ვიცი, რომ ყველა ნორმალური ადამიანი ამას განიცდის და არც მე ვარ გამონაკლისი, ძალიან მტკივა გული ასეთ ამბავს რომ შევიტყობ, თითქოს, რაღაცაში ვადანაშაულებ საკუთარ თავს. ალბათ, ეს ჩემი ასაკის ბრალიცაა. კარგად მესმის, რომ მხოლოდ ჩვენთან არა ხდება ამგვარი ტრაგედიები, სამწუხაროდ, სხვა ქვეყანებშიც ბევრია, როდესაც ყმაწვილები, სკოლის მოსწავლეებიდან დაწყებული და 25-26 წლამდე ახალგაზრდებით დამთავრებული, გაუგონარი სისასტიკის მკვლელობებს ჩადიან, არავის ინდობენ, ოჯახის წევრებსაც კი... ისიც გასაგებია, რომ ეს შეიძლება ხდებოდეს ფსიქიური დაავადებების გამო, მაგრამ ასეთი გახშირებული უბედურებები საქართველოში წარსულში არ ყოფილა...
დიახ, აშკარადაა გაზრდილი ამ ტრაგედიების (თვითმკვლელობები!) საერთო მაჩვენებელი, ეს უწინარესად აიხსნება საქართველოში არსებული გაუსაძლისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, დანგრეული ან გაფანტული ოჯახების (მშობლები ლუკმა-პურისთვის, სადღაც უცხოეთში გადახვეწილი)! სიმრავლით და აქედან გამომდინარე, ჩვენი მოზარდების არასრულფასოვანი აღზრდის, მათდამი ნაკლები ყურადღების, ელემენტარული თბილი სიტყვების არარსებობის გამო, რაშიც სკოლასთან ერთად ჩვენს გულგრილ საზოგადოებასაც ეკისრება მორალური პასუხისმგებლობა...
უფროს თაობას, გემახსოვრებათ ქართული კინოფილმი "ჯვარცმული კუნძული", რომელიც მეორე მსოფლიო ომის მიწურულს ქართველი ტყვეების აჯანყებაზე მოგვითხრობს ჰოლანდიის კუნძულ ტექსელზე.. ამ ფილმში არის ასეთი ეპიზოდი, როცა დამარცხებულ აჯანყებულებს გერმანელი ფაშისტები სიკვდილით სჯიან... 4 სახრჩობელაა აღმართული და 4 ახალგაზრდა ყმაწვილს ყულფები აქვთ თავზე ჩამოცმული, ამ 4 ახალგაზრდიდან 3 ჰოლანდიელია და 1 ქართველი...
ამ დროს, გერმანელი ოფიცერი მიმართავს შეკრებილ მოსახლეობას, რომლებიც იქ ძალით მიიყვანეს (დასაშინებლად, რომ ეჩვენებინათ აჯანყებულთა სიკვდილით დასჯა), რომ თუ არიან მსურველები ჩაენაცვლონ ახალგაზრდა სიკვდილმისჯილებს, მაშინ იგი ამის ნებას დართავს... ოფიცრის მიმართვიდან მცირე დროის გასვლის შემდეგ, 3 ასაკოვანი ჰოლანდიელი 3 ახალგაზრდა ჰოლანდიელის ნაცვლად გაყოფენ თავს ყულფებში, ხოლო მეოთხე ჰოლანდიელს, რომელიც ქართველი ახალგაზრდის ჩასანაცვლებლად მივა სახრჩობელასთან, მას გერმანელი ოფიცერი შეაჩერებს და ეტყვის, რომ - მის მიერ ნათქვამი ქართველ ტყვეზე არ ვრცელდება... ასე აჩუქეს სიცოცხლე, 3 ხანშიშესულმა ჰოლანდიელმა 3 ახალგაზრდა ჰოლანდიელს, თუმცა მეოთხეც მზად იყო ქართველი ბიჭის ნაცვლად სიცოცხლე დაეთმო....
ჰოდა, ისე მებრალებიან გაუბედურებული, დაღუპული ქართველი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი, რომ მშობლების საფლავს ვფიცავ, მეც
იმ ასაკოვანი, ვაჟკაცი ჰოლანდიელი მამაკაცების მსგავსად, ჩვენი ახალგაზრდების სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარ 60 წლის სიცოცხლეს დავთმობ, თუმც ძალიან მიყვარს სიცოცხლე, მაგრამ მაინც ვიპოვნიდი ამის ძალას საკუთარ თავში, რადგან ყულფში თავგაყრილი ახალგაზრდების სიკვდილის ცქერა და მათი არ შველა, ჭარმაგი კაცებისთვის დიდი არაკაცობაა და გამართლება არა აქვს, როგორ უნდა იცხოვროს კაცმა ამის შემდეგ... ამიტომ, დროულად ვუშველოთ ჩვენს ახალგაზრდებს, ვიდრე "თავს ყულფში გაყოფენ" და მერე, ჩვენ მათი "ჩანაცვლება" შეიძლება ვეღარც მოვასწროთ...
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.