1886-1895 ათწლეულში საქართველოში პირველდაწყებით და საშუალო განათლებას ღებულობდნენ გიმნაზიებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 1886-1895 წლებში ტფილისში არსებობდა ვაჟთა სამი და ქალთა კლასიკური გიმნაზია. ვაჟთა გიმნაზიებმა 1895 წელს, საერთო ჯამში 99 მოსწავლე გამოუშვა, მათ შორის 23 ქართველი.
აღსანიშნავია, რომ პირველი გიმნაზიის (დირექტორი მარკოვი) ამ გამოშვებაში იყო ივანე ჯავახიშვილი. ქალთა გიმნაზია დაამთავრა 52 მოწაფემ, აქედან 8 ქართველმა. 1893 წელს სამივე ვაჟთა გიმნაზიაში საუკეთესო მოსწავლებად და ოქროს მედალოსნებად ქართველები გამხდარან. ადრეც ყოფილა, რომ ქართველს გაემარჯვა ,,რომელსამე გიმნაზიაში, მაგრამ ისე რომ სამივეში ერთად, კარგა ხანია არა ყოფილა“. ტფილისში 1817 წლიდან მოქმედი სასულიერო სემინარიაში 1890 წელს ითვლებოდა 462 შეგირდი: ,,იმერელი-157; ქართ-კახელი-139; გურული-70; მეგრელი-40; რუსი-34; ბერძენი-14; ოსი-3; ინგილო-2; სვანი, აფხაზი, ქისტი, ფშაველი, მოლდავანი ერთი“. 1895წელს ტფილისის სასულიერო სემინარიას ამთავრებს 21 მსმენელი, მათ შორის 19 ქართველი. . 1888 წელს სასულიერო სემინარიის გამოსაშვები ,,ეგზამენები“ წარმატებით ჩააბარა 13 ახალგაზრდამ აქედან 12 ქართველი და ერთი რუსი. მათგან ყველამ გამოთქვა სურვილი მღვდლებად წასასვლელად, მხოლოდ ერთი მათგანი გაგზავნეს სახელმწიფო ხარჯით სასწავლებლად კიევის სასულიერო აკადემიაში და ის ერთი გახლდათ შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე. აღნიშნული აკადემია კ.ცინცაძემ წარმატებით დაასრულა 1892 წელს.
ეკლესიებთან მოქმედებდა სამრევლო სკოლებიც: ავლაბარში მარინეს ეკლესიასთან, მამა ბესარიონის ხელმძღვანელობით; ავლაბრის ფერისცვალების ეკლესიასთან; მიხეილის საავადმყოფოს ეზოში არსებული ეკლესიაში ამავე საავადმყოფოს პერსონალის შვილებისთვის, მამა კარბელაშვილის სამრევლო სკოლა (მოგვიანებით ხანძრის დროს დაიწვა), ქაშუეთის ეკლესიის კი - ორივე სქესის მოწაფეთათვის. სამრევლო სკოლებში ირიცხებოდა 35-45 ყმაწვილი. ტბილისში მოქმედებდა 1670-იანი წლებიდან არსებული კათოლიკეთა სამრევლო სკოლა, ტფილისის დედათა ეპარხიარული სასწავლებელი, აისორთა სამრევლო და სხვა ტფილისის კადეტთა კორპუსის 1886 წლის კურსდამთავრებულთა ოდენობა 74, 1892 წლამდე შემცირდა 43-მდე, მათ შორის 9 ქართველ ჭაბუკთა შორის იყო, შემდგომში სახელმოხვეჭილი სამხედრო მეთაური, გენერალი გიორგი კვინიტაძე. 1890-1890 წლების მიჯნაზე ტფილისის საბაღოსნო სკოლის ატესტატს ღებულობდა ოცამდე მოსწავლე, მ.შ. ნახევარი ქართველი. საფერშლო სკოლას კი ამთავრებდა 10-12 მოწაფე, აქაც თითქმის ნახევარი ქართველი ეროვნებისა გახლდათ. ტფილისის სატეხნიკო სასწავლებელს დაემატა სატელეგრაფო საქმე და საბუღალტრო დისციპლინები, რომელიც ყოველ წელს 60-მდე სპეციალისტს ამზადებდა, მ.შ. მეოთხედი ქართველი იყო. პროფესიულ განათლების პირველდაწყებით სასწავლებლებში ყმაწვილები ,,ხელთსაქმეს ეუფლებოდნენ 50 სკოლაში, დურგლობას - 18, ხარატობას - 5, ზეინკლობას -1, ყდის კეთებას -14, ჩექმის კერვას - 2, თოკების წვნას -3, ბაღოსნობას - 71, მებოსტნეობას -74, აბრეშუმის მოყვანას - 98, მეფუტკრეობას - 26, ვაზის მოშენებას კი - 6 სკოლაში“.
