წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა ვართუი სარკსიანმა, რომელიც სკოლას თითქმის 30 წელია ხელმძღვანელობს, ნოემბერში პროფესიული უნარების გამოცდა წარმატებით ჩააბარა, მანამდე კი მან, ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგმა, ბიოლოგიაში გამოცდაზეც საჭირო კრედიტ-ქულა მიიღო და უფროსი მასწავლებელი გახდა. აღნიშნული სტატუსი მას იანვრიდან მიენიჭება.
„საქმე იმაშია, რომ პროფესიული უნარების გამოცდა ქართულ ენაზე ბარდება და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის არც ისე მარტივია მისი ჩაბარება, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენის კურსები მეც გავიარე და არაერთი სერტიფიკატიც მივიღე - ა1, ა2 და ბ1. ამჟამად მხოლოდ 1 კრედიტ-ქულის მიღებაც კი საკმარისი იყო პროფესიული უნარების გამოცდაზე, რომ უფროსი მასწავლებელი გავმხდარიყავი, თუმცა 4 კრედიტ-ქულა მივიღე. ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს. 69 წლის ასაკში გამოცდების ჩაბარება მოგეხსენებათ არც ისე ადვილია, მით უფრო, როგორც გითხარით, ეს გამოცდა ქართულ ენაზე ტარდება, რაც ჩვენთვის მაინც სირთულეს წარმოადგენს.
იცით, რა მინდა ვთქვა? ადრე, ჩემს ბავშვობაში, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, ქართული ენის სწავლა ძალიან დაბალ დონეზე იდგა, ისე ასწავლიდნენ, რომ ხეირიანად ასო-ბგერებიც არ ვიცოდით. მახსოვს, ჩვენი ქართული ენის მასწავლებელი თბილისიდან იყო, როცა ჩვენ მას ვკითხეთ, ქალბატონო ლუბა, რა ნიშანს დაგვიწერ-თქო ჩვენ, მან გვიპასუხა, შევხედავ, რა ნიშნები გექნებათ სხვა საგნებში და მეც იმის მიხედვით მოვიქცევიო. წარმოგიდგენიათ, რა დონეზე იყო ქართულის სწავლა იმ დროს. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მდგომარეობა იყო ჩემი მოწაფეობისას. არადა იმ დროს რომ ეს საკითხი ისეთივე დონეზე ყოფილიყო გადაწყვეტილი, როგორც დღესაა, ჩვენი თაობის ადამიანებს ბავშვობიდანვე გვეცოდინებოდა ქართული და ამ ასაკში არ მოგვიწევდა მისი სწავლა.
ახლა, ღმერთს მადლობა, რა შედარებაა, არა მარტო მოსწავლეები, არამედ პედაგოგებიც საუბრობენ ქართულად, მათ შორის ჩემი და შედარებით უმცროსი თაობის პედაგოგებიც, თუმცა ჩვენ ეს დიდი ძალისხმევის ფასად დაგვიჯდა. ასაკში ახალი ენის შესწავლა, მოგეხსენებათ რომ ადვილი არ არის. ახლა ქართული ენა დაფასდა, მისი ცოდნა ყველას მოეთხოვება და ეს ასეც უნდა იყოს. სკოლაში უკვე ყველა დოკუმენტის ქართულ ენაზე შედგენაა სავალდებულო და მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ძალიან, ძალიან კარგი შედეგია ქართული ენის სწავლების მხრივ და ეს ბოლო წლებში განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის წყალობითაა ასე.
„ქართული ენის სწავლება ჩვენს სკოლაში ძალიან მაღალ დონეზეა. ბავშვებს უკვე პირველივე კლასიდან შეუძლიათ ქართულად საუბარი, სკოლის მოსწავლეებმა, თქვენ წარმოიდგინეთ უკეთ იციან ქართული, ვიდრე სომხური, მერწმუნეთ, ნამდვილად ასეა. უფროსკლასელები ქართულად თავისუფლად და გამართულად საუბრობენ. სკოლის დამთავრების შემდეგ ისინი ძირითადად თბილისში მიდიან სწავლის გასაგრძელებლად. ჩვენი სოფლიდან წასულები, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამედიცინო უნივერსიტეტში და სხვა წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ და წარმატებითაც ასრულებენ სწავლას“, განუცხადა GUARDIAN.GE-ის ვართუი სარკსიანმა და დაამატა, რომ ჩივთქილისის საჯარო სკოლაში მასწავლებლებისთვის განკუთვნილი ქართული ენის სწავლების პროცესიც შესანიშნავად მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.