ტფილისის დუღილის ნიშნული 1886-1895 ათწლეულში!
20-03-2020, 18:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

1887 წლის 23 ივლისს  კავკასიის ცენტრში, ტფილისში  გოლოვნის,  სასახლის ქუჩებზე და შუა ბაზარზე გამოსცადეს „წყლის  მილები“. აღმოჩნდა რომ მილებიც ყველგან კარგი გამოდგა  და წყალიც  „ღონიერად გადმოჩუხჩუხებდა“, წყალსადენი  დღეში 100 000 ვედრო  მტკვრის წყალს იძლეოდა.  ქალაქის მოსახლეობას,  პირველ ეტაპზე  33 „კრანი აქვს მილის წყლისა“. თითოეული მათგანი წყლის ხარჯვის მზომით აღჭურვილი. ზოგიერთმა ეს სიკეთე გამოსარჩენად გამოიყენა,  როცა „კრანის“ წყალს  თულუხჩზე ყიდდა.  პარალელურად ტფილისის  მოსახლეობა ჭის და წყაროს  წყალსაც ხმარობდა, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ცოტა იყო და ქალაქს არ ჰყოფნიდა.  ამიტომ წყლის მზიდავები - „მეთულუღჩეები“ ძველებურად ეზიდებოდნენ მტკვრის წყალს.  სანიტარულ-ჰიგიენური მოსაზრებით, წყალს  დადგენილი ნიხრით და გამგეობის  ბეჭედდასმული   ჭურჭლით.  შუა მტკვრიდან, შედარებით სუფთა  წყლის ამოსაღებად მეთულუხჩეებს ტფილისის გამგეობამ   ფიცრის პატარა ხიდები აუგო. ხანძრის შემთხვევაში თულუხჩი ვალდებული იყო წყალი მიეზიდა ცეცხლის კერამდე, მართალია ისინი გადასახადიდან თავისუფლდებოდნენ, მაგრამ  მოსახლეობის დიდი ნაწილი  იმ დღეს უწყლოდ რჩებოდა. ეპიდემიისას მტკვრის წყალი  ლაბორატორიულადაც ისინჯებოდა. 

 

  

მტკვარს სიკეთესთან ერთად მსხვერპლიც მოჰქონდა, სხვადასხვა მიზეზით: ბანაობისას თუ წყლის აღებისას, ტივზე ყოფნის  თუ ცხენის განბანვის დროს,  ბევრი ადამიანი მოუტაცია მტკვრის ზვირთებს, ადიდებისას  წისქვილებსაც იტაცებდა. ამის გამო  „წყალზე  დამხსნელი საზოგადოების“ მმართველობის ინიციატივით, კუკიის ხიდის ქვეშ მტკვარზე დაარსდა დროებითი სადგური, სადაც  იმყოფებოდა მაშველი  (ერთ-ერთი  გვარად ვოდოპიანოვი ) თავისი ნავით. მუშტაიდიდგან  ვერის ხიდამდე  ტივების მისაბმელი ბოძები მოეწყო. ადამიანებთან ერთად უფრთხილდებოდნენ თევზებსაც.  პირველი მაისიდან პირველ ივლისამდე ტფილისში მტკვარზე თევზჭერა აკრძალული იყო.

 

ტფილისისთვის განსაკუთრებული დღე აღმოჩნდა 1887 წლის 10 დეკემბერი - დღე, როდესაც  ქართული თეატრის შენობა პირველად განათდა  ელექტრონით.  „სინათლე მეტად საამური გამოდგა თვალისათვის, მხოლოდ ეს არის რომ ჯერ საზღვარგარეთიდამ არ მოსვლიათ შეკვეთილი მზე ელექტრონისა (ჭაღი), რომელიც ჭერში იქნება მიკრული შუაგულზე და დიდ სინათლეს მოჰფენს თეატრში" - აღტაცებულა  ქართველი ჟურნალისტი. ნელ-ნელა სხვაგანაც მოეწყო ელექტროგანათება,  მეტეხის ციხეშიც  კი, რომლის  გასათბობათ და გასანათებლად 3700  მან.  ხარჯავდა ქალაქი. განათდა  თამამშევის ქარვასლა,  ერევანსკის მოედანი და სხვა. მოგვიანებით სახელმწიფო ბანკის განყოფილებამ ფულის სალარო ელექტროსიგნალიზაციაზე აიყვანა,  აუცილებლობის შემთხვევაში ელექტრო ზარი  პოლიციის გამგეობასთან და   ცეცხლმქრობელთა რაზმის მმართველობასთან  რეკდა განგაშს.  ამ მოწყობილობის მონტაჟი ვინმე  ბ-ნს სერგეევმა  შეასრულა.                                                                                             

 

 

ბევრი  მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა დაითანხმეს  სახლის პატრონები  და სახურავებზე  გაიყვანეს სატელეფონო სადენები,   1893 წლის  9 ივლისს  მუშაობა დაიწყო  ტფილისის სატელეფონო სადგურმა. იმავე წლის  სექტემბრის ბოლოსთვის უკვე 120 აბონენტი ერიცხებოდა სადგურს.  აბონენტობის წლიური ფასი შეადგენდა  100 მანეთს,რომელიც ორ წელიწადში  75 მანეთი გახდა. ძლიერი ქარის, მით უფრო ქარიშხლის დროს ტელეფონის მავთულები, რომლებიც ჰაერში იყო გაჭიმული, ხშირად წყდებოდა, თუმცა მსურველთა რაოდენობა მატულობდა.  კავშირგაბმულობა კიდევ უფრო განვითარდა,  როცა პოლიციის  გამგეობის მიერ ქუჩების ნუმერაცია მოწესრიგდა და მას მერე    დეპეშების მისამართზე მიტანა ფოსტალიონებმა დაიწყეს. ტფილისიდან ქუთაისში და პირიქით, ფოსტა დღეში უკვე ორჯერ იგზავნებოდა.  პეტერბურგიდან და რუსეთის სხვა ცენტრალური ქალაქებიდან პრესა და ფოსტა რეგულარულად, ყოველდღე მოძრაობდა, გარდა ზამთრის რთული კლიმატური დღეებისა. ვინმე კეპინოვმა ტფილისის ქუჩებში   გამგეობის ნებართვის თანახმად,  დადგა განცხადებების და აფიშების გასაკრავი 60 ბოძი.  ი.აღნიაშვილმა  და დ.ჯმუხაძემ,  სიონის ქუჩაზე არწრუნის ქარვასლაში (დღ. თბილისის ისტ. მუზეუმი)  დააარსეს ამანათების და  საქონლის „გასაგზავნი-გამოსაგზავნი“ კანტორა.

 

 

პოლიცმეისტერმა მასტიცკიმ  შეადგინა  და დაამტკიცა „მეკარეთა ინსტრუქცია“  და ამ პერიოდიდან  იწყება ტფილისში კონსიერჟის  ინსტიტუტის ფუნქციონირება. ქალაქის გამგეობამ დააწესა   ქირით გაცემული სადგომების (ასე ეძახდნენ ბინას) გადასახადი.

 

 

განვითარებას განიცდის საფინანსო დარგიც. ქალაქში  არსებობდა  მრავალი  გამსესხებელი „კასსა“, სადაც ხშირად გაჭირვებული ხალხი  თავის უკანასკნელ ნივთს  აგირავებდა, ამ კერძო ლომბარდების „გვერდით“   ქალაქის გამგეობამ დააარსა თავისი „გამსესხებელი კასსა“, რომელიც  უფრო მისაღები იყო ხალხისთვის, რადგან  „ერთი სამად შეღავათით აძლევს ფულსა“.  მიუხედავად  დაბალი საპროცენტო განაკვეთისა, აღნიშნული  ლომბარდის   წლიური შემოსავალი  25-30 ათასი მანეთს აღწევდა.  იყო აგრეთვე  აგრო საფინანსო-საკრედიტო  უწყება „ტფილისის საურთიერთო სასოფლო კრედიტის საზოგადოება“.  ტფილისის ფოსტაში   მოქმედება  დაიწყო დამზოგველმა სალარომ. ამ საფინანსო ორგანიზაციებს ჯერ მიემატა   ტფილისის თვითმართველობის მიერ  1890 წელს დაარსებული  „შენობათა ხანძრისაგან დაზღვევის საზოგადოება“, დაზღვევის მაქსიმალური თანხით -  50 000  მანეთი, შემდეგ კი - „ხალხის  სიცოცხლის დაზღვევა“.  ოდნავ მოგვიანებით დიდი ქარხნების მეპატრონეებმაც დაიწყეს  თავიანთი მუშების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზღვევა, მათ შორის ერთ-ერთი პირველთაგანი ბატონი დავით სარაჯიშვილი გახლდათ.

