ევა კალაჩიან: „ურთულეს პერიოდს დაემთხვა ჩემი დაშბაშის სკოლის დირექტორად დანიშვნა; ხანძრის შედეგად შენობის მხოლოდ შავი კედლებიღა იყო დარჩენილი... მაგრამ ჩემმა ვაჟიშვილმა გამამხნევა, მითხრა - ‘დედა, არ შეშინდე, მე დაგეხმარები და ჩვენ ამ სკოლას აღვადგენთ’“
15-11-2019, 11:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევა კალაჩიანი, რომელსაც ორი უმაღლესი სასწავლებელი - თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი (სპეციალობა: დაწყებითი განათლების პედაგოგიკა და მეთოდიკა; დაამთავრა სომხურ ენაზე) და კიროვაკანის (ახლანდელი ვანაძორი) უნივერსიტეტი (ფილოლოგიის ფაკულტეტი) წარჩინებით აქვს დამთავრებული, 1968 წლიდან უწყვეტად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და 14 წელია რაც წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორია. იგი 2005 წელს ხანძრისგან მთლიანად განადგურებულ სკოლას ჩაუდგა სათავეში და სრულად აღადგინა დამწვარი შენობა.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოები: ევა კალაჩიან - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი)

 


როგორც მან GUARDIAN.GE-ის განუცხადა, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც კი უწევდა სოფლიდან წალკაში ჩასვლა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის იმის სათხოვნელად, რომ დროულად მოეხდინათ რეაგირება და დახმარებოდნენ სკოლის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხების მოძიებაში. თავდაპირველად მას 35 ათასი ლარი გადაურიცხეს, რაც მისი თქმით, მხოლოდ 1 საკლასო ოთახის აღდგენისთვის თუ იქნებოდა საკმარისი, მაგრამ მისმა დაუღალავმა მცდელობამ შედეგი გამოიღო და მოხერხდა ჯერ პირველი სართულის, შემდეგ კი მეორეს რეაბილიტაციაც.

 

 

 


„ძალიან რთულ პერიოდს დაემთხვა ჩემი დირექტორად დანიშვნა. ხანძარი ახალი მომხდარი იყო და სკოლის შენობისგან მხოლოდ გამურული, შავი კედლებიღა იყო დარჩენილი. ხანძარს 1 რაიმე ნივთიც კი, ფურცელი რომ ფურცელია, ისიც ვერ გადაურჩა.

 

 

 

 

„ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ და რომ არა ჩემი ვაჟის, ვალერის თანადგომა, როგორც ფიზიკური, ისე მორალური, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა ამხელა პრობლემასთან შეჭიდება. ძალიან, ძალიან დამეხმარა ჩემი ვაჟიშვილი. მითხრა: ‘დედა არ შეშინდე, მე დაგეხმარები და ჩვენ ამ სკოლას აღვადგენთ’.

 

 

 


„წარმოიდგინეთ, დღეში ზოგჯერ 3-ჯერ, 4-ჯერაც კი ჩავსულვართ წალკაში. ვითხოვდით რაც შეიძლება დროულად მოეხედათ და დაგვხმარებოდნენ თანხების მოძიებაში. მანამდე სწავლა 1 დღითაც არ შეგვიწყვეტია. დროებით, სოფლის ერთ-ერთო კერძო საცხოვრებელ სახლში განვაახლეთ სასწავლო პროცესი. ამასობაში ჩვენმა შეუპოვარმა დამოკიდებულებამ, რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა, აღგვედგინა სკოლა, გაჭრა და მივაღწიეთ სასურველ შედეგს.

 

 

 


„ჯერ პირველი სართული აღვადგინეთ და იქ გადავიყვანეთ ბავშვები. 1 საკლასო ოთახში ორი სხვადასხვა გაკვეთილი ტარდებოდა და ბავშვები გაკვეთილებზე ერთმანეთის ზურგშექცევით ისხდნენ. დღეს, თავადაც უყურებთ, როგორი მოწესრიგებულია სკოლა - ეტაპობრივად, ძალიან ლამაზ, თანამედროვე შენობად ვაქციეთ.

