ჩვენ ისეთი ხელისუფლება გყავდა „ნაცმოძრაობის“ სახით და ისეთი ოპოზიცია გვყავს, რომ ჩემში პირადად არავითარ გაკვირვებას აღარ იწვევს მათი ასეთი უმსგავსო და ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკლესიური ქმედებები. ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ და მე ვიცი მათი განზრახვა, რომ მათი სურვილი იყო ეკლესიის კარების დაკეტვა და რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობისა და სახელმწიფოს ჩამოშლა, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა „ღია ეთერში“
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს სახელმწიფოსა და მთავრობას უწევს ჭიდილი 2 ფრონტზე - ერთი უხილავ მტერთან და მეორე, ხილულ მტერთან.
„მე არ მოვერიდები ამის თქმას, რომ ეს ადამიანები რასაც სჩადიან, სხვა არაფერია, თუ არა მტრობა და ბოროტება. მათი უსუსური მცდელობის მიუხედავად, ვერაფერში ვერ დასდეს მთავრობას ბრალი და ბოლოს ისიც იკადრეს, რომ ბიძინა ივანიშვილის უპრეცენდენტო ქველმოქმედება ამორალურად გააკრიტიკეს. უპრეცედენტო შეიძლება მათთვის, მაგრამ მოგეხსენებათ, ჩვენი პარტიის თავმჯდომარე უპრეცედენტო ქველმოქმედებას ეწეოდა და ეწევა ბოლო 20-25 წლის განმავლობაში და მისი მხრიდან მორიგ უპრეცედენტო შემოწირულობას ჰქონდა ადგილი ასი მილიონის სახით. აქაც, ამ ადამიანებისგან, ნაცმოძრაობის მხრიდან, ასე ვთქვათ, მათი კლასტერიდან, ვიხილეთ ამორალური კრიტიკა და განქიქება ამ საქმის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ოპოზიციის ამ მცდელობების მიუხედავად, მთავრობა ხალხთან ერთად აუცილებლად გაიმარჯვებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.