გარდა ამ აღნიშნული სასწავლებლებისა ტფილისში ახალგაზრდობა ცოდნას ეუფლებოდა: ქალთა ინსტიტუტში, რომელსაც ,,კეთილშობილთა ქალთა პანსიონი“ ერქვა, დაარსებული 1830 წელს; სათავადაზნაურო სკოლა-პანსიონი; კავკასიაში ერთადერთი ტფილისის სამუსიკო სკოლა (დირექტორი), სადაც მოღვაწეობდა სკოლის დამაარსებელი და ცნობილი პედაგოგი, 1876 წელს დაარსებული სამუსიკო საზოგადოების დირექტორი ალიოზ მიზანდარი. 1891 წელს ამ სამუსიკო სასწავლებლის კონცერტში მონაწილეობა მიუღია პ.ჩაიკოვსკის და ა.რუბინშტეინს. ტფილისში ფუნქციონირებდა 1888 წელს დაარსებული კავკასიის ქართული სკოლა, ,,მუშტაიდის“ საბაღოსნო სკოლა; კერძო სასწავლებლები: ალექსანდრეს საოსტატო სასწავლებელი, ა.გ. მირზაშვილის სასწავლებელი-პანსიონი, ტფილისის ,,სერპინეს“ დედათა სომხური გიმნაზია, მელიქიშვილის ქართველ ქალთა სასწავლებელი; ტფილისის მასწავლებელ და აღმზრდელთა საზოგადოების დასაწყისი(დაწყებითი) სკოლა ქართული რუსული და სომხური განყოფილებებით; სათავადაზნაურო სკოლა (დირექტორი რატიშვილი), იოსელიანის და მრევლიშვილის სარეპეტიციო ( სარეპეტიტორო) სასწავლებელი, სადაც მთელი ზაფხულის პერიოდში ბავშვებს ამზადებდნენ ყველა საშუალო სკოლისთვის და გიმნაზიისთვის. გერმანელთა სკოლა, სადაც 25 წელზე მეტი წარმატებით მოღვაწეობდა ყველა ტფილისელი გერმანელის მიერ დაფასებული მასწავლებელი ბატონი შულცი და კირხას ეზოში გახსნილი გერმანელთა 4-კლასიანი დიდად პოპულარული სამზრუნველო სკოლა(დირექტორი სტრუვე). ამ პერიოდში ტფილისში იხსნება სკოლა უსინათლოებისთვის და თავშესაფარი(ზედამხედველი ნადიოჟინი),, ციმბირში გაგზავნილთა შვილებისათვის“.
ტფილისში განათლების საქმეს დიდი სიყვარულით ეკიდებოდნენ იმდროინდელი ცნობილი პედაგოგები. 1886 წლის 25 ოქტომბერს დიდუბის ეკკლესიიდან გამოასვენეს და იქვე სასაფლაოზე დაკრძალეს ძალზედ განათლებული და შრომისმოყვარე, უანგარო პედაგოგი ე.ი. ქართველიშვილისა, ,,რომელსაც სასწავლებელი ოქროს მედლით დაესრულებია და ქალთა გიმნაზიაში მათემატიკას ასწავლიდა“. სიმღერის ცნობილი მასწავლებელი იყო ქალბატონი ვიარგო. სათავადაზნრო სკოლა-პანსიონს განსაკუთრებული სიყვარულით ეპყრობოდა კნეინა მარიამ ვახტანგის ასული ორბელიანი და მრავალი სხვა, თითქმის დავიწყებას მიცემული რჩეული ადამიანები. გიმნაზიის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს აჯილდოვებდნენ ოქროს და ვერცხლის ,,მენდალით“. ასე მაგალითად 1888 წელს ტფილისის მეორე ვაჟთა გიმნაზია ოქროს მედლით დაასრულეს გვაზავამ და ტერ-დავიდოვმა, კიდევ სამმა კი ვერცხლის მედლით. 1892 წელს იგივე გიმნაზია წარჩინებით დაასრულა შიო ჩიტაძემ. წარჩინებული მოწაფეები იყვნენ გელოვანი და ღამბაშიძე, პირველი გიმნაზიიდან გრძელიშვილი და გაბაშვილი. 1890 წელს ვერცხლის მედალი მიიღო პირველი გიმნაზიის კურსდამთავრებულმა ნიკოლოზ ტერ-მიქელოვმა. საქართველოს სხვადასხვა სასწავლებლების კურსდამთავრებულები სწავლას აგრძელებდნენ იმპერიის უმაღლეს სასწავლებლებში, სანკტ-პეტერბურგის, მოსკოვის, კიევის, ხარკოვის და სხვა ქალაქებში. 1892 წელს კიევის უნივერსიტეტში სწავლობდა 20 ქართველი ახალგაზრდა: ლორთქიფანიძე, შენგელია, ჯორჯიკია, თუმანიშვილი, ჩხენკელი, ხუნდაძე და სხვა.
