2020 წლის 24 იანვარს, ქ. ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში, გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრას საქართველოს მხრიდან თავმჯდომარეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, ირინე აბულაძე, ხოლო აშშ-ის მხრიდან - სახელმწიდო მდივნის თანაშემწის მოადგილე განათლებისა და კულტურის საკითხებში, ალიშა ვუდვარდი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილის თანაშემწე, ალექსანდრე სოკოლოვსკი.
სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოს პროგრესი და ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა განათლების, კულტურის, სპორტის, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა, ამ კუთხით არსებული გამოწვევები და სამომავლო ნაბიჯები.
ქართულმა მხარემ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, ადგილობრივი მოსახლეობის ურთულესი საცხოვრებელი პირობების და მათ გასაუმჯობესებლად საქართველოს მთავრობის ძალისხმევის შესახებ, განათლების სფეროში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების თაობაზე, სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში ინსტიტუციური გაძლიერებისაკენ გადადგმული ნაბიჯების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ.“
შეხვედრაზე განხილული იქნა აღნიშნულ სფეროებში ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები. ქართულმა მხარემ განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა ამერიკელი ხალხისა და აშშ-ის მთავრობის (მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC)) მხარდაჭერა ზემოხსენებული მიმართულებებით და იმედი გამოთქვა, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა შემდგომშიც გაგრძელდება.
აშშ-ის მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოთქვა და პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა, გაზარდოს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები პირების ჩართულობა და სხვადასხვა მომსახურებებისა და სიკეთეების მათზე განვრცობის შესაძლებლობა. აშშ-ის მხარემ აღნიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და რეფორმების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ღია და გულახდილი კომუნიკაციისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების მნიშვნელობაზე და ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და აშშ-ის სტრეატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებისა და გაღრმავების აუცილებლობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.