საქართველოს სახელმწიფოს ყოფილ მეთაურთან, ედუარდ შევარდნაძესთან 1994 წელს ამერიკელი ჟურნალისტის მიერ ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს „ფეისბუქზე“ The Eduard Shevardnadze Center, სადაც საქართველოს მაშინდელი ლიდერი ამბობს, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ დასავლეთისგან უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდა. მისი შეფასებით, „ცივი ომის დამთავრებით ყველამ მოიგო, გარდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისა“.
აფხაზეთში რუსი მშვიდობისმყოფელების შემოყვანის შესახებ საუბრისას შევარდნაძე ამბობს, რომ საქართველო თანახმა იყო ნატოს ძალების ან გაეროს მშვიდობისმყოფელების განლაგებისა, მაგრამ ამისათვის არც დასავლეთი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, და არც გაერო, მზად არ აღმოჩნდა.
GUARDIAN.GE გთავაზობთ ინტერვიუს, როგორც ვიდეო, ისე ტექსტურ ვარიანტს.
ჟურნალისტი: ბატონო შევარდნაძე, რატომ დაპატიჟეთ რუსი სამშვიდობო ძალები საქართველოში?
ედუარდ შევარდნაძე: „ჩვენ მანამდე ყველა ვარიანტი შევამოწმეთ, ყველა ვარიანტი ვცადეთ. მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხაზითაც, სამწუხაროდ, არ გამოვიდა სხვა ვარიანტები. ამიტომ, ერთადერთი ძალა, რომელმაც რეალურად უნდა გადაწყვიტოს აფხაზეთში კონფლიქტის ბედი, ეს არის „ეს-ენ-გეს“ [დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა] შეიარაღებული ძალები, პრაქტიკულად რუსეთის შეიარაღებული ძალები, გაეროს დამკვირვებლებთან ერთად. ჩვენ თანახმა ვიყავით ნატო შემოსულიყო, მაგრამ...
ჟურნალისტი: ნატო ბევრად უკეთესი არ იქნებოდა?
ედუარდ შევარდნაძე: არ შემოვიდნენ.
ჟურნალისტი: რატომ? რატომ დაგტოვათ დასავლეთმა?
ედუარდ შევარდნაძე: მე ამ ამბავს ძალიან ნორმალურად ვხსნი. არ არის დასავლეთი ახლა მზად იმისათვის, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეებზე, უზარმაზარ სივრცეებში ასეთი მისია შეასრულოს. ამერიკელი ჯარისკაცი ჩამოვა ახლა კავკასიაში?! მე მითხრეს ვაშინგტონში, რომ არ ჩამოვა. დასავლეთმა კარგად არც იცის კავკასია რა არის. ეს ურთულესი ფენომენია, ურთულესი რეგიონია, რომელიც ძალიან მგრძნობიარე ძარღვებით დაკავშირებულია ძალიან დიდ სახელმწიფოებთან. კონფლიქტი კავკასიაში შეიძლება ძალიან დიდი კატაკლიზმების წყაროდ იქცეს. ეს დასავლეთში არ ესმით. ყველაფერი უფრო სხვანაირად იქნებოდა, დასავლეთს რომ ჰქონოდა რაღაც იმის მსგავსი, რასაც მარშალის გეგმა ჰქვია, ერქვა, მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, ყოფილი საბჭოთა ქვეყნების, რესპუბლიკების მიმართ. ცივი ომის დამთავრებით ყველამ მოიგო, გარდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისა. მე ვფიქრობ, ახლაც შეუძლია დასავლეთს უფრო აქტიური იყოს და ხელი შეუწყოს კონფლიქტების მოგვარებას და მოწესრიგებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ტალღა დასავლეთის წინააღმდეგაც შებრუნდება.
ჟურნალისტი: იდეალურ მსოფლიოში - მე ვიცი, რომ თქვენ რეალისტი ხართ, მაგრამ ჰარმონიულ სამყაროში, ვთქვათ მოხდა ისე, რომ დასავლეთმა თქვა, რომ კარგი, ჩვენ შეგვიძლია გამოვგზავნოთ მრავალეროვანი ძალები, გახდის თუ არა ეს უფრო უსაფრთხოს საქართველოს, ვიდრე რუსების აქ ყოფნა?
ედუარდ შევარდნაძე: ჩვენ, თითქმის 2 წელი ამას ვცდილობდით და არაფერი არ გამოვიდა. სამწუხაროდ, მივიღეთ ბევრი კარგი რეზოლუცია უშიშროების საბჭოსი, 9 რეზოლუციაა მიღებული, მაგრამ ჯარების შემოყვანის საკითხი რეალურად ვერ გადაწყდა. ჩვენ იმის მადლობელიც ვართ, რასაც აკეთებს დასავლეთი, მატერიალურად გვეხმარება, როგორც შეუძლია ისე. ამერიკის შეერთებული შტატები ხორბალს გვაწვდის, ცოტა სათბობს გვაძლევენ. მართალია, ეს ჩვენთვის ცოტაა, მაგრამ ესეც რო არ იყოს, მაშინ სრული შიმშილი იქნებოდა საქართველოში. მადლობა მინდა მოვახსენო თქვენს ქვეყანას და დასავლეთის იმ ქვეყნებს, რომლებიც გვეხმარებიან, საქართველოსაც და სხვა ქვეყნებსაც. საიდუმლოდ გეტყვით, როცა ცივი ომის დამთავრებაზე ვფიქრობდი და ვზრუნავდი, რა თქმა უნდა უფრო მეტს ველოდი, თუკი ეს ომი დამთავრდებოდა. დარწმუნებული ვარ, ამას ტელევიზიით არ გადასცემთ (იცინის), ინტერვიუს დასასრული.
„აფხაზეთის ომის, ამ თავსმოხვეული, თუ დაგეგმილი პროვოკაციის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ედუარდ შევარდნაძემ ნათლად დაინახა, რომ მსოფლიოსთვის მისი დიდი ავტორიტეტისა, თუ დამსახურების მიუხედავად საქართველო მაინც რჩებოდა უცნობ, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკად, ჩვენი ქვეყნის როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა, ფუნქციის განსაზღვრა და ამგვარად მათი დაინტერესება აუცილებელი გახდა. ყოველივე ეს ნელ-ნელა და უდიდესი ძალისხმევის, სწორი სტრატეგიისა და საქართველოს შესაძლებლობების ცოდნის საფუძველზე მოხერხდა. ის, რაც შევარდნაძეს ეჩქარებოდა, იყო კონფლიქტის გამო საკუთარი მიწა-წყლიდან აყრილი 250 000-ზე მეტი დევნილის უკან, აფხაზეთში მშვიდობიანად დაბრუნება. ამის გარანტად მას გაეროს სამშვიდობო ძალები ეგულებოდა. თუმცა, 1994 წლის იანვარში ბუტროს გალისთან შეხვედრამ შევარდნაძე იმაში დაარწმუნა, რომ ეს პროცესი ნელა, რეზოლუციებითა და ფინანსების მობილიზებით განვითარდებოდა.
გელა ჩარკვიანი თავის ბესტსელერში - „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“ იხსენებს -
„... ჩვენ შევთავაზებთ უშიშროების საბჭოს რამდენიმე ვარიანტს. - თქვა ბუტროს გალიმ და ჩამოთვალა ისინი.
პირველი : საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაცია სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო კონტიგენტების მონაწილეობით.
მეორე: ოპერაცია, რომელშიც უმრავლესობას შეადგენს რუსული ჯარი, მაგრამ მონაწილეობას სხვებიც მიიღებენ. პროპორცია დაახლოებით 70%-30%.
მესამე: მთლიანად რუსული ჯარი და გაეროს დამკვირვებლების ძალიან ძლიერი გუნდი, ვთქვათ 200-მდე კაცი.“
„რასაკვირველია, ჩვენთვის იდეალური იქნებოდა პირველი ვარიანტი, თუკი შეიძლება მისი სწრაფად განხორციელება“.
„სამწუხაროდ, ამ ვარიანტის სწრაფად განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია...ეს ძალიან ძვირი ჯდება. გაეროს შესაძლებლობები კი შეზღუდულია“...
გაეროსთვის ყველაზე რეალური რუსული ჯარის გამოყენება იყო, დასაწყისში მათივე დამკვირვებელთა პატარა ჯგუფის მეთვალყურეობით. შევარდნაძის მცდელობას - რუსულ ჯარს გაეროს ეგიდით ესარგებლა - კატეგორიული უარი მოჰყვა.
„ეს შეუძებელია, - იყო გალის მყისიერი პასუხი, - ეს ეწინააღმდეგება გაეროს პრინციპებს... რუსები მოისურვებენ არა მარტო გაეროს ლოცვა-კურთხევას, არამედ ამ ორგანიზაციის ფულსაც. ოპერაცია 100-დან 200 მილიონ დოლარამდე დაჯდება.“
სწორედ ამ თემებს ეხმაურება ჩვენ არქივში დაცული 1994 წელს უცხოელ ჟურნალისტთან ჩაწერილი ინტერვიუ“, - ასეთი აღწერილობით აქვეყნებს „The Eduard Shevardnadze Center“ ედუარდ შევარდნაძესთან 1994 წელს ჩაწერილ ინტერვიუს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.