 

 

სიახლეებია  ტრანსპორტის ექსპლუატაციის და მგზავრთა გადაყვანის საქმეშიც.  ცხენის რკინიგზის მეპატრონეებს დაევალათ მგზავრთა მოსაცდელი პავილიონების დადგმა, ვაგონების სამუხრუჭე სისტემის და სხვა ტექნიკური დეტალების პერიოდული შემოწმება. დაწესდა მგზავრთა ქცევის წესები და ზოგიერთ მარშრუტზე  მგზავრობის ფასის მაქსიმალური ზღვარი, ასე მაგალითად რკინიგზის სადგურიდან ქალაქის ცენტრამდე  75  კაპიკის ნაცვლად დაწესდა 60 კაპიკი.  ვერის ხიდზე ეტლით გამვლელი იძენდა ერთჯერად ბილეთს.  მოხდა მეეტლეთა  ნუსხის შედგენა, სადაც აღნიშნული იყო  ეტლის ნომერი, პატრონის ვინაობა და მისამართი.  მეეტლეებს  დაევალათ ეტლის სავარძლებზე სუფთა „პარუსინის“ ნაჭრის გადაფარება. ტფილისში არსებული „პირუტყვთა მფარველი საზოგადოება“  ყურადღებას აქცევდა „კონკაში“ შებმული ცხენის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც. ყოფილა შემთხვევა, როცა ცხენის ფეხის ტკივილის  შემჩნევის გამო ამ საზოგადოების წევრის მოთხოვნით მგზავრებს დაუცლიათ ვაგონი. განჯის მაზრიდან ტფილისში, ნავთლუღსა და ავლაბარს შორის „ძაღლის სოფელში“,  გადმოვიდა ჯიშიანი ცხენების სახელმწიფო თავლა. მანამდეც და შემდეგაც დიდუბეში ტარდებოდა დოღი. ყოველი წლის მაისში ორი კვირის განმავლობაში რიყის ტერიტორიაზე ეწყობოდა ცხენების „იარმურკა“. აქვე აღვნიშნავ, რომ ტფილისში არსებობდა ველოსიპედისტთა საზოგადოება, რომლის ერთმა წევრმაც კახეთის მიმართულებით მოაწყო  ველოსიპედის სადემონსტრაციო სვლა. 

     

 

ტფილისში აქტიურად ფუნქციონირებდა კავკასიის იურიდიული საზოგადოება,  უსინათლოთა სამზრუნველო საზოგადოება თავისი სკოლით, მონადირეთა  საზოგადოება, რომლის  ხელმძღვანელი, ერთი პერიოდი იყო,  ტფილისის  გუბერნატორის თანაშემწე (მოადგილე) ჩაიკოვსკი, ცნობილი კომპოზიტორის ძმა. ასევე ფუნქციონირებდა ტფილისის ობსერვატორია, რომელსაც  ხელმძღვანელობდა ბატონი  ვოზნესენსკი.  „ხიმიის მაგისტრი“ ვინმე ვ.გ. სტრუნგე ყოველდღე იკვლევს ქიმიურად ტფილისის ჰაერის სისუფთავეს და შემადგენლობას.   

