იცით თუ არა, რომ: მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი ცოტნე გამსახურდია იყო. ის თავხედური აგრესიულობით გამოირჩეოდა და და პირველმა მან იძალადა, მათ შორის ინვალიდი (კასტილებიანი) პირის მიმართ“, აღნიშნულის შესახებ „ფეისბუქზე“ ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი წერს.
იგი მკითხველს სთავაზობს „ამონარიდებს მოწმეების - მ.ხ.-ს და დ.ს.-ს ჩვენებებიდან“:
„ბავშვობიდან ვიცნობ და ვმეგობრობ კახა ჩხეტიანთან, რომელთანაც ნათლიმირონობაც მაკავშირებს... 20 დეკემბერს, დაახლოებით 09:30 საათზე, ჩემ მობილურზე უცნობი ნომრიდან დარეკა კახა ჩხეტიანმა და მითხრა, რომ თუ სახლში იქნებოდა, მოვიდოდა... დაველოდე კახას, რომელიც მოვიდა დაახლოებით 12 საათისთვის მარტო ფეხით... ამის შემდეგ მე გავაწყე სუფრა და მოვთხოვე კატეგორიულად მოეყოლა კახას ჩემთვის ყველაფერი და აქა იქ ნუ მელაპარაკებოდა, რაზედაც კახამ მიამბო შემდეგი: 19 დეკემბერს ყოფილა მისი გარდაცვლილი ძმის, ბადრის დაბადების დღე, რის გამოც კახა და მისი მეზობელი, რომლის სახელი და გვარი არ მახსოვს, წასულან ბადრის საფლავზე, დაუნთიათ სანთლები და მალევე უკან, მათ უბანში დაბრუნებულან. გზად შეუძენიათ სამწვადე, რათა ეთქვათ და მოეგონათ გარდაცვლილი ბადრი. ისინი დამსხდარან ცოტნე გამსახურდიას სახლის ანუ კოლხური კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ, სადაც უბნელები იკრიბებიან თურმე. სუფრის დროს დაურეკავთ ძმებ ქვათაძეებს კახასთვის და უკითხავთ, თუ სად იყო, რაზედაც კახას უთქვამს, რომ სასაფლაოზე სანთლები დაენთოთ და ჩასულიყვნენ იქ, სადაც ქეიფს აპირებდნენ. ამასობაში კახასთან მისულან სხვა უბნელებიც. ერთ-ერთ მეზობელს, ვანო კორინთელს უნდა მიეტანა სუფრაზე ღვინო. ამ დროს იქ უკვე მისულან ძმები ქვათაძეები და მათი მეგობარი ტატო ღარიბაშვილი, რომელიც ფეხებზე ოპერაციების გამო იმყოფებოდა თურმე კასტილებით. ვანო კორინთელის მოსვლამდე მისულა ცოტნე გამსახურდია, რომელსაც თავის მხრივ შეუთავაზებია კახასთვის კარგი ღვინის მიტანა. კახას მიუცია ჭურჭელი და ცოტნესაც მოუტანია ღვინო, რომელიც, როგორც კახამ თქვა, არც ერთ სუფრაზე მყოფს არ მოწონებია. ამის გამო დაუწყიათ ვანო კორინთელის მიერ მოტანილი ღვინის დალევა, რაზედაც განაწყენებულა ცოტნე, დამჯდარა ცალკე, სუფრისგან მოუთხოვია მის მიერ მიტანილი ღვინო და დაუწყია დალევა ცალკე მიუხედავად იმისა, რომ ყველა სუფრაზე მჯდომს უთხოვია სუფრასთან მისვლა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როდესაც ყველა ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფილა, ერთ-ერთ სუფრაზე მჯდომ აზერბაიჯანელ პირს უთქვამს ძმები ქვათაძეებისთვის, რომ აღნიშნული სუფრიდან ეპატიჟებოდა მის სახლში, ვინაიდან გარკვეული სიმპათიები გამოუხატავს ახალგაზრდების