საქართველოში იყო უმაღლესი სასწავლებლის, ,,კავკასიის უნივერსიტეტის“ დაარსების მცდელობა და ამ საქმის დასახმარებლად, რამოდენიმე წლის განმავლობაში ტფილისის საბჭოც აგროვებდა ფულს, რამაც 1890 წლისთვის 10 000 მანეთი შეადგინა. ქუთაისის თავად-აზნაურობამაც განაცხადა ფულადი დახმარების გაღების შესახებ, მაგრამ რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს წამოწყება მივიწყებულ იქნა.
ცხადია განათლების სისტემის სათავისოდ გამოყენებას მტერი ყოველთვის ცდილობს, რითვისაც შორს გათვლილ მზაკვრულ ხრიკებსაც არ თაკილობს, ასე იყო იმ პერიოდშიც, როცა 1864 წელს გამოაქვეყნეს ვინმე ბართოლომეოსის მიერ რუსული შრიფტით შედგენილი სვანური-,,ლუშნუ“ ანბანი“, შემდეგ 1887 წელს დაბეჭდეს უმაღლესი სამოსწავლო მთავრობასაგან დამტკიცებული მეგრული ანბანი. 1888 წელს ვიღაც ახალგაზრდა აფხაზმა აფხაზური ანბანი შეადგინა. მუშავდებოდა აზრი წოვა-თუშთათვის თავიანთი ანბანის შექმნისა. ყველა ამ განსაცდელს გადაურჩა ქართველი ხალხი და ქართული განათლების სისტემა.
განათლების დარგში წარმატებების და წინსვლის მიუხედავად ქართული მოწინავე აზრი წუხდა სასწავლებლების კურსდამთავრებულებს შორის ქართველთა და სკოლათა სიმცირის და საზოგადოდ განათლების დაბალი დონის გამო. ,,ახლა ყველა შეგნებული ერი სცდილობს მრავლად დააარსოს პირველი დასაწყისი სკოლა მაინც“. ,, ვისაც კი დაუვლია სოფლები გლეხთა შორის მეტი-მეტად იშვიათია წერა-კითხვის მცოდნე კაცი. ბევრგან თავად-აზნაურსაც ასეთივე გულგრილობა ეტყობათ, რომელთაც ხელის მოწერაც კი არ იციან.“
და ბოლოს მცირე სტატისტიკური მონაცემები:
1894 წელს სამხრეთ კავკასიის (,,აქეთ კავკასია") მოსახლეობა დაღესტანთან ერთად შეადგენდა 4,7 მილიონ მცხოვრებს.
არსებობდა 366 ,,პირველდაწყებითი" სკოლა, მათ შორის:
-ტფილისის გუბერნიაში (ზაქათალის ოლქით) -114 სკოლა , (ერთი სკოლა 7,7 ათასს მოსახლეზე);
ქუთაისის გუბერნია - 128 (ერთი სკოლა 7,2 ათასი);
ერევნის გუბერნია- 27 (ერთი სკოლა 24,7 ათასი);
განჯის მხარე-38 (ერთი სკოლა 19,2 ათასი);
ბაქოს გუბერნია-42 (ერთი სკოლა 185,5 ათასი);
ყარსი - 7 (?)
დაღესატანი - 10 (ერთი სკოლა 63,5 ათასი );
მოსწავლეთა საერთო რაოდენობა სულ - 23971; მათ შორის:
ქართველნი-11,607 ათასი (48,4%);
სომეხი-4,905 თასი (20,8%);
რუსი - 2,946 ათასი (12,3%);
თათრები (დღ.აზერბაიჯანელები)-1,604 ათასი (6,7%);
მთიულნი-429 (1,8%);
ებრაელნი-171 (0,7%);
სხვა-2,229 ათასი(9,3%)
სამოქალაქო ოლქის სასწავლებლები ტფილისის გუბერნია (ზაქათალის ოლქით) - 949,878 ათასი მცხოვრები. 8,112 ათასი მოსწავლე;
ქუთაისის გუბერნია - 923360 ათასი მცხოვრები, 9362 მოსწავლე;
განჯის გუბერნია - 72,8943 ათასი მცხოვრები, 2,111 ათასი მოსწავლე;
ბაქოს გუბერნია - 71,2703 ათასი მცხოვრები 1,872 ათასი მოსწავლე;
ერევნის გუბერნია - 67,0405 ათასი მცხოვრები 1,471 ათასი მოსწავლე.
ყველა მოსწავლეს, სტუდენტს, პროფესორ-მასწავლებელს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
ედიშერ ოდიშარია
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.