პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ახლა იწყება ვირუსის შიდა გავრცელების კრიტიკული ფაზა და ამ დროს მას, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, აქვს ვალდებულება, მოთხოვს მოქალაქეებს დაემორჩილონ კანონს
17-04-2020, 21:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ურთულეს გამოწვევას, თუ არ გვინდა, რომ საქართველომ გაიზიაროს ის ტრაგიკული რეალობა, რომელსაც ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნები ვერ აცდნენ.

 

 

ზურაბიშვილი ვიდეომიმართაში ამბობს, რომ "ახლა იწყება შიდა გავრცელების კრიტიკული ფაზა, რომელიც გულისხმობს ინფიცირებულების რაოდენობის მკვეთრ ზრდას და, დიდი ალბათობით, მსხვერპლის მნიშვნელოვნად მატებას", ამიტომ მისი თქმით, აუცილებელია "დავრჩეთ სახლში".

 

 

"დღეს წითელი პარასკევია - დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღე, და უჩვეულოა, რომ ამ დღეს ქვეყნის პრეზიდენტმა საჭიროდ ჩათვალოს, მიმართოს თავის ხალხს.

 

 

საჭიროდ მივიჩნევ იმიტომ, რომ ახლა ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრებაში ერთ-ერთი მძიმე დრო დგება და ჩვენ ამ პერიოდის მხოლოდ დასაწყისში ვართ. ყველა მონაცემი, სხვა ქვეყნების გამოცდილება, ექიმების გაფრთხილებები, ეპიდემიოლოგების შეფასებები და მიმდინარე პროცესი გვიჩვენებს, რომ არ გვაქვს არც მოდუნების და არც თვითკმაყოფილების უფლება.

 

 

პირიქით: ახლა იწყება შიდა გავრცელების კრიტიკული ფაზა, რომელიც გულისხმობს ინფიცირებულების რაოდენობის მკვეთრ ზრდას და, დიდი ალბათობით, მსხვერპლის მნიშვნელოვნად მატებას.

 

 

ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ურთულეს გამოწვევას, თუ არ გვინდა, რომ საქართველომ გაიზიაროს ის ტრაგიკული რეალობა, რომელსაც ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნები ვერ ასცდნენ.

 

 

თუ დაწვრილებით არ ვიცით და ვერ გავთვლით, როდის იქნება პიკი, ერთი რამ მაინც კარგად უნდა გვესმოდეს - ის, რომ პიკი გარდაუვალია - ისევე, როგორც უნდა გვესმოდეს, რომ ეს დაავადება ყველას შეიძლება შეეხოს.

 

 

ამიტომ, ისევე, როგორც პირველ ეტაპზე მთავრობამ მოახდინა დროული და ეფექტიანი რეაგირება რამაც ჩვენი ქვეყანა სამაგალითო ქვეყნების რიგში ჩააყენა, დღესაც, ამ კრიტიკულ მომენტში, სიტუაციის უფრო დამძიმებამდე, იღებს აუცილებელ ზომებს და, როგორც იცით, ამ დღეებში მომმართავს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

 

 

სხვადასხვა სახელმწიფო უწყება 24-საათიან რეჟიმში ემსახურება თქვენს ჯანმრთელობასა და ქვეყნის კეთილდღეობას. ჩვენი ექიმების შეშფოთება და მუდარა ყველამ მოვისმინეთ.

 

 

ამ დროს მე, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, მაქვს უმაღლესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, დავიცვა სახელმწიფოს კანონი და, მაშასადამე, მოგთხოვოთ თქვენ, დაემორჩილოთ კანონს. მე, პრემიერთან ერთად, მოვაწერე ხელი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას; მხარს ვუჭერ ყველა მიღებულ ზომას.

 

 

კანონმა, ისევე, როგორც დღეს გავრცელებულმა ავადმყოფობამ, არ იცის გამონაკლისი და პრივილეგია. თუ გვინდა, რომ სახელმწიფო გვერქვას, კანონის დაცვა და შესრულება აუცილებელია. ჩვენი სახელმწიფოსთვის და მისი გადარჩენისთვის ქართველმა ერმა ბევრი სისხლი დაღვარა, ბევრი ბრძოლა გადაიტანა. დღეს სახელმწიფოსთვის ბრძოლა გადის კანონის შესრულებაზე და სახლში დარჩენაზე.

 

 

ძალიან კარგად მესმის, და მერწმუნეთ, მე პირადად არავისზე ნაკლებად არ განვიცდი, რომ საგანგებო რეჟიმისა და კომენდანტის საათის გამო შესაძლოა, ვერ შეხვდეთ აღდგომას ისე სრულყოფილად, როგორც რწმენა და წესი მოითხოვს.

 

 

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა ასევე დაიცვეს კანონი თავიანთი დიდი დღესასწაულების აღნიშვნის დროს. ამისათვის მინდა, მადლობა მოვახსენო მათ.

 

 

მე, როგორც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებული კონკორდატის გარანტს, კარგად მესმის, რომ ეკლესიამ თავისი ღვთისმსახურება უნდა შეასრულოს, თუნდაც - ზოგ შემთხვევაში შეცვლილი ფორმით. როგორც მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში ხდებოდა, ეკლესიის ლოცვა ერის გადარჩენისთვის უმნიშვნელოვანესი იყო და არის, და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. დამერწმუნეთ, რაც არ უნდა სურვილი და იმედი ჰქონდეს ზოგიერთს, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის განხეთქილებას ვერავინ და ვერაფერი გააჩენს. შინ დარჩენილებიც, საერთო ლოცვას შინიდან შევუერთდებით. ამით გავაძლიერებთ ჩვენს ერთიანობასა და სოლიდარობას. უნდა ვიცოდეთ, რომ ერთიანობა და სოლიდარობა ჩვენი გადარჩენის იარაღი იქნება არამხოლოდ დღეს - დაავადებასთან ბრძოლაში, არამედ ხვალაც - როცა დადგება ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დრო.

 

 

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით კანონი იკანონებს, და როგორც აქამდე სამაგალითოდ დავძლიეთ პირველი კრიზისული ეტაპი, ხვალინდელ მძიმე დღეებსაც გავუმკლავდებით.

 

 

დაბოლოს, გველის ორი, სამი, თუ არა მეტი, უმძიმესი კვირა, როცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება თქვენი სახლში დარჩენა! დარჩით სახლში!" - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი