(GUARDIAN.GE) - უკრაინის დედაქალაქ კიევში მცხოვრები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელზეც მის სამშობლოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას მათ წინააღმდეგ „ყველანაირი მორატორიუმის გამოცხდებას“ სთავაზობს, თუკი მას საქართველოს ხელისუფლების დროებით ოფიციალურ წარმომადგენლად დანიშნავენ.
როგორც სააკაშვილმა კიევიდან „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში ნიკა გვარამიასთან ჩართვისას განაცხადა, მას ეს ოფიციალური სტატუსი უცხოეთიდან საქართველოსთვის ფინანსური დახმარების მობილიზებისა და ქვეყნის ეკონომიკური გადარჩენისთვის სჭირდება, რომ „მშიერი ხალხი მართლა არ გამოცვივდეს ქუჩაში გამწარებისგან და სასოწარკვეთისაგან“.
„ჩემი შიშით და ჩემი ბოღმით რამდენიმე რეისი დანიშნეს, მაგრამ მე გთავაზობთ, გამომიყენეთ უცხოური დახმარების მისაღებად. მე მზადა ვარ, მოვიარო ყველა უცხოური დედაქალაქი. ძალიან ბევრს ვიცნობ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებში, ძალიან ბევრს, ბოლოს და ბოლოს დონალდ ტრამპი მთელ მსოფლიოში მაქებდა მრავალი წლის განმავლობაში და თავის პირად მეგობრად მაცხადებდა და ბოლოს და ბოლოს ყველას ვიცნობ ვინც დღევანდელი ევროპის ლიდერები არიან, თქვენგან განსხვავებით, ვინც არავის არ იცნობთ და არავინ პატივს არ გცემთ. თქვენი ყველა იურიდიული კამათი გადავდოთ მომავლისთვის. მოდით დავაწესოთ მორატორიუმი შემოდგომამდე, შემოდგომის შემდეგ გააგრძელეთ ჩემი იურიდიული პროცესები, შემოდგომის მერე გამასამართლეთ პიჯაკებზე, იმაზე, ამაზე, მაგრამ მანამდე გამოაცხადეთ მორატორიუმი. მომეცით სტატუსი საქართველოს ხელისუფლების დროებითი ოფიციალური წარმომადგენლის, მხოლოდ ერთ საკითხში, უცხოური დახმარების მოპოვებაში და მე გაძლევთ გარანტიას, რომ თუ 5,5 მილიარდს არ ჩამოვიტან, იმდენს ჩამოვიტან დახმარებას, რომ საქართველოს ეკონომიკა გადარჩეს. მე გეუბნებით ამას, მომეცით სტატუსი საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლის, დაავალეთ საელჩოებს, რომ ჩემთან ერთად მოიარონ ამერიკის კონგრესი - რომ არ იყოს ისე, რომ ჩემ თავს წარმოვადგენ მხოლოდ - ევროკავშირი, ევროპის წამყვანი ქვეყნები, აზიის ქვეყნები - მომეცით ეს სტატუსი და მე ვპირდები ქართველ ხალხს და ჩვენ მივიღებთ იმ მასშტაბის თანხას, რაც მე ერთხელ უკვე მოვიპოვე საქართველოსთვის. მე განსხვავებით ამათგან, რასაც ვლაპარაკობ, ყოველთვის ვაკეთებ - „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“ ჩემი ცხოვრების ლოზუნგია - და ბოლოს და ბოლოს მომენატრა, რომ ჩემს ხალხს რაღაც გავუკეთო, მინდა რომ ამ გადამწყვეტ მომენტში, ჩვენი ერის ფიზიკური გადარჩენის საკითხი დგას და არა მხოლოდ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკური, დიდი შიმშილის ტალღის, რომელიც მოდის ცუნამის [სახით], ნამდვილი ცუნამი მოდის ახლა საქართველოზე - დიდი გაჭირვების, დიდი შიმშილის, წარმოუდგენელი შიმშილის, რომელიც 90-იანი წლებიდან ჩვენ დავიწყებული გვქონდა. აი, ეს ყველაფერი უახლოეს თვეებში მოხდება და რომ ეს ასე არ მოხდეს, მომეცით მე ეს ოფიციალური სტატუსი და მე მოვიპოვებ იმას, რაც თქვენ ალბათ არ შეგიძლიათ - მასშტაბურ უცხოურ დახმარებას“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
გვარამიას შეკითხვაზე - „რატომ აკეთებთ ამას, ეს ხომ ამ მთავრობის დამსახურება იქნება, რაში გჭირდებათ?“ -სააკაშვილმა უპასუხა, რომ იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში, „უამრავი ადამიანი შეიძლება მოკვდეს შიმშილით“.
„იმიტომ, რომ საქართველო გაქრება მეგობრებო. უამრავი ადამიანი შეიძლება მოკვდეს შიმშილით. ჩვენ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ სად შევდივართ. კორონავირუსი, ახლა დათბება შედარებით და გადაივლის იმიტომ, რომ ვერ იტანს ნესტიან და თბილ ჰავას, როგორც ჩანს, იმიტომ რომ, რომ ვუყურებ გეოგრაფიას, ასეა დაახლოებით. მე არა ვარ ვირუსოლოგი, მაგრამ იმედია, რომ წავა ქვემოთ რაღაც პერიოდის შემდეგ, მაგრამ მერე მოდის ძალიან დიდი ტალღა უბედურების და ეკონომიკური გაჭირვების. ამიტომ იქ აღარ იქნება გარჩევა შავის და თეთრის, „ქოცის“ და „ნაცის“, ქართველი ერი იქნება პრაქტიკულად ფიზიკური გადაშენების რეალური საფრთხის წინაშე, დიდი გაჭირვების შედეგად, როგორც 90-იანი წლებში კინაღამ ეს მოხდა. მერე ჩვენ ამ უბედურებიდან, უშუქობიდან დავიხსენით ერთხელ, მერე 2008-ში მტერს იმედი ჰქონდა, რომ ჩამოვიშლებოდით, მაგრამ მივიღეთ უზარმაზარი დახმარება და მე პირადად ვიმუშავე, რომ მიგვეღო ეს უზარმაზარი დახმარება და მაშინ ბაიდენი დაგვეხმარა, რომელიც არის ახლა ამერიკის პრეზიდენტობის ძალიან რეალისტური კანდიდატი, პირადად ბაიდენის და ჩემი შეთანხმებით წამოვიდა პირველი 1 მილიარდი, როდესაც ის სენატორი იყო... რესტორან „კოპალაში“ დავარტყით ხელი, ახლა რომ 1 მილიარდი მოგვცეს ვინმემ, ამოვისუნთქავთ ეგრევე... მე მინდა ვუთხრა ამათ, რომ თქვენ ამ დახმარებას არავინ არ მოგცემთ“, აღნიშნა სააკაშვილმა.
არც ყოფილ პრეზიდენტს და არც გადაცემის წამყვანს არ უხსენებიათ საქართველოს მთავრობის მეთაურის, გიორგი გახარიას 14 აპრილს გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ „სამკვირიანი მძიმე მოლაპარაკებების შედეგად“ საქართველო 2020 წლის ბოლომდე დონორი ორგანიზაციებიდან 1,5 მილიარდ აშშ დოლარს საბიუჯეტო მიმართულებით, ხოლო ამდენივეს კერძო სექტორისთვის - ჯამში „3 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს“.
მიხეილ სააკაშვილმა გააფრთხილა ბიძინა ივანიშვილი, არ შეეცადოს არჩევნების გადადებას, რადგან მაშინ „სულ სხვანაირი სცენარით“ თავად ხელისუფლება „დააჩქარებს მოვლენებს“.
„დღემდე დავდივარ მთელ მსოფლიოში და მიღებენ მაღალ დონეზე, მიუხედავად თქვენი ყალბი სისხლის სამართლის საქმეებისა. კარგად შემოინახეთ თქვენი განაჩენები იმიტომ, რომ ოქტომბრის მერე არაფერი არ გამოგადგებათ, ტუალეტის ქაღალდის ფასიც არ ექნება, ოქტომბერში ისედაც ყველაფერი შეიცვლება, მაგრამ იმისათვის, რომ ქართველი ხალხი ცოტა ლმობიერად მოგექცეთ ოქტომბრის შემდეგ, არც კი სცადოთ არჩევნების გადადება იმიტომ, რომ მაშინ სულ სხვანაირი სცენარით თქვენ თვითონ დააჩქარებთ მოვლენებს და ეს მუშავდება ივანიშვილის მიერ და რატომ არ უშვებს მაგალითად გიგი უგულავას, რატომ არ უშვებს ოქრუაშვილს, რატომ არ უშვებს რურუას, იმიტომ რომ მესამედ ივაჭროს ოპოზიციასთან, რომ ოპოზიცია დათანხმდეს არჩევნების გადადებას და სხვა რაღაცებს, არ გამოვა ეს მანიპულაციები. ჩვენ ახლა გვჭირდება ელემენტარულად, რომ მშიერი ხალხი მართლა არ გამოცვივდეს ქუჩაში გამწარებისგან, სასოწარკვეთისაგან, ამ დადგმული, სუს-ის ნაგავი პროვოკატორებით კი არა, რომლებიც დღეს ბიბლიოთეკას წვავდნენ, კიდევ კარგი ბიბლიოთეკა გადარჩა... მიუხედავად ამისა, მე მზად ვარ საერთო მორატორიუმი გამოვაცხადო ყველანაირ რიტორიკაზე თქვენ წინააღმდეგ. თუ შევთანხმდებით, რომ თქვენ მაძლევთ ამ საქმეს, მზად ვარ, საერთოდ შევწყვიტო ჩემი პირადი, რაღაც საარჩევნო გამოსვლები და პოლიტიკური გამოსვლები იმ თვეების განმავლობაში, როცა მე ვიქნები საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი, რათა ქართველმა ხალხმა მიიღოს ფინანსური დახმარება მსოფლიოდან, რათა საქართველო გადარჩეს გადაშენებას და განადგურებას“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.