პროფესორი, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი: ჩვენთან მშობლებს ბავშვების კურორტებზე დასვენებისგან გადაჭარბებული მოლოდინები აქვთ... კურორტებზე ბავშვებს ხშირად ინფექციური დაავადებების რისკს ვუქმნით, არადა, ზოგიერთებს არაჩვეულებრივი პირობები აქვთ სოფელში
15-06-2020, 13:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ჩვენთან მშობლებს ბავშვების კურორტებზე დასვენებისგან გადაჭარბებული მოლოდინები აქვთ. კერძოდ, ბევრს ჰგონია, რომ რომელიღაც კონკრეტული კურორტის ჰაერი აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობისთვის. ზოგსაც მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს სხვადასხვა ჰაერის მონაცვლეობა, მაგალითად, ზღვის და მთის. ზოგსაც წიწვოვანი მცენარეების მიერ მოხდენილი სასწაულების სჯერა. ამ ყველაფერს სამეცნიერო მტკიცებულებები არ გააჩნია და ისტორიულად, თაობებზე გადაცემული მითებია, როგორიცაა, მაგალითად, ბროწეულის წვენი რომ „სისხლისთვის კარგია“.

 


ეს მითები, თავისთავად, არაფერს აშავებს და თუ მშობელს ამის სჯერა, ბოლოს და ბოლოს ამ „ჰაერის გამოცვლაში“ დიდი სარგებელი თუ არა, მავნებლობაც არაფერია. პრობლემაა უბრალოდ ის, რომ ჯერ ერთი, ხშირად ოჯახები უკანასკნელი სახსრების მობილიზაციას აკეთებენ ზოგიერთ ამ კურორტზე ბავშვის წასაყვანად და ეს თანხები უფრო სასარგებლოდაც შეუძლიათ გამოიყენონ, თუმცა, ჩემი, როგორც ინფექციონისტის თემა ეს არ არის და მე უფრო სხვა მოსაზრებით წამოვწიე ეს საკითხი.

 


საქმე იმაშია, რომ ამ არასწორი მოლოდინების გამო, რომ ბავშვის ჯანმრთელობისთვის რაღაც ძალიან კარგს ვაკეთებთ, ხშირად ინფექციური დაავადებების რისკს ვუქმნით. რამდენს გაქვთ ეს გამოცდილება, რომ კურორტზე წაყვანილი ბავშვი უკან დიარეით, ღებინებით, სიცხით წამოგიყვანიათ. არადა, ზოგიერთებს არაჩვეულებრივი პირობები აქვთ სოფელში, სადაც შეიძლება შვილიშვილების ნახვის ნატვრით დატანჯული ბებო იცდის, რომელიც სუფთა, ნატურალურ კვებას უზრუნველყოფს ბავშვისთვის სოფელში, სადაც ერთად ბევრი ადამიანი არ არის თავმოყრილი და შესაბამისად, ინფექციური დაავადებების რისკიც მნიშვნელოვნად დაბალია. სოფელში, სადაც მანქანების გამონაბოლქვი თითქმის არ არის, უამრავი მცენარეებია და ჰაერის დაბინძურება დაბალი. ჯანმრთელობისთვის კი სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი და არა გინდა თუ არა ის ამოჩემებული კურორტები, სადაც, ვითომდა რაღაც განსაკუთრებული ჰაერია. ეს ხომ არავითარ სამეცნიერო მტკიცებულებებს არ ემყარება, ისევე როგორც ის, რომ ბავშვს „სხვადასხვა ჰაერი უნდა ვუცვალოთ“.

 

 

ზოგიერთ კურორტზე იმდენი ხალხი და მანქანებია, რომ გამონაბოლქვი შეიძლება ქალაქებზე ნაკლები არც იყოს. აღარაფერს ვამბობ ინფექციურ დაავადებებზე, რაც უკვე ვახსენე.

 


სამწუხაროდ, ჩვენს კურორტებზე ჰიგიენური პირობები ხშირად არც თუ ისე სახარბიელოა. მაგალითად, რესტორნებსა და სასტუმროებში ხშირად არ არის ჭურჭლის რეცხვის ავტომატური სისტემა მაღალ ტემპერატურაზე და ჭურჭელი ხშირად ერთად ჩაყრილი, ხელით ირეცხება, ზოგჯერ სრულიად ზედაპირულად, რაც სისუფთავის და ინფექციების პრევენციის გარანტიას საერთოდ არ იძლევა. ხშირად საეჭვოა ასევე პროდუქტების სწორად შენახვის პრაქტიკაც. სწორედ ეს ყველაფერი ქმნის ბავშვების (და ხშირად არა მარტო ბავშვების) ასე მასობრივად ინფიცირების რისკებს.

 


რა თქმა უნდა, ყველას გვინდა, რომ ჩვენი შვილებისთვის საინტერესო ზაფხული უზრუნველვყოთ, მაგალითად ზღვაზე. ეს ნამდვილად არის ბავშვის კურორტზე წაყვანის არგუმენტი (თუნდაც ჩამოთვლილი რისკების გათვალისწინებით), მაგრამ მხოლოდ „ჰაერის გამოცვლა“, რაც, კიდევ ვიმეორებ, არაფრით არ არის გამყარებული, ჩემი აზრით, ხალხმრავალ კურორტებზე წასვლის (და დღეის კონტექსტში კორონავირუსის გადაცემის საფრთხის შექმნის) საფუძველი არ უნდა გახდეს“, წერს „ფეისბუქზე“ მაია ბუწაშვილი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ინფექციონისტი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი