სააკაშვილის მიერ უკრაინაში წაყვანილი ახალგაზრდები, ვითომ ახალი სახეები, ფინალში ისევ ოქრიაშვილებად, ჩოჩელებად, ხაბულიანებად გადაიქცნენ, – ასე გამოეხმაურა პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე ოპოზიციურ მოძრაობასთან „ძალა ერთობაშია“ კახაბერ ოქრიაშვილის პარტიის, „პროგრესი და თავისუფლება“ გაერთიანებას.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი სახეების ნაცვლად, ისევ ის ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებიც წინა ხელისუფლების პერიოდში გამდიდრდნენ.
„ბოლო დროს „ნაციონალური მოძრაობაში“ ბევრი ისეთი ლიდერი გამოიკვეთა, ვისაც პარტიის სახის შეცვლა რეალურად შეუძლია. ეს კი სააკაშვილისთვისაა ყველაზე დიდი ხიფათი, რადგან შესაძლოა, მთავარი „ნაციონალის“ და მთავარი ოპოზიციონერის ტიტული დაკარგოს. თუნდაც გლდანში ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში, „ნაცმოძრაობაში“ ახალი გამარჯვებული ლიდერი ჩნდება. ამიტომ ვფიქრობ, ის ნაბიჯები რაც იდგმება, მიმართულია იმისკენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი ლიდერი არ შეიძინოს. თუნდაც სად არის ის 500 ახალგაზრდა, ვითომ ახალ სახეებად რომ ზრდიდა სააკაშვილი და უკრაინაშიც კი ჩაიყვანა? მათ მაგივრად ფინალში ისევ ოქრიაშვილები, ჩოჩელები, ხაბულიანები მივიღეთ, ადამიანები, რომლებიც სწორედ „ნაციონალების“ დროს გამდიდრდნენ ყველაზე მეტად და მათ აფინანსებდნენ“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე, რომლის სიტყვების ციტირებასაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ავრცელებს.
ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს, რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობით რამდენიმე ოპოზიციური პარტია არის გაერთიანებული, „ქართული ოცნების“ რიგებიდან წამოსული წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატის, კახაბერ ოქრიაშვილის მიერ ახლად დაფუძნებული პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ შეუერთდა. მემორანდუმს გრიგოლ ვაშაძემ და კახაბერ ოქრიაშვილმა მოაწერეს ხელი.
როგორც ოქრიაშვილმა განაცხადა, უერთდება საარჩევნო ბლოკ „ძალა ერთობაშიას“ და ეს საქართველოში სიდუხჭირის დამარცხების გარანტი იქნება.
მისივე თქმით, ის 2020 წლის საპარლამეტნო არჩევნებში მაჟორიტარული წესით მიიღებს მონაწილეობას და კენჭს ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში იყრის.
„დღეს ხელს ვაწერთ და ვუერთდებით საარჩევნო ბლოკს „ძალა ერთობაშია“, ფართო კოალიციით მოვდივართ ხელისუფლებაში. ჩვენი პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ იქნება გარანტი იმისა, რომ საქართველოში შეიქმნება მსოფლიოში საუკეთესო ბიზნესგარემო. ჩვენ ვიქნებით გარანტი, საქართველოში დავამარცხოთ სიდუხჭირე და მყისიერად შევქმნათ ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი“, – განაცხადა ოქრიაშვილმა და დაამატა, რომ მათთან ერთად იქნებიან დილარ ხაბულიანი და ცეზარ ჩოჩელი.
პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ წევრი და დამფუძნებელია ასევე ბიზნესმენი, სააკაშვილის პრეზიდენტობისას მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორი, ყოფილი დეპუტატი ცეზარ ჩოჩელი, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა კენჭს და ძალზე მცირე უპირატესობით დამარცხდა „ქართული ოცნების“ კანდიდატთან, დიმიტრი ხუნდაძესთან დაპირისპირებაში. ჩოჩელი ძალებს წელსაც მცხეთის - ამჟამად, მცხეთა-დუშეთი-თიანეთი და ყაზბეგის საარჩევნო ოლქი - მაჟორიტარულ ოლქში მოსინჯავს.
2003 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩოჩელი ახალგორის მაჟორიტარული ოლქიდან, ედუარდ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირის“ მხარდაჭერით გახდა დეპუტატი, თუმცა ვარდების რევოლუციის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა. ასევე მოიქცა, 2003 წელს შევარდნაძის მხარდაჭერით პარლამენტში მოხვედრილი კახაბერ ოქრიაშვილიც, რომელიც 2008 და 2012 წლებში უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით შევიდა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მალევე მმართველ პარტიაში გადაინაცვლა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ რიგებიდან გახდა წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი. ოქრიაშვილი მაჟორიტარული წესით არჩევნების გაუქმების წინააღმდეგია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.