მიმართ. აღნიშნულზე ცოტნეს ირონიულად უთქვამს, წამოდით, მეც გამოგყვებით, გაგაცილებთო, რაზედაც გიორგი ქვათაძეს გაცილებისთვის ცოტნესთვის გადაუხდია მადლობა და უთქვამს, რომ არსად წასვლას არ აპირებდა, ვინაიდან ბიძასთან ერთად იხსენებდა გარდაცვლილ ბიძას. ამის შემდეგ ცოტნე ამდგარა და წასულა, რაზედაც ყველა სუფრაზე მჯდომს შვებით ამოუსუნთქავს, ვინაიდან მთელი სუფრა ცოტნეს უხეში და უზრდელი ქცევებით და საქციელებით ყოფილა დაძაბული. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როდესაც ქეიფს მორჩენილან და გარეთ გამოსულან უბანში, ამ დროს ცოტნეც გამოსულა სახლიდან და გიორგი ქვათაძისთვის უთქვამს ხალხში, არასწორი ბიჭი ხარო, რაზედაც კახას და იქ მყოფებს უთხოვიათ როგორც გიორგისთვის, ისე ცოტნესთვის, რომ დაწყნარებულიყვნენ და არაფრის გამო არ გადაეზარდათ სიტუაცია ჩხუბში, გიორგის კი უთხოვია კახასთვის, რომ მხოლოდ კითხვას დაუსვამდა ცოტნეს, თუ რას უშავებდა და რომ უწოდა არასწორი, რაზედაც უცებ ცოტნეს ორჯერ ზედიზედ ხელი დაურტყამს გიორგისთვის თავისა და სახის არეში, თან შეუგინებია დედის მისამართით. ამ დროს ცოტნესთან ახლოს მდგარა ტატო ღარიბაშვილი, რომელსაც მეგობრის ცემის დანახვაზე ცოტნესთვის თავში ჩაურტამს თანნაქონი ყავარჯნები, რაზედაც გამართულა ხელჩართული ჩხუბი და ამ ჩხუბის დროს, როგორც კახამ მითხრა, დავინახე, რომ გიორგი ზემოდან ქვემოთ იქნევდა ხელებს ცოტნეს სახისკენ და თავისკენო, მაგრამ, ვერ დავინახე, თუ რა ეჭირა ხელშიო. ერთ მომენტში გიორგი გვერდით გაუთრევია ძმას თორნიკეს, ხოლო დანარჩენებმა გავაშველეთ ტატო და ცოტნეო, შემდეგ რამდენიმე მეტრის გავლისას ისევ ტატოსა და ცოტნეს შორის დაწყებულა ჩხუბი, რა დროსაც ორივე მათგანი წაქცეულა. შემდეგ ტატო ამდგარა ფეხზე და ყველა ერთად ანუ კახა, გიორგი და თორნიკე ქვათაძეები და ტატო ღარიბაშვილი გაქცეულა შემთხვევის ადგილიდან ისე, რომ ტატოს ყავარჯნები ადგილზე დარჩენია. მათ გაუჩერებიათ იქვე სადღაც ტაქსი, რითაც წასულან შემთხვევის ადგილიდან. კახას ტაქსში უნახავს, რომ სისხლიანი იყვნენ მთლიანად ყველანი, რაზედაც გაკვირვებულს გიორგისთვის უკითხავს, ბიჭო დანას ხომ არ ურტყამდი თავშიო, რაზედაც გიორგი დათანხმებულა ანუ როდესაც კახას დაუნახავს, რომ გიორგი ზემოდან ქვემოთ იქნევდა ხელს, მას ხელში ნამდვილად დანა ჭერია და ამის გამო იყო ყველა გასისხლიანებული ცოტნეს სისხლით. როგორც კი კახას დანის ხმარების ფაქტი გაუგია, შეშინებულან და წასულან დუშეთში, თუმცა არ ვიცი, ვინ წაიყვანა, რითი წავიდნენ და ვისთან მივიდნენ.... აქვე მოგახსენებთ, რომ როგორც კახამ მითხრა, თორნიკე ქვათაძეს და თავად კახას ცოტნესთვის ხელი ან რაიმე საგანი არ დაურტყამთ, ისინი აშველებდნენ მათ, მხოლოდ ტატოს ჩაურტყამს ყავარჯნები და ფიზიკურად გასწორებია, ხოლო გიორგის დაურტყამს დანა“.
დ.ს.-ს ჩვენება:
„19 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათი იქნებოდა, სახელოსნოს „ბოქსში“ ვიყავით, როცა ეზოდან შემოგვესმა ხმაური. სიტუაციის გარკვევის მიზნით გამოვედით გარეთ. ჩვენი „ბოქსის“ მიმდებარედ, საავტომობილო გზაზე შევნიშნეთ ცოტნე გამსახურდია, რომელიც იძახდა „დედებს მოგიტ...თო“ და ხელში ხელჯოხმომარჯვებული, სწრაფი ნაბიჯებით მისდევდა თავისი სახლის მხრიდან „ბოქსების“ ანუ ჩვენი მიმართულებით ასევე ჩქარი ნაბიჯებით მომავალ ჩემთვის უცნობ წვერებიან მამაკაცს. ანალოგიურად, თავის მხრივ აღნიშნული მამაკაციც აგინებდა ცოტნეს. მე და ჩემი თანამშრომელი შალვა, ასევე ჩემი კლიენტები დავიძარით, ვიდექით ჩვენი „ბოქსის“ ჭიშკართთან. ამ დროს ჭიშკართან იყვნენ სხვა ხელოსნებიც. აქვე ვაზუსტებ, რომ ჩვენი „ბოქსებიდან“ მარცხენა მხარეს მიმავალ გზაზე გაჩერებული იყო თეთრი ფერის „მერსედესის“ მარკის ავტომობილი. ისინი გამოცდნენ აღნიშნულ ავტომობილს ჩვენი „ბოქსების“ მიმართულებით ანუ ზემოხსენებული წვერებიანი პირი და ცოტნე გამსახურდია. ასევე ცოტნესთან და წვერებიან პიროვნებასთან ერთად კიდევ იყო, როგორც მახსოვს, ოთხი პიროვნება. ეს 4 პირიც მოძრაობდა წვერებიანი პირის სიახლოვეს. რაღაც მომენტში წვერებიანი მამაკაცი გაჩერდა და გზიდან აიღო ასფალტის ფრაგმენტი და მიდიოდა ცოტნეს მიმართულებით, სავარაუდოდ, უნდა ჩაერტყა, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს იქ მყოფმა პიროვნებებმა, რომელთაგან ვიცნობდი პეტრე ყუფარაძეს და კახა ჩხეტიანს. მათ და კიდევ სხვა პირებმა წვერებიან პირს ასფალტის ფრაგმენტი გააგდებინეს ხელიდან. ამავდროულად, წვერებიან პირს მომენტარულად წამოეწია ცოტნე გამსახურდია, რომელმაც წვერებიან მამაკაცს მოულოდნელად მოუქნია ჯოხი, თუმცა მან წვერებიანი მამაკაცისთვის ჯოხის მოხვედრება ვერ შეძლო, რადგან ჯოხი ააცდინა მას და დაარტყა შემთხვევით იქვე მდგარ პეტრე ყუფარაძეს მარჯვენა ხელის არეში. ამ მომენტით ისარგებლა წვერებიანმა პირმა. მომენტალურად მივარდა ცოტნე გამსახურდიას, მარცხენა ხელით მოქაჩა კისერში, ამავდროულად, ფეხი დაუდო ცოტნეს ფეხს უკან და გადაქაჩა უკნიდან, რა დროსაც მარჯვენა ხელი, რომელშიც ეჭირა დანის მსგავსი საგანი, რამდენჯერმე მოუქნია და დაარტყა ცოტნე გამსახურდიას მარცხენა ბეჭისა და კისრის არეში, რის შემდეგაც წააქცია უკუმიმართულებით და ორივენი დაეცნენ ძირს. აღნიშნულის შემდგომ წვერებიანი პირი უცბად წამოგა ფეხზე და წავიდა ი. გოგებაშვილის ქუჩის მიმართულებით, გაქცევის გარეშე, უბრალოდ მიდიოდა და თან სიარულისას ეტყობოდა, რომ კოჭლობდა. ხოლო წასვლისას ცოტნეს მიაძადა „გლდანში რომ გამოხვალ, დედას მოგიტ...ვო“. ცოტნე კი დარჩა მიწაზე, მას გაუჭირდა წამოდგომა. აღნიშნული ხდებოდა ჩვენს თვალწინ, დაახლოებით, 4-5 მეტრში. მე და იქ მყოფმა პირებმა ცოტნე წამოვაყენეთ, დავსვით სკამზე, ამ დროს უკვე მან გონება დაკარგა. ამ დროს უკვე შევნიშნეთ, რომ ცოტნეს მოსდიოდა სხეულიდან სისხლი. ამის შემდეგ ვიღაცები ყვიროდნენ, რომ სასწრაფო გამოეძახებია ვინმეს და დარეკეს სასწრაფოში.მერე მოვიდა პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, რომელმაც უგონო მდგომარეობაში ცოტნე გადაიყვანა სავარაუდოდ საავადმყოფოში. გონების დაკარგვის შემდგომ ცოტნე გამსახურდია გონებაზე აღარ მოსულა...
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ცოტნე გამსახურდიას ხელში ეჭირა ხელჯოხი, რომელიც იყო გატეხილი, რადგან აკლდა მიწაზე საბჯენი...
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ცოტნე გამსახურდიას დაზიანებები ჰქონდა სხეულის სხვადასხვა ადგილებში, კერძოდ სახეზე, სხეულის მარცხენა წინა მხარეს გულ-მკერდის მიდამოში, შესაძლოა, სხვაგანაც ჰქონოდა, თუმცა მე მისი სხეული არ დამითვალიერებია დეტალურად“...
(შენიშვნა: ირაკლი ზაქარეიშვილი ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე დაკავებულთაგან არც ერთის ადვოკატი არ არის).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.