 

 

 


„თავად ვიყავი ჩართული სამუშაო პროცესში და მუდმივად ვუწევდი მეთვალყურეობას მუშებს. რაღაცნაირი შიში მქონდა, კვლავ არ გაჩენილიყო ცეცხლი რაიმე დაუდევრობით და ამიტომ მშენებლებს სულ თავზე ვადექი. აქ თითოეულ კუთხე-კუნჭულს ჩემთვის ოქროს ფასი აქვს. რუდუნებით ვუფრთხილდებით აქაურობას და დარწმუნებული ვარ, დღეს, სკოლაში შემოსულ ყველა ადამიანს ძალიან სასიამოვნო განწყობა ეუფლება“, უთხრა GUARDIAN.GE-ის ევა კალაჩიანმა და სინანულით აღნიშნა, რომ მიგრაციული პროცესებიდან გამომდინარე, სკოლაში სადღეისოდ მხოლოდ 22 მოსწავლე ჰყავთ, არადა, მისი თქმით, თავის ბავშვობაში დაშბაშის მაშინდელ 9-წლიანი სკოლაში, სადაც თავადაც სწავლობდა 1-დან 9 კლასის ჩათვლით, 150-ამდე მოსწავლე მაინც ირიცხებოდა.

 

 

 


„დრო დიდად შეიცვალა“, განაგრძობს საუბარს ქალბატონი ევა კალაჩიან - „ჩვენ დროს სკოლა სავსე იყო ბავშვებით და კლასში 25-ამდე მოსწავლეც კი ირიცხებოდა. ახლა მოსწავლეთა სიმცირის გამო კლას-კომპლექტი, ორი კლასისგან გაერთიანებული ჯგუფიც გვყავს.

 

 

 

 

„დრო შეიცვალა, მაგრამ ბევრი რამ სასიკეთოდაც. მაგალითად, ჩემს ბავშვობაში ქართული ენის სწავლებას საერთოდ არ ექცეოდა ყურადღება, მე-4 თუ მე-5 კლასიდან იწყებოდა მისი სწავლება და კვირაში 1 ან 2 საათი თუ ეთმობოდა. ყველაზე დიდი შედეგი, რისთვისაც შეიძლება მიგეღწია, ეს იყო წერა-კითხვის შესწავლა, ხოლო საუბარი და აზრის გამოხატვა ძალიან დაბალ დონეზე შეგვეძლო.

 

 

 


„ახლა ბავშვები პირველი კლასიდან სწავლობენ ქართულს როგორც მეორე ენას და მე-3 და მე-4 კლასებში უკვე ისე გამართულად კითხულობენ და საუბრობენ, რომ გაოცებული დარჩებით. ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სახელმწიფოს, რომ ამხელა ყურადღებას უთმობენ ქართული ენის სწავლებას, ყველა იმ ერების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, რომ მათ ნორმალურად იცოდნენ სახელმწიფო ენა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამით.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე მეცხრე კლასის მოსწავლეები. ისინი თავის კაბინეტში ქალბატონმა ევამ შემოიყვანა და ქართულ ენაზე რამდენიმე შეკითხვა დაუსვა - მოსწავლეებმა ყველა შეკითხვაზე პასუხი ქართულ ენაზე გამართულად გასცეს)

 

 

„ძალზე ვემადლიერები ჩვენი სკოლის ქართული ენის მასწავლებლებს, ქალბატონებს - მაია გრიგორიან-ოსიაშვილს (დაბლა ფოტოზე) და ნათელა ჯმუხაძეს. მათი წყალობით, მოზარდები ასე კარგად ფლობენ ქართულ ენას.

 

 

 


„ჩვენ, მოგეხსენებათ, საბაზო სკოლა ვართ და 9 კლასის დამთავრების შემდეგ ბავშვები სხვაგან განაგრძობენ სწავლას, ზოგი საჯარო სკოლაში, ზოგიც კოლეჯებში. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენი სკოლის ერთ-ერთი ყოფილი წარჩინებული მოსწავლე, სინამ მარტიროსიანი ახლა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტია. ასევე, ჩვენი სკოლადამთავრებული, არმინე ხაჩატურიანი ბანკში მუშაობს.

 

 

 


„ცოტა მეუხერხულება ამის თქმა, რადგან ჩემი ოჯახის წევრზე, ჩემ შვილიშვილზეც მიწევს საქებარი სიტყვების თქმა. მან, ალბერტ კალაჩიანმა, რომელიც 25 წლისაა, წარმატებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტურიზმის განხრით და ახლა თბილისში, ერთ-ერთი სასტუმროს დირექტორია - თავისუფლად საუბრობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, რა თქმა უნდა, მშობლიურ სომხურ ენაზე და ამჟამად ესპანურს და ფრანგულს ეუფლება“, განუცხადა GUARDIAN.GE-ის ევა კალაჩიანმა და დაამატა, რომ დღევანდელმა თაობამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ინტერნეტის ეპოქის ის შესაძლებლობები, რაც მის და მის შემდგომ თაობებს არ გააჩნდათ.

 

 

 


„მე, როგორც გითხარით, 9-წლედი დაშბაშში დავამთავრე, საშუალო სკოლა კი ხაჩკოვში, სადაც ამჟამად სკოლის დირექტორი შესანიშნავი ქალბატონი ლიანა პილტოიანია. რადგან აქედან ხაჩკოვამდე 25 კილომეტრზე მეტი სავალი მანძილია და ჩვენ დროს თან იმხელა თოვლი მოდიოდა, რომ ხშირად გზებიც იკეტებოდა, მე და ჩემი ერთ-ერთი მეგობარი ხაჩკოვში ვცხოვრობდით და სირთულეების მიუხედავად მთელი გულისყური სწავლისკენ გვქონდა მიმართული.

 

 

 

 

 

„2 უმაღლესი სასწავლებელი დავამთავრე, ორივე წარმატებით და აგერ უკვე 52-ე წელია დაშბაშის სკოლაში ვასწავლი სომხურ ენას და ლიტერატურას. ამდენივე წელი ასწავლიდა ჩემთან ერთად ჩემი მეუღლეც, ვლადიმერ კალაჩიანი (დაბლა ფოტოზე) - ქიმია-ბიოლოგიას, მაგრამ მან საპენსიო ჯილდოს აღება გადაწყვიტა და სექტემბერში უკვე წავიდა სკოლიდან.

 

 

 


„კიდევ 2 პედაგოგი აპირებს დეკემბერში ჯილდოს მიღებას და სკოლიდან წასვლას. ერთ-ერთია ქალბატონი სირანუშ მაზმანიანი, ინგლისური ენის მასწავლებელი (დაბლა ფოტოზე).

 

 

 

 


„წარმოიდგინეთ, როგორი რთულია იმ მასწავლებლებთან დამშვიდობება, რომლებთან ერთადაც ათწლეულები მუშაობდი. ეს ძნელია ჩვენთვის და განსაკუთრებით მათთვის, რადგან, მე ჩემი სკოლის მაგალითზე გეტყვით, რომ ეს ადამიანები მოწოდებით არიან პედაგოგები და მომავალ თაობასთან ურთიერთობის გარეშე მათი ცხოვრება ძალზე რთული იქნება. თან სკოლაში ისეთი მეგობრული ატმოსფერო გვაქვს ჩამოყალიბებული, რომ ბევრი ინატრებდა. დისციპლინა თავის ადგილზეა, მაგრამ დისციპლინა და მეგობრული, თბილი, ადამიანური ურთიერთობები ერთმანეთს ხელს არ უშლის. ჩვენი ვალია ვაკეთოთ სიკეთე და დავეხმაროთ ერთმანეთს“, უთხრა GUARDIAN.GE-ის ევა კალაჩიანმა, რომელიც 75 წლის არის, თუმცა თავს ახალგაზრდულად გრძობს.

 

 

 

 


„როცა წარსულს გადავხედავ, ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ თითქოს ეს ყველაფერი გუშინ იყო - გუშინ იყო 1968 წელი, როცა მე და ჩემმა მეუღლემ ერთად დავიწყეთ დაშბაშის სკოლაში პედაგოგებად მუშაობა და აგერ ნახევარ საუკუნეზე მეტია გასული, მაგრამ ვამაყობ იმით, რომ არაერთი კარგი ადამიანი აღვზარდე. ეს ჩემთვის ძალიან, ძალიან სასიამოვნოა და ახლა მე... (იცინის) იმ ასაკის ადამიანად არ ვგრძნობ თავს, რეალურად რა ასაკიც მაქვს. თავს ახალგაზრდად ვგრძნობ და იცით, რატომ ვგრძნობ თავს ასე? იმიტომ, რომ მომავალ თაობასთან ვარ და კიდევ მინდა მუშაობა და კიდევ მინდა აღვზარდო ისეთი ადამიანები, რომლებიც ქვეყნის, საზოგადოების სამსახურში იქნებიან“, ამბობს ქალბატონი ევა კალაჩიან.

