საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის სამდღიანი სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დასრულდა. უსუფაშვილის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტის სპიკერმა, მსოფლიოს 140-ზე მეტ საპარლამენტო ლიდერთან ერთად, მონაწილეობა მიიღო საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ ორგანიზებულ პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენციაში, რომელიც 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ იორკში გაიმართა.
კონფერენციის დღის წესრიგი ფოკუსირებული იყო მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების საკითხებზე, რომლებიც საპარლამენტო ჭრილში იქნა განხილული. საპარლამენტო ფორუმზე სიტყვით 170-მდე ლიდერი გამოვიდა, მათ შორის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ სამ ძირითად ფაქტორზე, რაც, მისი თქმით, არსებითია ისეთი სამყაროს ასაშენებლად, როგორში ცხოვრებასაც ისურვებდნენ ადამიანები.
"სახელმწიფომ უნდა შეასრულოს საკუთარი ხალხისადმი მიცემული დანაპირები. სწორედ ასე იბადება ნდობა ინსტიტუტებსა და მოქალაქეებს შორის. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღევანდელ მსოფლიოში ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის ვიღწვით, არამედ ანგარიშვალდებულნი ვართ ფართო საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. ჭეშმარიტად მდგრადი, მშვიდობიანი მსოფლიოს ასაშენებლად, სადაც სახელმწიფო და ხალხი თანაცხოვრობს და ვითარდება, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს და პატივი ვცეთ იმ სისტემას, რომელსაც თავად ვაშენებთ.. მოდით, ვიფიქროთ გლობალურად და ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა ამ პლანეტაზე მაცხოვრებელი თითოეული ადამიანის წინაშე", - განაცხადა თავის სიტყვაში პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენციის პარალელურად, დავით უსუფაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროპის, აფრიკის, აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან. განხილვის ძირითადი თემები შეეხებოდა ორხმრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობების მნიშვნელობას, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, კანონშემოქმედებით საქმიანობას და ძირითად კანონპროექტებს, რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს და კონფლიქტებს, საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ქვეყნებს შორის არსებულ სხვა აქტუალურ თემებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, კოლეგებთან გამართული დისკუსიები იყო ძალიან ნაყოფიერი და სასარგებლო.
"ევროპელ კოლეგებთან გვქონდა საუბრები ძალიან ბევრ საკითხზე და ყველა იმ ძირითად თემაზე, რაც საქართველოს აინტერესებს. არის ძალიან პოზიტიური განწყობები. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, საფრანგეთის, ბელგიის, ჩეხეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის, შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარეებთან ძალიან დეტალური საუბარი გვქონდა და ყველა მხრიდან ვიღებთ იმის დაპირებას, რომ ევროპული სახელმწიფოები მიიღებენ ობიექტურ გადაწყვეტილებას და არ შექმნიან ხელოვნურ დაბრკოლებებს ჩვენი ინტეგრაციის პროცესში. ამასობაში, ჯერ საქმე დასრულებული არ არის. დეკემბრის ბოლომდე ეს ყველაფერი გაირკვევა. არის მეორე მიმართულება - ნატოში ინტეგრაციის საკითხები, რომელზეც ასევე აქტიურად ვმუშაობთ და აქაც ძალიან კარგ ურთიერთგაგებას ვაღწევთ. რაც შეეხება რეგიონულ პროექტებს, უსაფრთხოებას და ახალ იდეებს - ჩვენ განვიხილეთ, კიდევ ერთხელ, ირანის პარლამენტის თავმჯდომარესთან და ძალიან საინტერესო იდეებია ბევრი მიმართულებით," - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა ორმხრივი შეხვედრების კომენტირებისას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა მათ შორის ისეთ ქვეყნებთან, რომლებმაც ძალიან ცოტა რამ იციან საქართველოს შესახებ. მისი თქმით, "მსოფლიოში ბევრია მცირერიცხოვანი, პატარა ქვეყანა. ბევრთან ჯერ დიპლომატიური ურთიერთობაც არ გვაქვს და ვცდილობთ მათთან ამ ურთიერთობის აწყობას, რომ ისინი შეცდომაში არავინ შეიყვანოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხებთან [მიმართებაში]." ამ მხრივ აღსანიშნავია, პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრები უგანდის, ბუტანისა და მალდივის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერებთან.
გარდა საპარლამენტო ლიდერებისა, დავით უსუფაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ეუთოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეების პრეზიდენტებთან, ილკა კანერვასთან და ან ბრასორსთან, აგრეთვე, გაეროს განვითარების პრორგამის აღმასრულებელ დირექტორთან, ჰელენ კლარკთან.
პარლამენტის სპიკერების კონფერენციის დასკვნით სესიაზე მიღებულ იქნა დეკლარაცია - "დემოკრატია მშვიდობისა და მდგრადი განვითარებისათვის: ხალხისთვის სასურველი მსოფლიოს შენება", რომლის ძირითადი ასპექტები უკავშირდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა: დემოკრატია, მშვიდობა და უსაფრთხოება; ტერორიზმთან ბრძოლა და ამ კონტექტსში გაეროს რეზოლუციების, საერთაშორისო კონვენციებისა და შეთანხმებების მხარდაჭერის მნიშვნელობა; გენდერული თანასწორობა, მიგრაცია და ამ პროცესთან დაკავშირებული უარყოფითი შედეგები; ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები; სიღარიბესთან ბრძოლა; გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საფრთხეები; ყველა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა; ახალგაზრდების ჩართულობა და სამოქალაქო აქტივიზმი; უმცირესობებთან და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებული ასპექტები; კანონის უზენაესობა და მის უზრუნველყოფაში პარლამენტების როლი, პარლამენტსა და საზოგადოებას შორის ორმხრივი კავშირების ჩამოყალიბება და გაღრმავება, საკანონმდებლო ორგანოების მიმართ ნდობის ამაღლება, გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ანგარიშვალდებულების გაზრდა; საკონსტიტუციო და ინსტიტუციონალური რეფორმების აუცილებლობა გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში; საერთაშორისო თანამშრომლობისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა გლობალურ ჭრილში.
პარლამენტის სპიკერების მსოფლიო კონფერენცია პარლამენტებს შორის უმაღლეს დონეზე დიალოგისა და თანამშრომლობის უნიკალური ფორმატია. კონფერენცია ნაწილია იმ რიგი მაღალი დონის შეხვედრებისა, რომლებიც 2015 წლის სექტემბრის ბოლოს, გაეროს სამიტზე შეჯამდება, სადაც ახალი მდგრადი განვითარების მიზნების პროგრამა (SDGC) იქნება მიღებული.
პარლამენტის თავმჯდომარეების პირველი მსოფლიო კონფერენცია 2000 წელს ჩატარდა და ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აღნიშნულ ფორუმში მესამედ მიიღო მონაწილეობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.