„მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია ამტკიცებს, რომ მის მიერ დაფუძნებული არხი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ტელევიზია არ არის და ამბობს, რომ „არავითარი კავშირი ან რაიმენაირი ვალდებულება არც ერთ დამფუძნებელს არც ერთ პარტიასთან არ გვაქვს“.
„როგორც ჩანს, ასახსნელია გარკვეული საკითხები ჩვენი არხის შესახებ.
შთაბეჭდილება მრჩება, რომ გარკვეულ ადამიანებს „ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზია“ ვგონივართ (ზოგიერთს, მგონი საერთოდ პარტიული ქვედანაყოფი). მათთვის ავხსნი, რომ არავითარი კავშირი ან რაიმენაირი ვალდებულება არც ერთ დამფუძნებელს არც ერთ პარტიასთან არ გვაქვს, გარდა ჩვენი პოლიტიკური გემოვნებისა და სიმპათიების შესაბამისად კონკრეტული პარტიების თუ პოლიტიკოსების მხარდაჭერისა, რასაც არჩევნებზე ხმის მიცემით გამოვხატავთ.
არანაირი დაფინანსება პარტიული ან მასთან აფილირებული წყაროდან არ გაგვაჩნია. მეტიც, მთელი ჟურნალისტური კორპუსის პირველი და მთავარი მოთხოვნა, როდესაც არხის შექმნა იხილებოდა, იყო, არც კი მოაზრებულიყო ჩვენი ე.წ. პარტიული ტელევიზიობა, რაზეც სრული კონსენსუსია მთელ გუნდში, არა მარტო ჟურნალისტებში. ეს გადაწყვეტილი საკითხია და მოგვიანებით რომც ვიხილოთ დამფუძნებლებში რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან რაიმენაირად აფილირებული პირი (სავსებით შესაძლებებლია და ჩვენთვის სავსებით დასაშვებია მოვლენების ამგვარი განვითარება), ვიდრე მე არხს ვხელმძღვანელობ, არ მოხდება ამ საკითხის რევიზია და ამ კუთხით სარედაქციო პოლიტიკის გადახედვა.
ცხადია, ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა ითვალისწინებს პროდასავლური პარტიების ღია, მკაფიო და თანმიმდევრულ მხარდაჭერასა და, რაც დღევანდელ ვითარებაში სრულიად აუცილებელია, დახმარებას. ამგვარ პარტიებში ნაციონალური მოძრაობა ყველაზე დიდი მოთამაშეა და მის მიმართ დამოკიდებულებაც შექმნილ პროპორციას გვერდს ვერ აუვლის“, აცხადებს გვარამია სოციალურ ქსელში და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ განმარტავს, რომ იგი არის „პოლიტიკურ პროცესებზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავლენის მქონე პერსონა და, რაც მთავარია, ჩვენი მაყურებლისთვის მუდმივად და ძალიან საინტერესო. შესაბამისად, მისი გაშუქება ჩვენი არხისთვის არავითარ კითხვის ნიშანს არ წარმოადგენს“.
„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, უკვე მერამდენედ მიწევს ახსნა მისი მოწინააღმდეგეებისთვისაც და ახლა უკვე მხარდამჭერებისთვისაც, რომ ის არის ყველაზე დიდი მასშტაბის ქართველი პოლიტიკოსი (არა მარტო მოქმედ პოლიტიკოსებს შორის), დღევანდელი ქართული პოლიტიკის მოქმედი და პერსონალურად (და არა მარტო პარტიულად) ყველაზე მხარდაჭერილი ფიგურა, პოლიტიკურ პროცესებზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავლენის მქონე პერსონა და, რაც მთავარია, ჩვენი მაყურებლისთვის მუდმივად და ძალიან საინტერესო. შესაბამისად, მისი გაშუქება ჩვენი არხისთვის არავითარ კითხვის ნიშანს არ წარმოადგენს. მეტიც, ჩვენ ღიად და დაუფარავად მიგვაჩნია, რომ ის არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელი, პოლიტიკური დევნის შედეგად ქვეყნიდან განდევნილი და ყოველთვის მხარს დავუჭერთ მის დაბრუნებას ქვეყანაში და აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში ჩაბმას.
თუმცა, სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენი ეს პოზიცია, ვერანაირად ვერ იმოქმედებს ჩვენსავე უფლებაზე, გავაკრიტიკოთ (თუ საჭიროა, მწვავედ) მისი ძველი თუ ამჟამინდელი გადაწყვეტილებები და გამონათქვამები“, აცხადებს გვარამია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.