 

 

 


ქალბატონ ევას 4 შვილი ჰყავს და ყველას უმაღლესი სასწავლებელი აქვს დამთავრებული. მათგან ერთ-ერთს - ჟანას, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ინსტიტუტი წარჩინებით აქვს დამთავრებული, კიროვაკანშია გათხოვილი და იქ მუშაობს პედაგოგად. მას წელს, წლის საუკეთესო მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტო: ხელმარცხნივ ჟანარ კალაჩიან - დაშბაშის საჯარო სკოლის რუსული ენისა და სპორტის მასწავლებელი და ხელმარჯვნივ ევა კალაჩიან - დაშბაშის საჯარო სკოლის დირექტორი)

 


„მეორე ჩემი ქალიშვილი, ლუსინე, რომელმაც ასევე წარჩინებით დაამთავრა თბილისში ეკონომიკის ფაკულტეტი და საგანში გამოცდა ჩააბარა, ამჟამად დაშბაშის სკოლაში ასწავლის ბუნებას, ხელოვნებას და მუსიკას. მესამე ქალიშვილმა, ანჟელამ სომხეთში სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა და ახლა ის ჩვენს მუნიციპალიტეტში, სოფელ აიაზმაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ჩემ ვაჟს, ვალერის კი, რუსეთში აქვს ინსტიტუტი დამთავრებული, საინჟინრო ფაკულტეტი და იგი თავისი მცირე ბიზნესით არის დაკავებული“, ამბობს ქალბატონი ევა კალაჩიან და წინასწარ განიცდის იმ მომენტს, როცა შესაძლოა, სკოლის დატოვება მოუწიოს.

 

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტო: ევა კალაჩიან)

 


„მე ძალიან მეძნელება ამ სკოლის დატოვება. ჩემი ვაჟი მეუბნება: ‘საკმარისია, საკმარისი დედა! სკოლას შენი ცხოვრება მიუძღვენი, რაც შეგეძლო გააკეთე, უკვე საკმარისია’. იგივეს მეუბნება ჩემი მეუღლეც... პრინციპში ეს ასეც არის, მაგრამ ვფიქრობ, ჯერ კიდევ შემიძლია კარგი საქმის კეთება, მუშაობა... აქ თითოეული ქვა, თითოეული კუთხე ჩემთვის უძვირფასესია. ამ სკოლის გარეშე ცხოვრება მართლა არ შემიძლია. აქ ყოველი წვრილმანი ჩემთვის ოქროა. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან ეს ყველაფერი მე თავად შევქმენი. რაც კი რამეა კლასებში - ინვენტარი, ახალი, ყველაფერი ჩვენ შევიძინეთ ეტაპობრივად.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტო: ევა კალაჩიან)

 


„როცა სკოლა რემონტდებოდა, მე დილიდან მუშების და ხელოსნების გვერდით ვიდექი, რომ ხარისხიანად გაკეთებულიყო და როცა საკლასო ოთახების რემონტზე გადავიდნენ მუშები, მე მათ ვუთხარი, რომ იქ არაფერი ეჭამათ, რომ ან ასანთი ან სიგარეტის ნამწვი არ გადაეგდოთ და კვლავ არ გაჩენილიყო ხანძარი. მუდმივ მეთვალყურეობას ვუწევდი მათ, რომ კარგად და ხარისხიანად გაეკეთებინათ რემონტი და დღემდე, უყურებთ, როგორ კარგად არის მაშინდელი, 2005 წლის რემონტი შენარჩუნებული, რადგან ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით ყველაფერს“, განაცხადა GUARDIAN.GE-ისთან საუბარში ევა კალაჩიანმა.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტო: ევა კალაჩიან)

 

კომენტარები: 2
#2   ალბერტ კალაჩიან
      
ჩვენი სიამაყე ხარ ბებია❤️
18 ივნისი 2020 06:52
#1   არმინე მარტიროსოვა
      
მე თქვენი ყოფილი მოსწავლე არმინე მარტიროსოვა როგორც ზემოთ აღმნიშნეთ არმინე ხაჩატურიანი მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ჩემო საყვარელო მასწავლებლებო თქვენი შრომისთვის, რომ მასწავლეთ და გადმომეცით მაქსიმუმი..მიყვარხართ
23 ნოემბერი 2019 10:44
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი