ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოსთვის ლარი დოლართან მიმართებაში 2,6-ის დამანგრეველ ზღვარს გადასცდეს
15-09-2015, 02:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


"მოსახლეობას ეროვნული ვალუტის კატასტროფულ გაუფასურებას ეშმაკურად აგუებენ. 2-3 კვირაში ერთხელ ლარი ნახტომისებურად უფასურდება, შემდეგ ცოტათი გამყარდება და რამდენიმე დღის განმავლობაში ცოცვა-ხოხვით ისევ წინასწარ შერჩეულ ნიშნულამდე ადის. კურსი გარკვეული დროით ამ დონეზე ჩერდება და შემდეგ პროცესი მეორდება. ამ მეთოდით ზახულის განმავლობაში ლარის კურსი 2.24-დან 2,42-მდე გაუფასურდა. პროცესი არ შენელებულა, ამიტომ ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოსთვის ლარი დოლართან მიმართებაში 2,6-ის დამანგრეველ ზღვარს გადასცდეს. საქართველოს ხელისუფლებამ უკვე დაამტკიცა, რომ რთული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე უძლურია. მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თითს არ ანძრევს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა და პროცესი თვითდინებაზეა მიშვებული. "ბიზნეს-რეზონანსის" ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ვიწრო წრეში დაადასტურა, რომ იანვარში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,6-ს გადასცდება. ამგვარ საფრთხეს რეალურად მიიჩნევს ეკონომისტთა ნაწილიც", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით წლის ბოლოს ლარის კურსი 2,6-ზე დაჯდება! / სპეციალისტები საფრთხეს ადასტურებენ და ორნიშნა ინფლაციას ელოდებიან.


"ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ თუ ეკონომიკაში არაფერი შეიცვალა, ხოლო ეროვნული ბანკი და მთავრობა ურთიერთგადაბრალების რეჟიმში იმოქმედებენ, ლარის დევალვაცია ისევ გაგრძელდება. არჩვაძე ზემოთ აღნიშნულ ვერსიას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა იმედს იტოვებს, რომ ასეთი მასშტაბიური დევალვაცია აღარ მოხდება. "ეკონომიკაში ყველაზე უმადური საქმიანობა ლარის კურსის პროგნოზირებაა. ეს ძალიან ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული და ერთ-ერთი ფაქტორის ცვლილებასაც კი რადიკალური გარდატეხის მოხდენა შეუძლია. დევალვაცია წინანდელივით მასშტაბური აღარ უნდა იყოს, თუკი შეგნებულად არ მოხდა ლარის კურსზე ნეგატიური ფაქტორების ფორმირება. მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მიერ ზომიერი პოლიტიკის გატარება და ფულადი მასის კონტროლი. თუკი სებ-ი ამის საპირისპიროდ იმოქმედებს, ბუნებრივია, კურსის დაჭერას ვერ შევძლებთ. მასშტაბური დევალვაციის თავიდან ასაცილებლად ეროვნულმა ბანკმა და ხელისუფლებამ უნდა გააკეთონ ის, რაც ევალებათ. მაშინ მოსახლეობას კურსის დასტაბილურებისა და გამყარების იმედიც გაუჩნდება", - ამბობს სოსო არჩვაძე.


"ეკონომისტ ლია ელიავას გათვლებით, ალბათობა იმისა, რომ ლარის კურსი გააგრძელებს ვარდნას, ძალიან მაღალია და ეს განპირობებული იქნება სებ-ის უმოქმედობით. "სანამ ეროვნული ბანკის დღევანდელი ხელმძღვანელობა იქნება ამ უწყებაში და არ დაინიშნება კვალიფიციური კადრი, ლარი თავბედს გვაწყევლინებს", - ამბობს ლია ელიავა.