 

 

1886 წელს ტფილისში უკვე გაჩნდა  ახალი პროფესია- ჩიჩერონე, თანამედროვეს განმარტებით: „ჩიჩერონე იმისთანა კაცია, რომელიც მგზავრს დასდევს, რომ გაასინჯოს ქალაქი, თუ რომელიმე ადგილი, ყველა შესანიშნავი საგანი აჩვენოს. ამ საქმისათვის იგი გასამრჯელოს იღებს და მით ირჩენს თავსა“.     

                                                                                                                

 

საინტერესოა ის გარემოება, რომ ტფილისელმა დურგლებმა და ხუროებმა დააარსეს  ამხანაგობა.  ახალი, თანამედროვე ფორმა ხელოსანთა პროფესიონალური  გაერთიანებისა,  პარალელურად   - „Мьщанская управа“ -ს - გამგეობისა, სადაც გაერთიანებული იყვნენ ტფილისის მკვიდრი მოსახლეობის  ხელოსნები და  წვრილი ვაჭრები.

 

 

ტფილისში მრავლად იყვნენ ბატონები და მათი მოსამსახურენი, რომელთა ურთიერთობა კანონით არ იყო განსაზღვრული, რის გამოც მათ შორის   უკმაყოფილება სუფევდა.  

 

 

ქალაქი ყოველდღე იზრდებოდა, მაგრამ  მაინც  რთული იყო  სამსახურის შოვნა. უმუშევრობის გამო  მომხდარა სუიციდის შემთხვევები. შესაძლოა ამის გამო,  ტფილისში საცხოვრებლად და სამუშაოდ ჩამომსვლელს დაუწესდა შესაბამისი ბილეთის შეძენის აუცილებლობა, რომლის მოქმედების ვადა მხოლოდ სამი თვე იყო.  ვადაგასული მოსამსახურის დაქირავების შემთხვევაში მოსამსახურეს აპატირებდნენ, დამსაქმებელს კი აჯარიმებდნენ. სოფლებში ამ ბილეთებს მამასახლისები იძლეოდნენ. სამი თვის ბილეთი 1-1,5 მანეთი ღირდა, თუმცა ეს ფასი წლიური ბილეთისა იყო.

 

 

ტფილისში თავის კოლორიტს ქმნიდა 4000-ზე მეტი პენსიონერი.                          

 

 

სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობოდა  საზოგადოებრივ წესრიგს და სისუფთავეს. პოლიცმაისტერის ბრძანებით, ტფილისის  სასტუმროებსა და კვების ობიექტების პატრონებს დაევალათ  მომსახურების და კვების საფასურების შედგენა და თავიანთ ობიექტებში დაბეჭდილ მდგომარეობაში  თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრა. ალკოჰოლური  სასმელებით მოვაჭრე ყველა დუქანი, მხოლოდ ორიოდე  ბაღის გარდა,  ღამის  თერთმეტი  საათის შემდეგ უნდა დაკეტილიყო. სასტუმროს და  დუქნების  მეპატრონეთ  დაუდგინდათ ჰიგიენის  წესები.  აიკრძალა მოუკალავი სპილენძის ჭურჭლის მოხმარება. მკურნალთა და  პოლიციის ერთობლივი ძალებით მოწმდებოდა  ქალაქის აბანოთა სანიტარული მდგომარეობა. მოზარდებისთვის არაკეთილსაიმედო გარემოს გამო,  სასტუმროებში,  დუქნებსა და რესტორნებში  აიკრძალა 21-წლამდე ახალგაზრდის სამსახურში მიღება. ქალაქის გამგეობის მიერ  ზოგჯერ ისმინება საკითხი მეძავთა ზედამხედველობის შესახებ.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ბევრი იყო ბაღები და ბოსტნებიც, გლეხობას დღეში მაინც შემოჰქონდა სხვადასხვა პროდუქტით დატვირთული რამდენიმე ასი ურემი სურსათი,  რომელიც შემდგომ სარეალიზაციოდ  ქალაქის დუქნების დახლებზე და კინტოების თაბახზე ხვდებოდა. პოლიციისა და ექიმთა ერთობლივი ძალებით  სისტემატიურად ტარდებოდა ღონისძიებები უვარგისი პროდუქტის აღმოჩენის და მისი შემდგომი განადგურების (ხშირად მტკვარში იყრებოდა) მიზნით, მათ შორის ბეითალებთან (ვეტექიმი) ერთად მოწმდებოდა  ქალაქში არსებული საყასბოები. კონტროლდებოდა ხორცის  ტრანსპორტირებაც, რომელიც დადგენილი წესის მიხედვით  უნდა მომხდარიყო,  სპეციალური ცინკის ჭურჭლის მეშვეობით, წარწერით - „ხორცი“.

 

 

სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად იყო ჩართული ქალაქის ცხოვრებაში: ტფილისის თავადაზნაურთა საზოგადოების (წინამძღვარი ბაგრატიონ მუხრან-ბატონი) თაოსნობით  და ინიციატივით, კრწანისის ბრძოლის 100 წლისთავის აღსანიშნვად გაიმართა წირვა-ლოცვა და პანაშვიდი. დიდი  პატივით აღნიშნეს რაფიელ ერისთავის იუბილე და ღვაწლი. ტფილისელმა ხელოსნებმა  იუბილარს   მიართვეს „კარგი ხისგან“ დამზადებული საწერი მაგიდა წინ თაროებით და ძვირფასი  მოჩუქურთმებული რკოს ორნამენტებით და  მუხის ხის ჩარჩოთი მოსილი მისივე პორტრეტი. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მუშტაიდის ბაღში მართავდა საქველმოქმედო ლატარია-ალეგრის, რისთვისაც წინასწარ  აგროვებდნენ შემოწირულ ნივთებს.  როგორც იქნა განჯიდან გადმოასვენეს ბარათაშვილის ნეშტი, დაიტირეს დ.ყიფიანი და დ. ბაქრაძე, ა.ყაზბეგი და ე. ნინოშვილი, გახსნეს პუშკინის ბიუსტი... გადაიტანეს „ხორველობა“,  „იორდანეს ხიდის“ ჩაქცევა, როცა ყინვის დროს  მტკვარში  500-მდე მლოცველი ჩავარდა და ყოველდღიური „პატარ-პატარა“ ტრაგედიები.

 

 

საოცრად საინტერესო კულტურული და საგანმანათლებლო ცხოვრება ჰქონდა იმდროინდელ თბილისს, რომელიც ცალკე  თემაა და ამ პატარა ექსკურსში კუდსაც ვერ მოიქნევს.  სხვა დროს იყოს, გპირდებით!                                                

 

 

ერთი სიტყვით,  ტფილისში ცხოვრება დუღდა და მისი დუღილის ტემპერატურა ფიზიკური კი  არა,  ადამიანური  იყო  -  36,6 გრადუსი ცელსიუსით!

 

 

სტატია მე-19 საუკუნის ქართული პრესის მიხედვით GUARDIAN.GE-ისთვის მოამზადა ედიშერ ოდიშარიამ

 

კომენტარები: 1
#1   lali Tabatadze
      
ტბილისი- თავისი ბუნებით სრულიად განსხვავებული ქალაქი. კავკასიის გული, რომელიც ვითარდებოდა აღმოსავლურ კულტურაზე დაფუძნებულ , ევროპული სიახლეებით.
თბილისი-სადაც შენარჩუნებული იყო ქართული ხასიათი და ქართული თვითმყოფადობა და ეს სრულიად არ უშლიდა ხელს შეესიხორცებინა ევროპული კულტურა და ქალაური მოწყობის წესი. ქალაქის ისტორიული წარსულის ეს მომენტები ჭეშმარიტად იმსახურებს შესწავლას და ჩვენი მომავალი თაობის წინაშე , დანაშაულიც კი არის მისი მივიწყება. ბატონმა ედიშერმა დიდ და საინტერესო საქმეს მოჰკიდა ხელი, მადლობა მას!
24 ივნისი 2020 04:19
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი