„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს რეგიონებში საკადრო წმენდას განაგრძობს. ამჯერად თანამდებობიდან ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია გადადგა. პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„2017 წლის ნოემბერში, ქუთაისელების დიდი ნაწილის გადაწყვეტილებით, მე წილად მხვდა პატივი გავმხდარიყავი ქუთაისის არჩეული მერი. ეს იყო როგორც უდიდესი ნდობა, ამასთანავე უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. იმ დღიდან დღემდე, მე და ჩემმა გუნდმა, ქალაქში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ და დავასრულეთ, ბევრ მათგანზე ამ რთულ დღეებშიც კი არ შეჩერებულა მუშაობა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საარჩევნო ვადა ჯერ არ ამოწურულა, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქუთაისის მერის თანამდებობა და წავიდე პოლიტიკიდან. თუმცა, მე არ მივდივარ ჩემი ქალაქიდან და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს გამოცხადებული ნდობისთვის, ჩემს გუნდს - გვერდით დგომისთვის, მედიას- თანამშრომლობისთვის“, - აცხადებს გიორგი ჭიღვარია.
რამდენიმე დღის წინ თანამდებობები დატოვეს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ და მისმა პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ.
ონის ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირების გადადგომის ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა, თუმცა როგორც GUARDIAN.GE 2020 წლის 29 თებერვალს ექსკლუზიურად წერდა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საქართველოს რეგიონებში დიდი საკადრო წმენდა იგეგმებოდა. ამ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან მალევე, 9 მარტს, თანამდებობა დატოვა კასპის მერმა, მანუჩარ მერებაშვილმა.
აპრილის დასაწყისში კი პოსტიდან წავიდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, რომელმაც ჯერ პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად ლაშა გოგიაშვილი დანიშნა, ამის შემდეგ კი საკუთარი განცხადების საფუძველზე პოსტიდან წავიდა. დღეს სოფრომაძეს უკვე ჭიღვარია დაემატა და ეს პროცესი გაგრძელდება.
როგორც GUARDIAN.GE-იმ გაარკვია, ივანიშვილის წინასაარჩევნოდ მიღებულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სოლოლაკის სასახლეში რეგიონების პირველ პირებთან - გუბერნატორებთან, მერებთან, საკრებულოს თავმჯდომარეებთან, მაჟორიტარ დეპუტატებთან და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან ინტენსიური შეხვედრები, სადაც ივანიშვილმა არაერთი რეგიონის ხელმძღვანელის მუშაობა უარყოფითად შეაფასა და განსაკუთრებული უკმაყოფილება მათ მიმართ გამოხატა, ვინც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავიანთ საარჩევნო ოლქებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება ვერ უზრუნველყო.
„ქართული ოცნების“ ლიდერის საკადრო წმენდის გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ისიცაა, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რეგიონებში მერის კანდიდატურების შერჩევა უმეტესწილად მასთან შეთანხმების გარეშე, ძირითადად მაშინდელი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის და მისი დაჯგუფების მიერ მოხდა, და 2018 წლის გაზაფხულზე პოლიტიკაში მეორედ დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი - რომელმაც ძალიან მალე კვირიკაშვილი აიძულა თანამდებობიდან წასულიყო - რეგიონებში საკადრო წმენდით, თავისი უშუალო კონტროლის მაქსიმალურად დამყარებას შეეცდება.
GUARDIAN.GE თებერვალში წერდა, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტის უავტორიტეტო მერების თანამდებობიდან წასვლის საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო და მიმდინარეობდა მერის პირველი მოადგილეების კანდიდატურების, ავტორიტეტული პირების შერჩევა, რომლებიც კანონის შესაბამისად, ახალი არჩევნების დანიშვნამდე მერის მოვალეობას შეასრულებენ.
„საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები ტარდება მაისში ან ოქტომბერში. თუ მერს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდება, რიგგარეშე არჩევნები იმავე წლის ოქტომბერში ჩატარდება, ხოლო თუ მერს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდება − უახლოეს მაისში.
მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ახალარჩეული მერის უფლებამოსილების ვადა მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით განისაზღვრება. ამასთან, კანონმდებლობის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების წელს მერის რიგგარეშე არჩევნები არ იმართება.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ, რამდენიმე რეგიონში უკვე მოხდა თანამდებობებიდან ივანიშვილისთვის არასასურველი კადრების სხვადასხვა მიზეზით ჩამოცილება - მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.