"მისი თქმით, რომ შემოსულ და გასულ ფულად ნაკადებს შორის დისბალანსის მთავარი მიზეზი ქვეყნიდან კაპიტალის გადინებაა, რაც განვითარებადი, ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის დამახასიათებელია. მსგავსი რამ განმეორდა მეზობელ ქვეყნებშიც, თუმცა ამ ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა მოახერხეს ის, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ნაკლები დარტყმა მოეხდინა მოსახლეობასა და ეკონომიკაზე. "ადრეც ვიძახდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ლარის კურსის ვარდნა აბსოლუტურად არ არის დამოკიდებული იმ ფაქტორებზე, რომელიც გაახმოვანა ეროვნულმა ბანკმა და შემდეგ აიტაცა მთავრობამ. დისბალანსი შემოსულ და გასულ ნაკადებს შორის გამოწვეულია ერთადერთი მნიშვნელოვანი მიზეზით, რომელსაც ჰქვია კაპიტალის გადინება ქვეყნიდან და ეს პროცესი დამახასიათებელია ჩვენისთანა ღარიბი და განვითარებადი ეკონომიკისთვის", - ამბობს ლია ელიავა და დასძენს, რომ კომერციული ბანკები საზღვარგარეთ უფრო მეტ და მეტ ფულს რიცხავენ.


"ჩვენი ეროვნული ბანკი კი ლარის კურსის დასაბალანსებლად თითს თითზე არ აჯამებს. სომხეთში დრამი დაეცა 15%-ით, მაგრამ მარტისა და აპრილის შემდეგ იგი არის სტაბილური. აზერბაიჯანში იცით, რომ ხელისუფლებამ ერთბაშად დააგდო კურსი 33%-ით, ისიც აპრილში, ამის შემდეგ აზერბაიჯანული მანათს ფეხი აღარ მოუცვლია. რუსეთის რუბლის დინამიკა იმეორებს ნავთობის ვარდნის დინამიკას, მაგრამ იქაც კი ცენტრალური ბანკი ცდილობს შეარბილოს თავისი ვალუტის ვარდნა ისეთი მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორებიცაა სავალუტო რეფინანსირება, სავალუტო სვოპები და ა.შ. ისმის კითხვა რატომ არაფერს აკეთებს საქართველოს ეროვნული ბანკი?", - ამბობს ლია ელიავა და აღნიშნავს, რომ ლარის დევალვაცია დამანგრეველად მოქმედებს ჩვენისთანა იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანაში. ეროვნულ ბანკს ლარის ლარის გაუფასურების შესაჩერებლად რაიმე რომ გაეკეთებინა და პროცესი მაინც გაგრძელებულიყო, მაშინ მის მიმართ ამდენი პრეტენზია არ იქნებოდა. "როდესაც ეროვნულ ბანკში გულზე ხელდაკრეფილი სხედან და არაფერს აკეთებენ, ძალიან აღმაშფოთებელია და ბევრ კითხვას აჩენს. როგორ უნდა შემოვდეს საქართველოში ინვეტორი, სადაც 10 თვეა სავალუტო კრიზისი მძვინვარებს, ზრდის ფასებს და ეკონომიკას ანგრევს? უახლოეს თვეებში ინფლაცია ორნიშნა რიცხვს გადააჭარბებს, გარდა ამისა, ეცემა მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა. არ ვიცი რატომ ვერ აანალიზებს მთავრობა ამ მდგომარეობას. ძალიან უცნაური პროცესები მიდის, რომელთა სააშკაროზე გამოტანა რთულია", - ამბობს ელიავა.


"ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების, დამფუძნებლის გიორგი კეპულაძის აზრით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურების მაქსიმუმზეა. "8 თვის მონაცემებით, იმპორტი 10%-ით არის შემცირებული, რაც უნდა აბალანსებდეს შემოსული ფულადი ნაკადის დეფიციტს", - ამბობს გიორგი კეპულაძე და აღნიშნავს, რომ ექსპორტისა და ფულადი გზავნილების შემცირებით 1 მილიარდამდე დოლარის დეფიციტი შეიქმნა, რაც გარკვეულწილად იმპორტის შემცირებამ დააბალანსა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება ამ მაჩვენებელს ალალბედზე უნდა მიენდოს. უნდა გააქტიურდეს პრივატიზების პროცესი და ეკონომიკური ზრდის მისაღწევად გაცილებით ქმედითი ნაბიძები გადაიდგას. გარდა ამისა, კეპულაძე ეროვნული ბანკისა და მთავრობის კორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე საუბრობს, რათა მოსახლეობას უკეთესობის მოლოდინი ჰქონდეს და ლარის კურსზე აჟიოტაჟური ზეწოლა შემცირდეს. "მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთმანეთში აუცილებლად უნდა შეთანხმდნენ. ერთ ცალკეულ უწყებაზე გადაბრალება არასწორი მგონია. ინვესტორები, ბიზნესი, მოსახლეობა დადებით სიგნალს ელოდებიან ხელისუფლებისგან, რომ ისინი, ეროვნულ ბანკთან ერთად, კოორდინირებულად მუშაობენ ლარის კურსის გასაუმჯობესებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, უარყოფითი მოლოდინი სამომავლოდ კურსზე ნეგატიურად მოქმედებს", - მიიჩნევს გიორგი კეპულაძე.


"ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის კვლევის პრეზენტაცია გამართა. ამ კვლევის მიხედვით, ლარის კურსის მკვეთრ გაუფასურებაში მთავარი წვლილი სწორედ ეროვნული ბანკის პოლიტიკას მიუძღვის. შეშელიძე მიიჩნევს, რომ მონეტარული პოლიტიკა საერთოდ შესაცვლელია, სხვა შემთხვევაში ეროვნული ბანკის დაქუცმაცება ან მისი ხელმძღვანელი პირების შეცვლა მდგომარეობას არსებითად ვერ გამოასწორებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის ეროვნული ბანკის საქმიანობა, ეს განსაკუთრებით გამოჩნდა ამ ინდექსის კვლევაში. ამ დროისთვის, დევალვაციის "საჭიროება" აღარ არსებობს. ბევრად უკეთესი იქნება არსებული პოლიტიკის შეცვლა. სამწუხაროდ, მთარობა, პარლამენტი და ეროვნული ბანკი საკითხს ასე არ უყურებენ და ცდილობენ არსებული ფორმატის ფარგლებში გააგრძელონ დავა. მე დავსვამ მარტივ კითხვას საქართველოში ლარის მაგივრად დოლარი რომ გამოიყენებოდეს ვინმეს რამე პრობლემა ექნებოდა? რა გვიშლის ხელს რომ ან დოლარი გამოვიყენოთ ძირითად ვალუტად ან ლარი მივაბათ დოლარზე, რაც მოგვცემს გარკვეულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას", - ამბობს პაატა შეშელიძე.


"ერთი წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა 35%-ით გაუფასურდა. საქართველოში, სადაც დოლარიზაციის მაჩვენებელი 62%-ს აჭარბებს, ეს პრობლემა, მოსახლეობის კეთილდღეობასა და ეკონომიკის განვითარებაზე განსაკუთრებით მწვავედ აისახება. მთავრობასა და ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ საგარეო შოკი, რომელიც ეროვნული ვალუტის დევალვაციას უწყობდა ხელს, განეიტრალდა. მაკროეკონომიკური მდგომარეობაც შედარებით გაუმჯობესდა. ფინანსთა სამინისტროში ლარზე ბიუჯეტის ნეგატიურ გავლენას გამორიცხავენ. აქედან გამომდინარე, დღეს ყველას ერთი კითხვა აწუხებს - მაშინ რა სჭირს ლარს? ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. მიზეზი მთელ მსოფლიოში დოლარის გამყარების ტენდენცია და საქართველოში ექსპორტისა და ფულადი გზავნილების შემცირებით უცხოური ვალუტის შემოდინების კლება გახდა. რამდენიმე დღის წინათ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა თავდაჯერებულად განაცხადა, რომ არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ვალუტის გაუფასურების საფუძველს აღარ იძლევა. მისი მტკიცებით, ეკონომიკაში არსებულმა შოკმა და მოლოდინმა ეროვნულ ვალუტაზე უკვე მოახდინა ზეგავლენა. პროცესი ჯერჯერობით საპირიპიროდ ვითარდება", - აღნიშნავს გამოცემა.


"ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ბიუჯეტის ხარჯვა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. გარდა ამისა, რეკორდულად გაიზარდა ხაზინის ანგარიშზე ნაშთის მცულობა. 2015 წლის პირველ იანვარს ხაზინის ანგარიშზე 431 მილიონი ლარის თავისუფალი ფული იყო. დღეის მდგომარეობით კი თავისუფალი ნაშთის მოცულობამ, - 800 მილიონ ლარს მიაღწია. მორიგი რეკორდი წლის ბოლოს დამყარდება, როდესაც გამოუყენებელი ფულის მაჩვენებელი 1,140 მილიარდ ლარს მიაღწევს, ანუ შარშანდელი წლის მაჩვენებელს (700 მლნ) გადააჭარბებს. რაც შეეხება ექსპორტს, 2013 წელს რუსეთის ბაზრის გახსნის შემდეგ იგი ნახტომისებურად გაიზარდა, განსაკუთრებით ეს ღვინოსა და უალკოჰოლო სასმელებს შეეხო. შარშან, ცნობილი მოვლენების გამო, ექსპორტი ყველაზე მეტად რუსეთსა და უკრაინაში შემცირდა. მთლიანობაში, 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, ექსპორტის უკუსვლა შეინიშნება. თუკი წინა წლებს შევადარებთ, შარშანდელი ექსპორტი არც ისე საგანგაშოა. "საქსტატის" მონაცემებით, 2009 წელს ექსპორტის მაჩვენებელმა 1,134 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2010 წელს - 1,677 მილიარდი დოლარი, 2011 წელს - 2,189 მილიარდი დოლარი, 2012 წელს - 2,375 მილიარდი დოლარი, 2013 წელს - 2,908 მილიარდი დოლარი, 2014 წელს - 2,861 მილიარდი დოლარი. 2015 წლის 8 თვეში - 1,459 მლრდ დოლარი (24%-ით ნაკლები), ამასთანავე 8 თვეში იმპორტი, შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-ით შემცირდა, ამან კი ექსპორტის კლების მაჩვენებელი დააბალანსა. ბოლო თვეების მიხედვით ექსპორტის შემცირების ტენდენცია შეჩერებულია. ლარის დევალვაციის კიდევ ერთი მიზეზი სავიზო რეჟიმის გამკაცრების მოტივით ტურისტების რაოდენობის შემცირებაა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით კი, 2013 წელს, წინა წელთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობა 22%-ით გაიზარდა და 5 მილიონს გადააჭარბა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2014 წლის დეკემბერში ქვეყანაში 433 ათასზე მეტი ვიზიტი განხორციელდა, ანუ 10,5%-ით მეტი 2013 წლის დეკემბერთან შედარებით. მთელი წლის განმავლობაში კი 5,5 მილიონამდე ვიზიტორი დაფიქსირდა, რაც 1,9%-ით აღემატება 2013 წელს შემოსულთა მაჩვენებელს. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2015 წლის ზაფხულში საქართველოში 2 მილიონი ტურისტი შემოვიდა, რაც 10%-ით მეტია შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შემდეგი მიზეზია ფულადი გზავნილები. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, ფულადი გზავნილები 37 მილიონ დოლარამდე შემცირდა, თუმცა ზრდა შეინიშნება წინა წლებთან შედარებით. 2009 წელს ქვეყანაში 841,8 მილიონი დოლარი ჩაირიცხა, 2010 წელს - 1,052 მილიარდი დოლარი, 2011 წელს - 1,268 მილიარდი დოლარი, 2012 წელს - 1,334 მილიარდი დოლარი, 2013 წელს - 1,477 მილიარდი დოლარი, 2014 წელს კი - 1,440 მილიარდი დოლარი. 2015 წლის გზავნილები იანვარ-ივლისში 43,5%-ით 632 მილიონ დოლარამდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაშიც ბოლო თვეებში ფულადი გზავნილების ვარდნის ტენდენცია შემცირებულია", - დასძენს გამოცემა.

 

 

კომენტარები: 1
#1   Deloris
      
References:


Is creatine a steroid yes or no

References:
https://icmimarlikdergisi.com/kariyer/companies/trenbolone-enanthate-wikipedia/
7 აპრილი 2026 06:16
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი