სალომე ზურაბიშვილი: „უტეხი სულისკვეთება იყო ჩვენი პასუხი 2008 წლის ომზე და დღესაც ჩვენი პასუხია - არშეგუება!“
07-08-2020, 19:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოთმინება და მშვიდობიანი გზის არჩევა არ ნიშნავს დავიწყებას, ან შეგუებას. შერიგება, დაპირისპირების გადალახვა და წარსულიდან საერთო მომავლის კონტურების დასახვა ჩვენი მიზანია, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

 

 

„12 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან. პატივს მივაგებთ ჩვენს გმირ მეომრებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც ჩვენი სამშობლოს დაცვას შეეწირნენ.

 

 

სწორედ ჩვეული უტეხი სულისკვეთება იყო ჩვენი პასუხი 2008 წლის ომზე და დღესაც ჩვენი პასუხია - არშეგუება! როგორც მრავალჯერ თავისი ისტორიის განმავლობაში, საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გააჩნია გადარჩენის უზარმაზარი ჟინი და ენერგია.

 

 

ოკუპაცია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უდიდესი ტკივილია. ამ ტრაგედიას ერთნაირად განვიცდით საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. ყველას გვახსოვს, რომ ჩვენი, ოსებისა და აფხაზების ერთობა ათასწლეულებს ითვლის. გვახსოვს, რომ ჩვენ ერთი დიდი კულტურისა და საერთო კავკასიური ცივილიზაციის ნაწილი ვართ და ვინც ამ კულტურას, ამ ცივილიზაციას ებრძვის, ებრძვის არა მხოლოდ ჩვენს წარსულს, არამედ ცდილობს წაგვართვას ერთიანი მომავალიც. თუმცა ამაოდ!

 

 

ვერც ომმა, ვერც ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციამ და ვერც ჩვენი მოქალაქეების უფლებებისა და იდენტობის შელახვამ გავლენა ვერ მოახდინა საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე.

 

 

რუსეთმა ვერ მიაღწია მიზანს, ომმა ვერ შეუცვალა გეზი საქართველოს, ვერ ააცდინა საკუთარ მიზანს, გამხდარიყო ღირსეული, ძლიერი, სტაბილური, დემოკრატიული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. არ შეჩერდა წინსვლა ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

 

 

ახლახან კოვიდთან ბრძოლაში, კიდევ ერთხელ, ქართველმა ხალხმა დაამტკიცა თავისი მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი თვითშეგნება, დადო შედეგი! ეს და სხვა მრავალი წარმატება წარმოადგენს ტრაგედიასა და ომზე რეალურ, გრძელვადიან გამარჯვებას.

 

 

მოთმინება და მშვიდობიანი გზის არჩევა არ ნიშნავს დავიწყებას, ან შეგუებას. შერიგება, დაპირისპირების გადალახვა და წარსულიდან საერთო მომავლის კონტურების დასახვა ჩვენი მიზანია. რუსეთმა კი, უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიგოს, რომ ომით მოპოვებული ტერიტორია, ძალით ოკუპირებული და შიშით დატყვევებული მოსახლეობა რეგიონს ვერც სტაბილურობასა და ვერც კეთილდღეობას ვერ მოუტანს.

 

 

მსოფლიო გლობალური საფრთხეები დღეს ახალ მიდგომებს მოითხოვს. წარსულში ჩარჩენილი ძალმომრეობითი პოლიტიკა ანაქრონულია, რამეთუ ამ გამოწვევების წინაშე უძლურია.

 

 

თავისუფლებას, მშვიდობასა და სოლიდარობას ალტერნატივა არ გააჩნია!“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი