„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ წლების წინათ მისი მხრიდან ბიძინა ივანიშვილისთვის პრემიერ მინისტრის პოსტის შეთავაზება იმ მიზანს ისახავდა, რომ „ის მილიარდები, რომელიც ქართველ ხალხს აართვა აქ ჩამობუდების დღიდან, ქართველი ხალხის სასარგებლოდ“ დაეხარჯა, მერე კი მის დაჭერას გეგმავდა.
როგორც ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასთან შაბათს სტუმრობისას განაცხადა, ივანიშვილმა ფული საქართველოში იშოვა და მოსკოვიდან უკანონო ტრანზაქციების გათეთრება „ქართუ ბანკში“ ხდებოდა, ხოლო ივანიშვილი „მოსკოვში რომ დარჩენილიყო, იმ თავისი პირველადი კაპიტალით რაც იშოვა, გაწეწავდნენ და ბოლოს დაიჭერდნენ“.
„პრემიერად მე მას ვეპატიჟებოდი, ჯერ ეს ერთი ვიცოდი, რომ არ წამოვიდოდა, მაგრამ ვეპატიჟებოდი იმიტომ, რომ ის მილიარდები, რომელიც ქართველ ხალხს აართვა აქ ჩამობუდების დღიდან, ეს ხომ გადასახადს არ იხდიდა არასოდეს, შევარდნაძემ რომ ჩამოიყვანა, იჯდა ბუდასავით და ეს „ქართუ ბანკი“, ეს ბიზნესები და ესენი დათრეული ჰქონდა, ფულის გათეთრება, მოდიოდა მოსკოვიდან ის უკანონო ტრანზაქციები, ამის ბანკში გადიოდა, „ქართუ ბანკში“ და ეშვებოდა ოფშორულ ზონებში... მან ფული რა თქმა უნდა საქართველოში იშოვა. ეს რომ მოსკოვში დარჩენილიყო იმ თავისი პირველადი კაპიტალით რაც იშოვა, „თეთრები“ გაწეწავდნენ, „წითლები“ გაწეწავდნენ, „შავები“ გაწეწავდნენ, ბოლოს დაიჭერდნენ. რა დაემართა ხადარკოვსკის, რა დაემართა გუსინსკის, რა დაემართა პატარკაციშვილს. ამან აქ თავი შეაფარა, წინ აგვიფარა და ამიტომ ვეპატიჟებოდი პრემიერად, რომ ის ფული დამეხარჯინებინა ქართველი ხალხის სასარგებლოდ - ჩვენი ბავშვებისთვის, ჩვენი განათლებისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის და მერე დავიჭერდი, პირდაპირ რომ გითხრათ, ყველაფერს ხომ არ ამბობენ პოლიტიკაში“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ინგა გრიგოლია: „საკუთარ პრემიერს დაიჭერდით?“
შალვა ნათელაშვილი: „საკუთარს, საკუთარს იჭერენ, აბა უცხოს საიდან დაიჭერენ“.
ინგა გრიგოლია: „ამას რომ ამბობთ, მაშინ ვინმე გენდობათ ამის შემდეგ, თუკი კოალიციაზე მელაპარაკებით, ვიღაც იფიქრებს იქ, სავარაუდოდ, პოტენციური პარტნიორი თქვენი, რომ ეს რანაირი ლოგიკაა თუკი კაცს პრემიერად ეპატიჟებოდი და მერე დაიჭერდი, მე რატომ უნდა განვიხილო ჩემი თავი თქვენთან სამომავლო ურთიერთობაში?“
შალვა ნათელაშვილი: „რა თქმა უნდა, როცა არ დახარჯავდა ხალხისთვის და ეკონომიკისთვის და ინვესტიციისთვის ფულს და სახლში წაიღებდა, აუცილებლად დავიჭერდი, მასაც და სხვასაც“.
ინგა გრიგოლია: „მთელი ცხოვრება აგინებდით მამუკა ხაზარაძეს, მასაც იგივეს ხომ არ დაუპირებდით?“
შალვა ნათელაშვილი: „რა საოცარი რამაა. მე და მამუკა ხაზარაძე და ბატონი ბადრი ჯაფარიძე რომ ერთად ვიჯდებოდით, ალბათ ეს საოცრებაა, მაგრამ... ამას, რომ მე მას დავიჭერ, ბატონი მამუკა ვერ იფიქრებს, რადგან მე მას არ ვეპატიჟები პრემიერ მინისტრად, ეს განსხვავებაა... თავიდან, როცა ერთად დავჯექით, ვიცინეთ, იყო ეს პერიოდი. ერთად ჯდომის გამო გვეღიმებოდა. ახლა უკვე მივეჩვიეთ. მე რა თქმა უნდა, ისევ წინააღმდეგი ვარ მაღალი საპროცენტო განაკვეთების და საბანკო რეფორმა უნდა გატარდეს დაუყოვნებლივ და ის არაადამიანური საბანკო პროცენტები ყველა ბანკში უნდა გაადამიანურდეს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ეკონომიკის დაძვრა, უმუშევრობის მოსპობა, მშიერი ბავშვების არარსებობა ქვეყანაში და ყველაფერი, მაგრამ ის, რასაც ახლა ედავებიან ხაზარაძეს და ჯაფარიძეს - ფულის გათეთრებას - ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური იდიოტიზმი... ფულს ათეთრებს, შავ ფულს ვინ?! ვისაც ბანკი არ აქვს და იარაღის კონტრაბანდით და ნარკობარიგობით, რასაც ივანიშვილი აკეთებს, პანამიდან რომ გადმოარიცხინებს, რასაც ივანიშვილი აკეთებს, რუსეთიდან წამოსულ ფულს რომ დაატრიალებს და მერე გაიტანს, აი, იმას სჭირდება ფულის გათეთრება და სად ნახულა, რომ ბანკის მფლობელებს დასჭირდათ შავი ფულის გათეთრება. აქ არ არსებობს არც დანაშაული, არც მოტივაცია, არც კვალიფიკაცია. ეს არის აღვირახსნილი პოლიტიკური დევნა... გარდა ამისა, მე პირდაპირ შემიძლია აღვნიშნო, რომ რაც მოხდა ბატონი ავთო წერეთლის მიმართ, ეს არის განზრახ მკვლელობის მცდელობა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან“.
ნათელაშვილმა ისიც განაცხადა, რომ მას საქართველოს მესამე პრეზიდენტი სულ ეპატიჟება ბლოკებში, მაგრამ ახლა მიხეილ სააკაშვილი არ დაკავშირებია, თუმცა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ სააკაშვილს 2018 წლის ზაფხულში, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, სააკაშვილისვე სურვილით, ბრიუსელში შეხვდა და კონსულტაციებიც ჰქონდა, თუმცა „ვერ შეთანხმდნენ“.
„კონსულტაციები გაიმართა საპრეზიდენტო პრობლემატიკაზე. რა თქმა უნდა, ჩემ მხარდაჭერაზე იყო საუბარი. მან არჩია, რომ თავისი კანდიდატისთვის დაეჭირა მხარი. ამას დანაშაულად არ ვუთვლი. იქვე იყო საუბარი იმის თაობაზეც, რომ მას არ აქვს არანაირი სურვილი პოლიტიკურ ლიდერად დაბრუნების, ხელმძღვანელობაში დაბრუნების, მას აქვს ერთადერთი სურვილი, გათავისუფლდეს ეს ქვეყანა ოლიგარქისა და ამ საშინელებისაგან რაც გვეწვია და თავს დაგვატყდა... ერთი რამ კარგია, რომ ესმის პასუხისმგებლობა ექსპრეზიდენტს იმ მიმართებით, რაც ქვეყანას დაემართა ივანიშვილის მოსვლით“, განაცხადა ნათელაშვილმა.
ინგა გრიგოლია: „თქვენთვის სააკაშვილი ჯობს ივანიშვილს, რომელსაც თურმე შეხვდით ბრიუსელში?“
შალვა ნათელაშვილი: „არც ერთი, არც ერთი და არც მეორე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.