წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ვართუი სარკსიანი აცხადებს, რომ სკოლაში მოღვაწე საპენსიო ასაკის პედაგოგებმა სახელმწიფო ჯილდოს მიღებაზე უარი განაცხადეს იმ მოტივით, რომ მათთვის სკოლის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.

(GUARDIAN.GE-ის ფოტოები: სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ვართუი სარკსიან)
„სახელმწიფო ჯილდო ჩვენთან არავის არ აუღია. 3 პენსიონერი პედაგოგია სკოლაში ჩემი ჩათვლით, მაგრამ ჯილდო არც ერთს არ აგვიღია, არა იმიტომ, რომ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ეს ძალიან კარგი ნაბიჯი გავაპროტესტეთ, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ არც ერთს არ გვინდა ჩვენი საყვარელი საქმიანობის გარეშე დარჩენა.

„ერთ-ერთი პედაგოგი, რომელმაც ჯილდოს მიღებაზე უარი თქვა, ჩემი მეუღლე, შაქრო ხაჩატურიანია, რომელიც ჩემს მსგავსად 48 წელი მოღვაწეობს სკოლაში. მან თქვა, რომ ჯილდოს სახით მილიარდიც რომ მომცენო, მე სკოლიდან ვერ წავალო. ამბობს, თუკი აქედან წავალ, მოვკვდებიო. აქ საქმე მხოლოდ ფულზე არაა, აქ იმაზეა საუბარი, რომ სოციალურად აქტიური ხარ, მუშაობ, გაქვს იმის შეგრძნება, რომ საჭირო ხარ, ეხმარები ადამიანებს, სჭირდები მათ და ჯერ კიდევ შეგიძლია საქმის კეთება“, უთხრა GUARDIAN.GE-ის ვართუი სარკსიანმა.

(სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ვართუი სარკსიან - ხელმარცხნივ და ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებელი ანა ძიძიგური - ხელმარჯვნივ)
როგორც ქალბატონმა ვართუიმ აღნიშნა, თავადაც ნოემბერში გავიდა პროფესიული უნარების გამოცდაზე და თუკი 1 კრედიტ-ქულა მაინც მიიღო, უფროსი მასწავლებელი გახდება, რადგან საგანში გამოცდა უკვე წარმატებით აქვს ჩაბარებული.

„ამჟამად სკოლაში 3 უფროსი მასწავლებელი გვყავს, მაგრამ ნოემბერში რამდენიმე პედაგოგი გავიდა პროფესიული უნარების გამოცდებზე და შედეგები დეკემბრის დასაწყისისთვის იქნება ცნობილი. თუკი მათ 1 კრედიტი მაინც აიღეს, ისინი გახდებიან უფროსი მასწავლებლები. მე თავად ქიმია-ბიოლოგიას ვასწავლი. ბიოლოგიაში გამოცდა წარმატებით ჩავაბარე, ნოემბერში კი პროფესიული უნარების გამოცდაზე მეც გავედი და ველოდები შედეგს, თუკი 1 კრედიტს მაინც ავიღებ, უფროსი მასწავლებელი გავხდები.

(ფოტოზე - სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის ისტორიის და გეოგრაფიის მასწავლებელი შაქრო ხაჩატურიან გაკვეთილის ჩატარების პროცესში. მან მიმდინარე წლის ნოემბერში ისტორიაში გამოცდა ჩააბარა და 10 კრედიტ-ქულა მიიღო. გეოგრაფიის გამოცდა კი გასულ წლებში ჩააბარა წარმატებით).
„საქმე იმაშია, რომ უნარების გამოცდა ქართულ ენაზე ბარდება და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის არც ისე მარტივია მისი ჩაბარება, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენის კურსები მეც გავიარე და არაერთი სერტიფიკატიც მივიღე - ა1, ა2 და ბ1. იცით, რა მინდა ვთქვა? ადრე, ჩემს ბავშვობაში, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, ქართული ენის სწავლა ძალიან დაბალ დონეზე იდგა, ისე ასწავლიდნენ, რომ ხეირიანად ასო-ბგერებიც არ ვიცოდით.

მახსოვს, ჩვენი ქართული ენის მასწავლებელი თბილისიდან იყო, როცა ჩვენ მას ვკითხეთ, ქალბატონო ლუბა, რა ნიშანს დაგვიწერ-თქო ჩვენ, მან გვიპასუხა, შევხედავ, რა ნიშნები გექნებათ სხვა საგნებში და მეც იმის მიხედვით მოვიქცევიო. წარმოგიდგენიათ, რა დონეზე იყო ქართულის სწავლა იმ დროს. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მდგომარეობა იყო ჩემი მოწაფეობისას. არადა იმ დროს რომ ეს საკითხი ისეთივე დონეზე ყოფილიყო გადაწყვეტილი, როგორც დღესაა, ჩვენი თაობის ადამიანებს ბავშვობიდანვე გვეცოდინებოდა ქართული და ამ ასაკში არ მოგვიწევდა მისი სწავლა.

ახლა, ღმერთს მადლობა, რა შედარებაა, არა მარტო მოსწავლეები, არამედ პედაგოგებიც საუბრობენ ქართულად, მათ შორის ჩემი და შედარებით უმცროსი თაობის პედაგოგებიც, თუმცა ჩვენ ეს დიდი ძალისხმევის ფასად დაგვიჯდა. ასაკში ახალი ენის შესწავლა, მოგეხსენებათ რომ ადვილი არ არის. ახლა ქართული ენა დაფასდა, მისი ცოდნა ყველას მოეთხოვება და ეს ასეც უნდა იყოს. სკოლაში უკვე ყველა დოკუმენტის ქართულ ენაზე შედგენაა სავალდებულო და მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ძალიან, ძალიან კარგი შედეგია ქართული ენის სწავლების მხრივ და ეს ბოლო წლებში განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის წყალობითაა ასე.

„ქართული ენის სწავლება ჩვენს სკოლაში ძალიან მაღალ დონეზეა. ბავშვებს უკვე პირველივე კლასიდან შეუძლიათ ქართულად საუბარი, სკოლის მოსწავლეებმა, თქვენ წარმოიდგინეთ უკეთ იციან ქართული, ვიდრე სომხური, მერწმუნეთ, ნამდვილად ასეა. უფროსკლასელები ქართულად თავისუფლად და გამართულად საუბრობენ. სკოლის დამთავრების შემდეგ ისინი ძირითადად თბილისში მიდიან სწავლის გასაგრძელებლად. ჩვენი სოფლიდან წასულები, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამედიცინო უნივერსიტეტში და სხვა წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ და წარმატებითაც ასრულებენ სწავლას“, განუცხადა GUARDIAN.GE-ის ვართუი სარკსიანმა და დაამატა, რომ ჩივთქილისის საჯარო სკოლაში მასწავლებლებისთვის განკუთვნილი ქართული ენის სწავლების პროცესიც შესანიშნავად მიმდინარეობს.

„ასევე მაღალ დონეზეა მასწავლებლებისთვის ქართული ენის სწავლება. ძალიან კარგი პედაგოგები გვყავს. შედეგიც სახეზეა. იყო შემთხვევა, როდესაც ჩვენმა მასწავლებელმა ქართულში ბ2-ის სერტიფიკატი მიიღო. ახლა ახალი ჯგუფი გვყავს, რომელშიც გაერთიანებული არიან პედაგოგები, რომლებიც მანამდე არასდროს ყოფილან ჩართული ქართული ენის სწავლის პროცესში და ისინი აქტიურად სწავლობენ ჩვენ სახელმწიფო ენას, დანარჩენებმა უფრ ადრე გაიარეს ეს კურსი და მათ უკვე ა1, ა2 და ბ1 დონის გამოცდები აქვთ ჩაბარებული“, აღნიშნა ვართუი სარკსიანმა.

(სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებელი ანა ძიძიგური)
GUARDIAN.GE-ის შეკითხვაზე - რამდენად მკაცრი და მომთხოვნია პედაგოგებისა და სხვა თანამშრომლების მიმართ? - ქალბატონმა ვართუი სარკსიანმა უპასუხა, რომ მკაცრი არის, თუმცა სამართლიანი.

„შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ მკაცრი ვარ და დიახ, მართლაც ვარ მკაცრი, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ამავე დროს ძალზე მეგობრულიც ვარ, ჩემმა თანამშრომლებმა ეს იციან. მიყვარს დისციპლინა და რაც მთავარია, სამართლიანობა. შეძლებისდაგვარად თანაბრად და სამართლიანად ვანაწილებ საათებს და მათ ეს იციან და აფასებენ ამას.

(სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ემილ ხაჩატურიან. მან 2016 წელს მათემატიკის გამოცდაში 10 კრედიტი მიიღო, 2017 წელს კი, ქართულ ენაზე, პროფესიული უნარების გამოცდაც წარმატებით ჩააბარა და უფროსი მასწავლებელი გახდა. GUARDIAN.GE მასზე სტატიას ახლო მომავალში შესთავაზებს მკითხველს).
„ყოველთვის შევდივარ ჩემი თანამშრომლების მდგომარეობაში. მათი გასაჭირი ჩემი გასაჭირიცაა და მათი სიხარული ასევე ჩემი სიხარულია. ჩვენ ძალიან შეკრული და მეგობრული კოლექტივი ვართ და ყველას გაცნობიერებული აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა“, განაცხადა ვართუი სარკსიანმა.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.