საქართველო ასოცირების შეთანხმების ერთგული რჩება, თუმცა მნიშვნელოვანია, გაანეიტრალოს მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია, გამოხატოს საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მზაობა, - ნათქვამია მეოთხე ანგარიშში, რომელიც ევროკავშირმა „საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“ გამოაქვეყნა.
ანგარიშის ქართული თარგმანი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზეა განთავსებული.
„საქართველო კვლავ ევროკავშირის საიმედო და მნიშვნელოვანი პარტნიორია. მომდევნო თვეების განმავლობაში ყურადღებით დავაკვირდებით პოლიტიკურ მოვლენებს, ქვეყანაში არსებული მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის გათვალისწინებით. ველით, რომ წელს არჩევნები თანაბარი პირობების დაცვით და პლურალისტურ მედია გარემოში ჩატარდება", განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა. "ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის მეშვეობით კონფლიქტის მოგვარების საკითხში კვლავ აქტიურად ვართ ჩართულები", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა.
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
”გადამწყვეტია, რომ საქართველომ განაგრძოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საკვანძო რეფორმების განხორციელება. საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის გასაძლიერებლად საჭიროა დამატებითი სტრუქტურული რეფორმები ისეთ სფეროებში, როგორიცაა, მაგალითად, საფინანსო ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო ბაზრებთან უკეთესი ინტეგრაცია და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება.საქართველოს ჩართულობა უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლაში კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირი მზად არის დაეხმაროს საქართველოს ამ ძალისხმევაში“ , - განაცხადა ვარჰეიმ.