უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს და ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს ბრალი წარედგინათ.
როგორც საქმის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა, ოქრუაშვილმა და მისმა უფლებადამცველმა ბრალდების თაობაზე დადგენილება არ ჩაიბარეს, რადგან ერთმანეთში ვერ შეთანხმდნენ. ამის მიუხედავად, პროცედურის გათვალისწინებით აღნიშნული ავტომატურად ნიშნავს ბრალის წარდგენას.
„მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების წარსადგენად მეორედ ვიყავით შემოსული, ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი და ვახტანგ იაშვილი საგამოძიებო ოთახში არ გამოცხადდნენ ბრალდების წარსადგენად. შესაბამისად, არ ჩაიბარეს არც ბრალდების შესახებ დადგენილების ასლი და უარი განაცხადეს, ამის თაობაზე შედგენილი ოქმზე ხელის მოწერაზე. ბატონ ვახტანგ იაშვილს ვკითხეთ მიზეზი, თუ რატომ არ აწერდა ოქმს ხელს. იაშვილმა განაცხადა, რომ ის და ირაკლი ოქრუაშვილი ვერ შეთანხმდნენ, აქედან გამომდინარე, ვერანაირ დოკუმენტს ვერ მოაწერდა ხელს. შესაბამისად, თუ თქვენ მეკითხებით, რომ წარვუდგინეთ, თუ არა ბრალდება, გეტყვით, რომ მოცემული პროცედურა უკვე ბრალდების წარდგენად ითვლება.
ფაქტი, რომ ბრალდების წარსადგენად შემოვედით, დადასტურებულია, ბრალდებული ჩაიბარებს თუ არა, ან ხელმოწერით დაადასტურებს თუ არა დადგენილების ჩაბარების სინამდვილეს, ეს მისი უფლებაა. ბუნებრივია, ძალით ვერავინ გადასცემს დადგენილებას და ძალით ვერ მოაწერინებს ხელს“, - განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.
უწყებაში წარმოებული გამოძიების შედეგად, ამირან (ბუტა) რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ირაკლი ოქრუაშვილის და ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილია დადგენილება მათი ბრალდების შესახებ.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა შემდეგი:
2004 წლის 24 ნოემბერს, გვიან ღამით, დაახლოებით 02 საათზე, ქ.თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორებმა გააჩერეს „BMW“-ს მარკის ავტომანქანა, მძღოლითა და ხუთი მგზავრით. მათი შეჩერებისა და პირადი შემოწმებისას პატრულ-ინსპექტორ გ.ბ.-ს შემთხვევით გაუვარდა ტყვია ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან და მარცხენა იღლიის არეში მძიმედ დაჭრა ავტომანქანიდან გადმოსული მგზავრი ამირან რობაქიძე, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარი ფაქტის თობაზე, იმავე ღამით, ინფორმაცია მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც შემთხვევის ადგილზე მისულ შს სამინისტროს მაღალჩინოსნებს დავალება მისცა, გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი და აღნიშნული ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებულ დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე. ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, შს სამინისტროს მაღალჩინოსნებმა გარდაცვლილ ამირან (ბუტა) რობაქიძეს და მასთან ერთად მანქანაში მსხდომ პირებს ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, რის შემდეგაც საქართველოს იმჟამინდელი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის დავალებით, გამოძიება წარიმართა სამართლებრივად არასწორი მიმართულებით, რაც გამოიხატა გაყალბებული მტკიცებულებების საპროცესო წესით დამაგრებასა და შს სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ შემუშავებული ვერსიის გამყარებაში.
ყოველივე აღნიშნულის შედეგად, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-მუხლის მეორე ნაწილით და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემულნი იქნენ ავტომანქანაში მსხდომი პირები: გ.ქ., ი.მ., კ.ა., ლ.დ. და ა.ბ. ასევე, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრად გამოცხადდა გარდაცვლილი ამირან (ბუტა) რობაქიძე.
ზურაბ ადეიშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით. ამ ეტაპზე საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით. ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდების შესახებ დადგენილება წარედგინება პენიტენციურ დაწესებულებაში. ვინაიდან ზურაბ ადეიშვილი თავს არიდებს ქართულ მართლმსაჯულებას, ბრალდების შესახებ დადგენილება გადაეცემა მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს"- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.