეს. თუმცა, პირადად მე, მერჩია მომდევნო რამდენიმე წელი თუნდაც უხელფასოდ მემუშავა და მეკეთებინა ის საქმე, რასაც მთელი ჩემი ცხოვრება მივუძღვენი. ბავშვებისგან ისეთ სითბოს და სტიმულს ვიღებდი, რომ ეს ყველაფრად ღირდა.

 

 

 

 


„ერთხელ ჩემს პირველკლასელ მოსწავლეს ფეხსაცმელზე თასმა ჰქონდა შეუკრავი და როცა ვკითხე, რატომ გაქვს-მეთქი შეხსნილი, დედიკომ არ შეგიკრა-თქო, მიპასუხა, რომ იქნებ თქვენ შემიკრათო, სკოლაში ხომ ჩემი დედიკო თქვენ ხართო (იცინის). აი, ასეთ სითბოზე და სიყვარულზე მაქვს საუბარი. მიყვარდა ჩემი აღსაზრდელების გიჟური საქციელი, ემოციური და ძალიან უდარდელი დამოკიდებულება და ეს პირდაპირ ჩემზე გადმოდიოდა და სწორედ ეს განუმეორებელი ურთიერთობა არ მეთმობა ბავშვებთან“, აღნიშნა ვართუშ ტოროსიანმა, რომელიც საკმაოდ ახალგაზრდულად და ენერგიულად გამოიყურება და ამბობს, რომ ალბათ, ეს ბავშვებთან ურთიერთობის გამოა ასე.

 


ვართუშ ტოროსიანი ერთხანს გამოცდაზე გასვლასაც გეგმავდა, მაგრამ გადაიფიქრა, რადგან მიიჩნია, რომ მისი ასაკის ადამიანისთვის გამოცდის ჩაბარება რთული იქნებოდა.

 

 

 


იგი ახლა თავის მეუღლესთან, სოსო ტოროსიანთან ერთად ცხოვრებას ისევ ბურნაშეთში განაგრძობს და არ აპირებს რუსეთში საცხოვრებლად გადასვლას, სადაც მისი შვილები არიან დამკვიდრებული.

 

 

„შვილები მუდამ გვეპატიჟებიან. გვეუბნებიან, ჩამოდით, აქ იცხოვრეთო, მაგრამ მე და ჩემი მეუღლე არსად არ ვართ წამსვლელები, რადგან ჩვენთვის უკვე სხვაგან ცხოვრება ძნელი იქნება. ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი, საქართველო, აქაურობას ხომ ვერ მივატოვებთ“, უთხრა GUARDIAN.GE-ის ვართუშ ტოროსიანმა.

 

 

 


ტოროსიანები მეფუტკრეობას ეწევიან და ამჟამად 4 ოჯახი სკა აქვთ. გასულ წელს 25 ოჯახამდე ჰყავდათ, მაგრამ ფუტკრების უდიდესი ნაწილი ამოუწყდათ. ახლა ცოლ-ქმარი თავიანთი ცხოვრების სოფლის მეურნეობისათვის მიძღვნას აპირებს.

 

 

(ფოტოზე: ვართუშ ტოროსიანის მეუღლე სოსო ტოროსიანი თავისი საცხოვრებელი სახლის აივანზე)

 


„სოფლის მეურნეობას განვავითარებთ. კიდევ უფრო მეტ სკას გავამრავლებთ. ასევე, ჩვენი შეძლების პირობებში, მეცხოველეობასაც მივხედავთ. საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ხელს გვიწყობს ჯანმრთელობა. ჩემს მეუღლეს ცოტა არ იყოს გაუხარდა კიდეც ჩემი სკოლიდან წამოსვლა. მითხრა უკვე ნახევარი საუკუნე ასწავლიდიო და ახლა გეყოფაო, დროა დაისვენოო“, ღიმილით ამბობს ვართუშ ტოროსიანი, რომელიც სახელმწიფოს მისი ღვაწლის დაფასებისთვის კიდევ ერთხელ მადლობას უხდის, თუმცა დასძენს, რომ მისთვის ყველაზე დიდი ჯილდო მაინც ის იყო, რომ სკოლაში ამდენი ხნის განმავლობაში მიეცა მუშაობის შესაძლებლობა, არაერთი თაობა აღზარდა და მისი მადლიერები არიან, როგორც ყოფილი მოსწავლეები, ისე მშობლები.

 

 

 

 

ვართუშ ტოროსიანი 1968 -1971 წლებში ერევნის პედაგოგიურ ტექნიკუმში სწავლობდა, რისი წარმატებით დასრულების შემდეგაც, 2019 წლის სექტემბრამდე ბურნაშეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლად მუშაობდა; საბჭოთა კავშირის დროს მინიჭებული აქვს პირველი კატეგორიის მასწავლებლის სტატუსი, მიღებული აქვს არაერთი ჯილდო.

 

 

 

 

 

(შენიშვნა: ქ-ნ ვართუშ ტოროსიანთან ინტერვიუ სომხურ ენაზე შედგა, თარჯიმნობა კი, GUARDIAN.GE-ის წალკის მუნიციპალიტეტის ბურნაშეთის სომხურენოვანი საჯარო სკოლის ქართული და რუსული ენების მასწავლებელმა, ქ-ნმა ჯენი ნაზლუიანმა გაუწია).

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი